ჯანმრთელობის მდგომარეობათა დეფინიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი განსაზღვრავს დიაგნოზს, მხარდაჭერას, მკურნალობასა და სამომავლო კვლევებს. დისლექსიამ ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ პირველი ოფიციალური დეფინიციის განახლება მიიღო, და ეს განახლება მასშტაბურია.
დისლექსია არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინში ინფორმაციის გადამუშავებაზე: მის მქონე ადამიანებს შესაძლოა უჭირდეთ მიწოდებული ინფორმაციის დამახსოვრება და დამუშავება, რაც შეიძლება გამოვლინდეს კითხვის, წერისა და გამოთქმის სირთულეებში.
განახლებული დეფინიცია, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Annals of Dyslexia და მომზადდა აშშ-ის მკვლევართა მიერ, ამ მდგომარეობის 15-ზე მეტ საერთაშორისო ექსპერტთან კონსულტაციის შედეგია და ასახავს ბოლოდროინდელ პროგრესს ჩვენს ცოდნაში იმის შესახებ, თუ რა არის დისლექსია.
ერთ-ერთი უდიდესი ცვლილება აქ არის IQ ტესტების ამოღება დისლექსიის შეფასებიდან. მანამდე, იმისათვის, რომ ვინმესთვის დისლექსიის დიაგნოზი დაესვათ, საჭირო იყო 15-ქულიანი სხვაობა კითხვის ტესტის ქულასა და სტანდარტიზებულ IQ ტესტში მიღებულ ქულას შორის – რაც არსებითად აჩვენებდა, რომ მათი კითხვა უჩვეულოდ სუსტი იყო მათ ზოგად ინტელექტთან შედარებით.
“უამრავი ბავშვი იყო, რომელიც ძალიან უახლოვდებოდა ამ განსაზღვრებას, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულა აკლდებოდა ამ 15-ქულიან სხვაობამდე“, – ამბობს ტეხასის A&M უნივერსიტეტის განათლების ფსიქოლოგი რ. მალატეშა ჯოში (R. Malatesha Joshi). “ამის გამო მათ დამატებით დახმარებას აღარ აძლევდნენ“.
“ჩვენ ამოვიღეთ ტვინზე დაფუძნებული შინაარსი, რათა ხალხმა არ იფიქროს, რომ მათ ტვინს რაიმე სჭირს, თუკი კითხვა არ შეუძლიათ ან დისლექსია აქვთ“.
მანამდე ადამიანი დისლექსიით, რომელიც ნორმაზე დაბალ ქულას იღებდა როგორც კითხვაში, ისე IQ-ში, შესაძლოა არ იდენტიფიცირებულიყო როგორც ამ მდგომარეობის მქონე. “ტვინზე ორიენტირებული შინაარსის“ განტოლებიდან ამოღებით, ეს მიდგომა მოიცავს უფრო მეტ ადამიანს, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება.
თუმცა ეს იზოლირებულად არ განიხილება – დროთა განმავლობაში, სწავლების შემდეგ კითხვისა და მართლწერის განვითარებასაც აქვს მნიშვნელობა. ახალი დეფინიციის ავტორები ამბობენ, რომ IQ ტესტები აღარ უნდა იყოს საჭირო და რომ კითხვის შეფასებები თავისთავად ბევრად უფრო სასარგებლოა.
“იმის გამო, რომ წინა დეფინიცია ასე ძლიერად უსვამდა ხაზს IQ ტესტებს, ყველა შტატი და სკოლა მათ იყენებდა დიაგნოსტიკისთვის, და იმედია, ეს იქნება ერთ-ერთი დიდი ცვლილება, რომელსაც ვიხილავთ“, – ამბობს ჯოში.
განახლებული დეფინიცია ასევე უფრო ფართოა, როდესაც საქმე დისლექსიის გამომწვევ მიზეზებს ეხება. ძველი სახელმძღვანელოები მიუთითებდნენ, რომ მდგომარეობა იყო “ნეირობიოლოგიური წარმოშობის“, და მიუხედავად იმისა, რომ ეს არსად გამქრალა, ახლა ასევე მოხსენიებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა და გარემო ზემოქმედება.
უფრო მეტი წონა ენიჭება ასევე კვლევებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ინგლისური არ არის ძირითადი ენა. ინგლისური გარკვეულწილად გამონაკლისია იმის მხრივ, თუ რამდენად რთულია მასში მართლწერისა და ბგერების გაგება – მაგალითად, სიტყვებით “cough“, “rough“ და “plough“ – რაც გასათვალისწინებელია სხვა ენებთან შედარებით დისლექსიის შეფასებისას.
„თუ გადახედავთ საერთაშორისო დისლექსიის ასოციაციის კომიტეტის წევრებს 2002 წელს, იქ ბევრი პატივსაცემი პიროვნებაა, და თითოეული მათგანი კავკასიოიდი (თეთრკანიანი) მამაკაცია, ერთი ქალის გამოკლებით“, – ამბობს ჯოში. “2002 წლიდან ჩვენ მივიღეთ მეტი კვლევითი მიგნება დისლექსიაზე ისეთ ენებში, როგორიცაა ჩინური, იაპონური, ებრაული და არაბული“.
ახალი სარეკომენდაციო დოკუმენტის კიდევ ერთი საკვანძო კომპონენტია აქცენტი ადრეულ ჩარევაზე. რაც უფრო ადრე მოხდება დისლექსიის შემჩნევა და რაც უფრო სწრაფად ამოქმედდება სპეციალიზებული მხარდაჭერა, მით უკეთესია. მეტყველების სირთულეები ან ლაპარაკის დაგვიანებით დაწყება დისლექსიის პოტენციური ინდიკატორებია, თუმცა ისინი არ იძლევა გარანტიას, რომ ბავშვს ეს მდგომარეობა ნამდვილად აქვს.
“შეიძლება არსებობდეს ნიშნები იმისა, რომ ბავშვს აქვს დისლექსია მანამ, სანამ ის საკლასო ოთახში შევა“, – ამბობს ჯოში. “არსებობს კონკრეტული სავარჯიშოები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ადრეულ ეტაპზე, და არის გარკვეული ასპექტები საკლასო ოთახში, რასაც ხაზი უნდა გაუსვათ და მეტი კონცენტრაცია მოახდინოთ“.
ეს ახალი დეფინიცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და არა საბოლოო დოგმა, თუმცა მის უკან მდგომი გუნდი იმედოვნებს, რომ ის მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს იმაში, თუ როგორ აღიქვამენ ამ მდგომარეობას სკოლები, ჯანდაცვის სპეციალისტები და სახელმწიფოები – და გააუმჯობესებს დახმარებას დისლექსიის მქონე ადამიანებისთვის.
“წინა დეფინიცია კარგი განსაზღვრება იყო იმ დროის კვლევებზე დაყრდნობით, მაგრამ ვფიქრობ, მისი ზოგიერთი ყველაზე დიდი სისუსტე იყო ტვინის ფუნქციონირებაზე გადამეტებული აქცენტი და ის, რომ იგი ძირითადად ინგლისურ ან დასავლეთევროპულ ანბანურ დამწერლობის სისტემებს ეფუძნებოდა“, – ამბობს ჯოში. “ეს იმსახურებს ყურადღებას, რადგან 2002 წლის შემდეგ განახლება არ ყოფილა“.
კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Annals of Dyslexia.




