ბანგლადეშმა დაიწყო გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანია, რომელიც მილიონზე მეტი ბავშვის მოცვას ისახავს მიზნად, რადგან ქვეყნის მასშტაბით წითელას სწრაფად მზარდი ეპიდემია ვრცელდება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის წითელათი გარდაცვალების 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 113 სავარაუდო ლეტალური შემთხვევა და 7500-ზე მეტი სავარაუდო ინფექციაა აღრიცხული. ერთობლივი პრესრელიზის თანახმად, კამპანია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi) მხარდაჭერით ხელმძღვანელობს, 18 მაღალი რისკის მქონე რაიონში უკვე დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭებათ ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც გამოტოვა რუტინული იმუნიზაცია და მძიმე გართულებების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ბანგლადეშში, რანა ფლაუერსი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ღრმად არის შეშფოთებული წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდით, რაც ათასობით ბავშვს, განსაკუთრებით კი ყველაზე მცირეწლოვან და მოწყვლად ჯგუფებს, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს; მისივე თქმით, დაავადების ეს დაბრუნება მოსახლეობის იმუნიტეტში არსებულ კრიტიკულ ხარვეზებზე მიუთითებს. ეპიდემიოლოგიურ სურათს ართულებს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე მძიმედ დაზარალებულ რეგიონში საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია და შეზღუდული რესურსებით მუშაობს, რაც დაავადების შემდგომი გავრცელების რისკებს კიდევ უფრო ზრდის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ეპიდემია, რომელიც ამჟამად ბანგლადეშის 64-დან 56 რაიონს მოიცავს, მომდევნო დღეებშიც გააგრძელებს გავრცელებას, თუმცა ვაქცინაციის კამპანიის დაწყების შემდეგ ის სავარაუდოდ მალევე შეიზღუდება. ჯანმო-ს წარმომადგენელი ბანგლადეშში, დოქტორი აჰმედ ჯამშიდ მოჰამედი აღნიშნავს, რომ ეს კამპანია ახალგაზრდების სიცოცხლის შემდგომი ტრაგიკული დანაკარგის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ოფიციალური პირების განმარტებით, გადაუდებელი ვაქცინაციის ეს მასშტაბური ღონისძიება რუტინულ იმუნიზაციის ძალისხმევას შეავსებს, რათა ხელისუფლებამ ეპიდემიის სრულად კონტროლი შეძლოს.




