2025 წლის 14 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის (GeoWell) ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: “გადაუდებელი მდგომარეობები ექიმის პრაქტიკაში – პრევენციიდან მართვამდე“.
ღონისძიებამ თბილისში მოქმედი სხვადასხვა პროფილის ექიმები, ექთნები და სამედიცინო სფეროს სპეციალისტები გააერთიანა. შეხვედრის მთავარი მიზანი ამბულატორიულ პრაქტიკაში კრიზისული სიტუაციების მართვის სტანდარტების დახვეწა და სამედიცინო პერსონალის მზაობის გაზრდა იყო.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია აკრედიტებული იყო და სტომატოლოგიური მიმართულების ექიმებს უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) 6 ქულა მიენიჭათ.
ჯანსაღი დიალოგი და დარგის გამოწვევები
ღონისძიება პანელური დისკუსიით — „ჯანსაღი დიალოგი“ გაიხსნა, სადაც მოდერატორმა, ალექსანდრე ჩხიკვიშვილმა, და მოწვეულმა სტუმრებმა მულტიპროფილურ პრაქტიკაში არსებული რისკები განიხილეს.
პროფესორმა ლელა სტურუამ, პარამედიკოსმა ირაკლი ხეჩიკავშვილმა და იურისტმა ნათია ჯალიაშვილმა ერთად, დეტალურად ისაუბრეს ექიმის იურიდიულ და ეთიკურ პასუხისმგებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გუნდური მუშაობის მნიშვნელობაზე კრიზისულ სიტუაციებში, რაც ხშირად პაციენტის გადარჩენის გადამწყვეტი ფაქტორია.
კლინიკური ნაწილი: ალერგია და გადაუდებელი დახმარება
დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ალერგიული რეაქციების მართვას. ცნობილმა ალერგოლოგ-იმუნოლოგებმა, ბიძინა კულუმბეგოვმა და ნინო ლომიძემ, დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს უახლესი პროტოკოლები ანაფილაქსიური შოკის ამოცნობასა და დიფერენციულ დიაგნოსტიკაზე სხვადასხვა კლინიკურ სპეციალობაში.
კონფერენციის პრაქტიკულ ბლოკს უძღვებოდა პირველადი დახმარების ტრენერი ირაკლი ხეჩიკაშვილი. მან დეტალურად მიმოიხილა ისეთი ხშირი გადაუდებელი მდგომარეობები.
მონაწილეებმა განიხილეს სამედიცინო დაწესებულებისთვის აუცილებელი „წითელი ჩანთის“ კომპლექტაცია და სიმულაციური სცენარების მეშვეობით გაიარეს 112-თან კომუნიკაციისა და გუნდური რეაგირების ალგორითმები.
ინფექციური უსაფრთხოება
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ინფექციონისტმა მარიკა წერეთელმა ანტიბიოტიკებთან ასოცირებულ ალერგიულ რეაქციებზე ისაუბრა, ხოლო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა სისხლით გადაცემადი ინფექციების პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკის საკითხები შეაჯამა.
GeoWell აგრძელებს სამედიცინო საზოგადოების მხარდაჭერას და უახლოეს მომავალში გეგმავს კიდევ არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებას ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.




