ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა ოფისმა ოფიციალურად შეარჩია “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაცია“ (GeoWell) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინოვაციების პლატფორმის (Public Health Innovation Platform) მონაწილე ორგანიზაციად.
ასოციაცია ჩაერთვება პლატფორმის ერთ-ერთ საკვანძო სამუშაო ჯგუფში — Emerging Health Challenges, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამედროვე და სამომავლო გამოწვევების მართვაზეა ფოკუსირებული. აღნიშნული მიმართულება მოიცავს ინფექციურ დაავადებებს, ქრონიკულ პათოლოგიებს, კლიმატის ცვლილების გავლენას ჯანმრთელობაზე და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას.
პლატფორმის ფარგლებში ასოციაციის საქმიანობა მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:
-
პრაქტიკული გამოცდილებისა და კვლევითი მტკიცებულებების გაზიარება საერთაშორისო ფორმატში;
-
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არსებული ინოვაციური გადაწყვეტილებების შეფასება და მათი ვალიდაცია;
-
ინოვაციების მასშტაბირებისა და დანერგვის რეკომენდაციების შემუშავება;
-
პოლიტიკის დოკუმენტების (Evidence briefs), ტექნიკური მიმოხილვებისა და პრაქტიკული გზამკვლევების მომზადება.
სამუშაო ჯგუფები მჭიდრო კოორდინაციით ითანამშრომლებენ WHO-ს ევროპის რეგიონულ ოფისთან და ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფთან. თანამშრომლობა დაეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომა, თანასწორობა და გამჭვირვალობა.
ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმების პროცესი დასრულებულია, GeoWell მალე სრულფასოვნად შეუდგება საქმიანობას პლატფორმის თემატურ ჯგუფში.




