მაღალი არტერიული წნევა ხშირად წლების განმავლობაში არ იწვევს შესამჩნევ სიმპტომებს. ახალმა მასშტაბურმა კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად ხშირად რჩება ჰიპერტენზია შეუმჩნეველი.
Oxford Population Health-ის მკვლევრებმა ინგლისში მიმდინარე Our Future Health-ის კვლევის დაახლოებით 1.4 მილიონი ზრდასრულის მონაცემები გააანალიზეს. მონაწილეები პროგრამაში 2022-2025 წლებში ჩაერთნენ.
ჰიპერტენზიად ჩაითვალა სისტოლური წნევა 140 მმ.ვწყ.სვ. ან მეტი, დიასტოლური წნევა 90 მმ.ვწყ.სვ. ან მეტი, ან არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტების მიღება.
მონაწილეთა 37% ამ კრიტერიუმებით ჰიპერტენზიის მქონე აღმოჩნდა. ასაკთან ერთად გავრცელება მკვეთრად იზრდებოდა – მაღალი წნევა ჰქონდა 18-39 წლის ადამიანების დაახლოებით 15%-ს და 80 წლისა და უფროსი ასაკის მონაწილეთა 71%-ს.
ყველაზე საყურადღებო შედეგი კი დიაგნოსტიკას შეეხებოდა: ჰიპერტენზიის მქონე მონაწილეთა 59%-ს მანამდე დიაგნოზი არ ჰქონდა დასმული და არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს არ იღებდა.
პრობლემა მხოლოდ დიაგნოსტიკა არ აღმოჩნდა. მათ შორის, ვინც უკვე იღებდა ერთ ან მეტ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს, დაახლოებით ნახევარს გაზომვისას არტერიული წნევა კვლავ 140/90 მმ.ვწყ.სვ. ან მეტი ჰქონდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
ჰიპერტენზიას ხშირად “ჩუმ“ მდგომარეობას უწოდებენ, რადგან ადამიანს შეიძლება მაღალი წნევა ჰქონდეს და თავს სრულიად ნორმალურად გრძნობდეს. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივად მომატებული არტერიული წნევა ზრდის ინსულტის, ინფარქტის, გულის უკმარისობისა და თირკმლის დაავადების რისკს.
ამიტომ მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობა საკმარისი არ არის – არტერიული წნევის პერიოდული გაზომვა მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც ადამიანი თავს კარგად გრძნობს.
კვლევას მნიშვნელოვანი შეზღუდვაც აქვს: ეს იყო ჯვარდეინ-სექციური ანალიზი და კვლევის ფარგლებში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი ავტომატურად არ უდრის კლინიკურად დადასტურებულ ჰიპერტენზიას. დიაგნოზის დასადასტურებლად ჩვეულებრივ საჭიროა განმეორებითი ან სახლის/24-საათიანი მონიტორინგით ჩატარებული გაზომვები.




