აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა, ბურუნდი, უცნობი დაავადების გავრცელებას ებრძვის, რომელმაც უკვე ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ჯანდაცვის ადგილობრივი სამინისტრო ცდილობენ დაადგინონ გამომწვევი მიზეზი, ანალიზების ნაწილი კი მეზობელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლაბორატორიებში იგზავნება.
ამჟამად დაფიქსირებულია ინფიცირების 35 შემთხვევა. დაავადების პირველი შემთხვევები 31 მარტს გამოვლინდა. საინტერესოა, რომ შემთხვევების უმეტესობა ერთი ოჯახის წევრებსა და მათ ახლო კონტაქტებს შორის გამოვლინდა.
პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:
-
ცხელება, პირღებინება და დიარეა;
-
სისხლი შარდში;
-
ძლიერი დაღლილობა და მუცლის ტკივილი;
-
მძიმე შემთხვევებში — სიყვითლე და ანემია (სისხლნაკლებობა).
მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომები ბევრ სახიფათო ინფექციას ახასიათებს, ლაბორატორიულმა კვლევებმა ყველაზე სავარაუდო “კანდიდატები” უკვე გამორიცხა. ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა შემდეგ დაავადებებზე:
-
ებოლა და მარბურგის ვირუსი: მწვავე ჰემორაგიული (სისხლდენით მიმდინარე) ცხელებები.
-
ყვითელი ცხელება და რიფტ-ველის ცხელება.
-
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება.
“მიუხედავად იმისა, რომ ამ მძიმე ინფექციების გამორიცხვა დამამშვიდებელია, კვლევები გრძელდება დაავადების ნამდვილი მიზეზის დასადგენად,” — განაცხადა ბურუნდის ჯანდაცვის მინისტრმა, დოქტორ ლიდვინ ბადარაჰანამ.
ბურუნდისთვის ინფექციური დაავადებები სერიოზული გამოწვევაა. ქვეყანაში გავრცელებულია მალარია, ტუბერკულოზი, აივ/შიდსი და ქოლერა. გარდა ამისა, ბოლო დროს რეგიონში დაფიქსირდა mpox-ის (ე.წ. მაიმუნის ყვავილის) აფეთქებაც.
იდენტიფიცირებულ და შესწავლილ დაავადებასთან ბრძოლა ერთია, ხოლო სრულიად უცნობ პათოგენთან (დაავადების გამომწვევი აგენტი – ვირუსი, ბაქტერია) შეჯახება – მეორე. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ვირომი (დედამიწაზე არსებული ყველა ვირუსის ერთობლიობა) ჯერ კიდევ დიდწილად შეუსწავლელია.
ჯერჯერობით უცნობია, ბურუნდიში გავრცელებული სენი უკვე ცნობილი დაავადების ახალი ფორმაა თუ სრულიად ახალი საფრთხე, რომელსაც მეცნიერები ჯერ არ შეხვედრიან.




