იმუნიზაციის ევროპული კვირეული ახლოვდება – ეს ის დროა, როდესაც კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეცვალა ვაქცინაციამ კაცობრიობის ისტორია. ხშირად გვგონია, რომ მეცნიერული პროგრესი მხოლოდ ლაბორატორიებში წყდება, თუმცა ისტორია გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ დიდი ცვლილებებისთვის მეცნიერების, საზოგადოებრივი ნდობისა და ერთი სწორი მაგალითის თანხვედრაა საჭირო.

დოქტორი ჯონას სოლკი თავის ლაბორატორიაში, 1950-იანი წლების დასაწყისში. ფოტოზე ასახულია მომენტი, როდესაც მეცნიერი აკვირდება სითხეს, რომელიც მოგვიანებით პოლიომიელიტის საწინააღმდეგო პირველი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა გახდა. სოლკის ეს თავდაუზოგავი შრომა კაცობრიობისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთი დაუჯერებელი ისტორია პოლიომიელიტზე – სენზე, რომელიც ოდესღაც მთელ მსოფლიოს აშინებდა და იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს შიში დაამარცხეს. ეს არის ამბავი ჯონას სოლკის თავდადებაზე, “რკინის ფილტვებში” გამოკეტილ ბავშვებსა და როკ-ენ-როლის მეფეზე, რომელმაც ვაქცინაცია მოდად აქცია.
1955 წლის 12 აპრილს დოქტორმა ჯონას სოლკმა გამოაცხადა, რომ მისი ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური იყო. ამან უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა მას ამით ფული არ უშოვია. 1982 წელს სოლკმა BBC-სთან თავის აღმოჩენაზე ისაუბრა.
“კაცობრიობამ მთელ თავის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ამბავი გაიგო”. ასე აღწერა ამერიკელმა რეპორტიორმა 1955 წლის აპრილის განცხადება იმის შესახებ, რომ დოქტორმა ჯონას სოლკმა.
პოლიომიელიტის ვაქცინა შექმნა. პოლიომიელიტი იყო დაავადება, რომლის საწინააღმდეგო წამალი მანამდე არ არსებობდა და ის ყველასთვის სახიფათო იყო. იმავე საღამოს ტელევიზიით სოლკს ჰკითხეს, თუ ვის ეკუთვნოდა პატენტი ვაქცინაზე. “ვიტყოდი, რომ ხალხს”, – უპასუხა მან. – “პატენტი არ არსებობს. განა შეიძლება მზის დაპატენტება?”
პოლიომიელიტი ჯანდაცვის უდიდესი პრობლემა იყო. 1952 წელს აშშ-ში დაავადების რეკორდული 57 628 შემთხვევა გამოვლინდა. ეს სენი სუნთქვისა და მოძრაობის უნარის დაკარგვას იწვევს. პაციენტები რკინის დიდ ყუთებში, “რკინის ფილტვებში” იწვნენ, რაც მათ სუნთქვაში ეხმარებოდა. ეს აპარატები და ბავშვების ფეხის დამჭერები პოლიომიელიტის სიმბოლოებად იქცა. ხალხს ზაფხულის დადგომის ეშინოდა, რადგან დაავადება სწორედ მაშინ ვრცელდებოდა ყველაზე მეტად.
ყველა მშობელმა იცოდა და ეშინოდა ამ სიმპტომების – ამბობს ჯოდი ზოგრანი, ექთანი, რომელიც იმ საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც სოლკის გუნდი ვაქცინას ქმნიდა. მან BBC-ს მოუყვა შემთხვევებზე, როცა
“პატარა ბიჭი, რომელიც წინა დღეს ფეხბურთს თამაშობდა, უცებ ამ რკინის აპარატში ხვდებოდა. მან არ იცოდა, რა ხდებოდა, ყვიროდა და თუ ფეხები ჯერ კიდევ უმუშავებდა, აპარატის კედლებს ურტყამდა”.
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების 1%-ზე ნაკლები მთავრდებოდა დამბლით, დაავადებულთა დიდი რაოდენობის გამო ბევრი ბავშვი მაინც “რკინის ფილტვებში” ხვდებოდა. ისინი იქ დღეების, თვეების ან წლების განმავლობაში იწვნენ. პაციენტები, რომლებსაც ზოგრანი უვლიდა, გადამდებები იყვნენ, ექთნებისთვის კი ერთადერთი დაცვა ხელების დაბანა იყო. “ხელებს ყოველ ჯერზე ვიბანდით, როცა პაციენტს ვეხებოდით. მახსოვს, საღამოს სახლში რომ მივდიოდი, ხელები სულ დახეთქილი და აწითლებული მქონდა”, – თქვა მან.

პაციენტები “რკინის ფილტვებში”
თუმცა პოლიომიელიტი ძირითადად ბავშვებს ერჩოდა, დაცული არავინ იყო. აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, ფრანკლინ რუზველტი, 1921 წელს, 39 წლის ასაკში დაავადდა. მან სიცოცხლის ბოლომდე სიარულის უნარი დაკარგა. პრეზიდენტობის დროს მან პოლიომიელიტთან ბრძოლა მთავარ მიზნად დაისახა და შექმნა საქველმოქმედო ფონდი “March of Dimes”. ფონდი რამდენიმე მდიდარი ადამიანის ნაცვლად ბევრი ხალხისგან ძალიან ცოტა ფულს აგროვებდა და ასე მილიონობით დოლარი შეაგროვა.
1940-იანი წლების ბოლოს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პოლიომიელიტი სისხლში ნაწლავებიდან ხვდებოდა. ამავე დროს, ვაქცინის შექმნას ორი მეცნიერი ცდილობდა განსხვავებული გზებით. დოქტორი ალბერტ სეიბინი ფიქრობდა, რომ საჭირო იყო ნელი და ფრთხილი მუშაობა. ის სულ ლაბორატორიაში იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებდა აღმოჩენებს.
სოლკი კი პირიქით, სწრაფად მუშაობდა. მას “March of Dimes” ეხმარებოდა, რადგან მათ შედეგი მალე უნდოდათ. სოლკი მუშაობდა ისე სწრაფად, როგორც დიდი კომპანიები მუშაობენ, რაც სხვა მეცნიერებს უკვირდათ. მთავარი განსხვავება ის იყო, რომ სოლკი მკვდარ ვირუსს იყენებდა ვაქცინისთვის, სეიბინი კი – დასუსტებულ, ცოცხალ ვირუსს.
ფონდის ფულმა სოლკს საშუალება მისცა, ლაბორატორია პირდაპირ საავადმყოფოში მოეწყო, სადაც ბევრი პაციენტი იყო. ექთნებს პაციენტების ანალიზები სარდაფში ჩაჰქონდათ, რომ მეცნიერებს ვირუსი შეესწავლათ. სოლკს უნდა დაემტკიცებინა, რომ ვაქცინა ორგანიზმს ბრძოლას ასწავლიდა.
როგორც მან 1982 წელს თქვა, ვაქცინის შექმნას დიდი მოთმინება დასჭირდა. “ჩანდა, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ აცრის გაკეთება შესაძლებელი იყო”, – განმარტა მან. – “საჭირო იყო ბევრი გზიდან სწორის არჩევა. მუშაობისას ბევრი ისეთი რამ მოხდა, რასაც არ ველოდით”. იყო თუ არა ჩიხები? “ჩიხი ჩემთვის ყოველთვის ახალი შესაძლებლობაა”, – უპასუხა სოლკმა. – “მოულოდნელ პრობლემას ყოველთვის ნიშნად ვიღებდი და მაშინვე სხვა გზას ვეძებდი”.
მისი თქმით, მთავარი შედეგი საკმაოდ სწრაფად დადგა, რადგან სხვების კვლევებმა გზა მოუმზადა. 1951-1952 წლებში ის უკვე მზად იყო ბავშვების ასაცრელად. 1954 წელს დიდი გამოცდა ჩაატარეს, 1955 წელს კი ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.
ის, რომ მან ვაქცინა თავის თავზე და ოჯახზე გამოსცადა, სიმართლეა. “რა თქმა უნდა”, – თქვა მან. – “ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუ საკუთარი თავის გჯერა”. 1952 წელს მან აცრა ცოლი, სამი შვილი და ლაბორატორიის თანამშრომლები. მისმა შვილმა, პიტერმა, გაიხსენა, როგორ მოვიდა მამა სახლში შპრიცებით, ნემსები ქვაბში გამოხარშა, ვაქცინა მოამზადა, ბავშვები მწკრივში დააყენა და აცრა.
იმისთვის, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, დიდი გამოცდა იყო საჭირო. 1954 წელს დაიწყო უდიდესი ექსპერიმენტი: 50 000 მასწავლებელი დაეხმარათ, რომ თითქმის ორი მილიონი ბავშვი აეცრათ. ერთი წელი სჭირდებოდათ პასუხების გადასამოწმებლად.
ამბავი 1955 წლის 12 აპრილს გამოცხადდა. მთელ ქვეყანაში ზარები რეკდნენ და ხალხი ქუჩაში სიხარულისგან ტიროდა. ერთ წელიწადში დაავადებულთა რიცხვი 60 000-დან 2 000-მდე შემცირდა. ათ წელიწადში კი პოლიომიელიტი ამერიკაში თითქმის გაქრა.
ვაქცინის წარმატების გამო სოლკი უცებ ძალიან ცნობილი გახდა. ის ფიქრობდა, რომ ხალხის ასეთი რეაქცია უფრო შიშის გაქრობით იყო გამოწვეული და არა მისი პირადი დამსახურებით. “ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო”, – უთხრა მან BBC-ს.
იმისთვის, რომ საქმეს არ მოწყვეტოდა, მან გადაწყვიტა, ამდენი ქება სერიოზულად არ მიეღო. მოგვიანებით მან კალიფორნიაში შექმნა “სოლკის ინსტიტუტი” – ადგილი საუკეთესო მეცნიერებისთვის. “ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანის შემოქმედებითი უნარი უნდა გამოჩენილიყო”, – თქვა მან.
რაც შეეხება ალბერტ სეიბინის ვაქცინას, ის დასალევი (ორალური) იყო და არა ნემსით გასაკეთებელი, რაც ბევრი ადამიანის ასაცრელად უფრო ადვილი იყო. ამ ვაქცინამ ჰოლივუდის სიმღერასაც კი მისცა ბიძგი. 1960-იან წლებში კომპოზიტორები ფილმ “მერი პოპინსისთვის” მუსიკას წერდნენ. ერთ-ერთმა გაიგო, რომ მის შვილს სკოლაში ვაქცინა მისცეს. “გეტკინა?” – ჰკითხა მამამ. “არა, შაქრის ნატეხზე დააწვეთეს და ისე შევჭამეო”, – უპასუხა შვილმა. ასე დაიწერა სიმღერა “ერთი კოვზი შაქარი წამლის გადაყლაპვას აადვილებს”.
ვაქცინა რომ იაფი ყოფილიყო, არც სეიბინს და არც სოლკს პატენტი არ აუღიათ ფულის საშოვნელად. “ბევრი მთხოვდა ამის გაკეთებას, მაგრამ არ მინდოდა”, – თქვა სეიბინმა. –
“ეს ჩემი საჩუქარია მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის”.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სოლკის ვაქცინა წარმატებით მუშაობდა, ალბერტ სეიბინი მაინც ცდილობდა თავისი, დასალევი ვაქცინის დამტკიცებას. იმ დროს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის “ცივი ომი” იყო და ქვეყნები ერთმანეთს ყველაფერში ეჯიბრებოდნენ. თუმცა, პოლიომიელიტი ორივე მხარისთვის საერთო მტერი აღმოჩნდა.
1950-იანი წლების ბოლოს, ამერიკელმა სეიბინმა თავისი ვაქცინის ნიმუშები საბჭოთა მეცნიერებს გაუგზავნა. ამან საოცარი შედეგი გამოიღო: საბჭოთა კავშირში ვაქცინა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და შედეგი ფანტასტიკური იყო. ეს იყო იშვიათი მომენტი ისტორიაში, როცა ორმა მტერმა ქვეყანამ პოლიტიკა გვერდზე გადადო და ხალხის გადასარჩენად გაერთიანდა. სწორედ ამ გლობალურმა თანამშრომლობამ გახადა შესაძლებელი, რომ დღეს პოლიომიელიტი თითქმის მთელ მსოფლიოში დამარცხებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის გამოგონებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მალევე ექიმები ახალი პრობლემის წინაშე

დადგნენ: ხალხს აცრა მაინც ეშინოდა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო თინეიჯერებში. მათ ეგონათ, რომ პოლიომიელიტი მხოლოდ პატარა ბავშვების სენი იყო და მათ არაფერი დაემართებოდათ. იმ დროს ამერიკელი ახალგაზრდების მხოლოდ 1 პროცენტზე ნაკლები იყო აცრილი.
ექიმები მიხვდნენ, რომ მხოლოდ მეცნიერული ლაპარაკი არ კმაროდა. საჭირო იყო ვინმე, ვისაც ახალგაზრდები ენდობოდნენ. სწორედ მაშინ გამოჩნდა ელვის პრესლი.
1956 წლის 28 ოქტომბერს, როცა ელვისი ქვეყნის ყველაზე პოპულარული მომღერალი იყო, ის ნიუ-იორკში, ცნობილ ტელეშოუში გამოსვლამდე კულისებში საჯაროდ აიცრა. ფოტოგრაფებმა გადაიღეს, როგორ უღიმოდა “როკ-ენ-როლის მეფე” ექიმს, სანამ ის ნემსს უკეთებდა. ამ ერთმა ფოტომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ათასობით სამედიცინო სტატიამ.
შედეგი დაუჯერებელი იყო. ელვისის აცრიდან სულ რამდენიმე თვეში ვაქცინაციის მაჩვენებელი 67 პროცენტამდე გაიზარდა. ახალგაზრდებისთვის აცრა უკვე “ტეხავდა” კი არა, პირიქით – მოდური გახდა, რადგან ელვისმა ასე თქვა.
სოლკის ვაქცინამ და ელვისის ამ ნაბიჯმა მსოფლიოს აჩვენა, რომ მეცნიერება და ხალხის ნდობა ერთად მუშაობს. 1960-იანი წლებისთვის პოლიომიელიტი, რომელიც ადრე ათასობით ბავშვს “რკინის ფილტვებში” კეტავდა, ამერიკაში თითქმის სრულად დამარცხდა. სოლკი მართალი იყო: როცა შესაძლებლობას სწორად გამოიყენებ, ყველაზე დიდი ჩიხიდანაც კი არსებობს გამოსავალი.
პოლიომიელიტის ისტორია: უძველესი ეგვიპტიდან სრულ დამარცხებამდე
უძველესი წარსული და პირველი აღმოჩენები
-
ძვ.წ. 1580–1350: ეგვიპტური სტელა გამოსახავს ქურუმს დაწვრილებული ფეხით. ეს მიანიშნებს, რომ პოლიო ათასწლეულების წინაც არსებობდა.
-
1789: ბრიტანელი ექიმი მაიკლ ანდერვუდი აკეთებს პირველ კლინიკურ აღწერას — “ქვედა კიდურების სისუსტე”.
-
1840: იაკობ ფონ ჰაინე ავითარებს თეორიას, რომ დაავადება გადამდებია.
-
1908: ავსტრიელი ექიმები კარლ ლანდშტაინერი და ერვინ პოპერი ვარაუდობენ, რომ პოლიოს ვირუსი იწვევს.
ვაქცინების ეპოქა (1940–1960)
-
1948: ენდერსმა, უელერმა და რობინსმა შეძლეს ვირუსის ლაბორატორიულად გაზრდა (ნობელის პრემია).
-
1955: ჯონას სოლკი ქმნის პირველ ინექციურ ვაქცინას (IPV).
-
1961: ალბერტ სეიბინი ქმნის დასალევ ვაქცინას (OPV), რომელიც გლობალური იმუნიზაციის საფუძველი ხდება.
გლობალური ბრძოლა (1970–1990)
-
1974: ჯანმო (WHO) ქმნის იმუნიზაციის გაფართოებულ პროგრამას (EPI).
-
1985: Rotary International იწყებს PolioPlus-ს — პირველ გლობალურ კერძო ინიციატივას.
-
1988: იწყება პოლიოს აღმოფხვრის გლობალური ინიციატივა (GPEI). ამ დროს პოლიო ყოველდღიურად 1000 ბავშვს აპარალიზებდა.
გამარჯვების გზაზე (1990–დღემდე)
-
1991: ველური პოლიოს ბოლო შემთხვევა ამერიკის კონტინენტზე (პერუ).
-
1994: ამერიკის რეგიონი ოფიციალურად გამოცხადდა პოლიოსგან თავისუფლად.
-
1996: ნელსონ მანდელა იწყებს კამპანიას “გავაგდოთ პოლიო აფრიკიდან”.
-
2002: საქართველო და ევროპის რეგიონი ოფიციალურად სერტიფიცირდა, როგორც პოლიოსგან თავისუფალი ზონა.
-
2014: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი გამოცხადდა პოლიოსგან თავისუფლად.
-
2016: მსოფლიო მასშტაბით გადასვლა უფრო ეფექტურ ბივალენტურ ვაქცინაზე.
- დღეს: ველური პოლიომიელიტი ფიქსირდება მხოლოდ ორ ქვეყანაში – პაკისტანში და ავღანეთში.
ვინაიდან პოლიომიელიტი საბოლოოდ არაა ჯერ აღმოფხვრილი, მის წინააღმდეგ ბავშვები კიდევ იცრებიან. საქართველოს ეროვნული იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით, ბავშვები იცრებიან უსაფრთხო, კომბინირებული ვაქცინებით შემდეგი სქემით:
-
2, 3 და 4 თვის ასაკში: ე.წ. „ჰექსა“ ვაქცინით, რომელიც პოლიომიელიტთან ერთად დამატებით 5 ინფექციისგან იცავს ბავშვს.
-
18 თვის და 5 წლის ასაკში: დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსისა და პოლიომიელიტის კომბინირებული ვაქცინით.




