ფარმაცევტულმა კომპანიებმა, Merck-მა და Moderna-მ, გამოაცხადეს მესამე ფაზის კლინიკური კვლევის პირველადი შედეგები, რომლებიც ეხება კანის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის, მელანომის სამკურნალოდ შექმნილ პერსონალიზებულ mRNA ვაქცინას (intismeran). მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ვაქცინისა და იმუნოთერაპიული პრეპარატის, პემბროლიზუმაბის (Keytruda) კომბინაციამ შეამცირა დაავადების რეციდივის რისკი იმ პაციენტებში, რომლებსაც სიმსივნე ქირურგიულად სრულად ჰქონდათ ამოკვეთილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ონკოლოგიურმა პერსონალიზებულმა mRNA პრეპარატმა გვიანი, მესამე ფაზის კვლევაში დადებითი მაჩვენებლები აჩვენა.
კლინიკური კვლევის სტრუქტურა და შედეგები
კვლევაში მონაწილეობა მიიღო მაღალი რისკის ან შორსწასული მელანომის მქონე 1100-ზე მეტმა პაციენტმა. ცდისპირები ორ ჯგუფად გაიყვნენ: ერთმა ნაწილმა მიიღო პერსონალიზებული ვაქცინა და იმუნოთერაპიული მედიკამენტი პემბროლიზუმაბი, ხოლო მეორე ნაწილს მხოლოდ პემბროლიზუმაბით მკურნალობდნენ, რაც მელანომის მკურნალობის სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს.
კვლევის ძირითადი მიზანი იყო პაციენტების რეციდივის გარეშე გადარჩენის ვადის შეფასება. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ კომბინირებულმა თერაპიამ მნიშვნელოვნად გაზარდა დრო დაავადების ხელახალ გამოვლენამდე, შეამცირა სიმსივნის დაბრუნების ალბათობა და ასევე შეამცირა მეტასტაზების გავრცელების რისკი სხეულის დაშორებულ ორგანოებში. მკვლევართა ცნობით, პრეპარატის გვერდითი მოვლენები სტანდარტული ვაქცინების მსგავსი იყო და პაციენტებში კარგად გადაიტანებოდა.
ამ თემაზე წაიკითხეტ ჩვენი ძველი სტატია:
Moderna-ს და Merck-ის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა: 5-წლიანი კვლევა შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს
მოქმედების მექანიზმი: როგორ მუშაობს პერსონალიზებული ვაქცინა
ვაქცინა არ ემსახურება სიმსივნის პირველად პრევენციას, მისი დანიშნულებაა უკვე განვითარებული და ქირურგიულად ამოკვეთილი დაავადების რეციდივის თავიდან აცილება. პრეპარატის შექმნის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
-
გენეტიკური სეკვენირება: თავდაპირველად ხდება კონკრეტული პაციენტის სიმსივნური ქსოვილის გენეტიკური ანალიზი, რათა დადგინდეს მასში არსებული უნიკალური მუტაციები.
-
ნეოანტიგენების იდენტიფიცირება: მუტაციების შედეგად სიმსივნური უჯრედები წარმოქმნიან არანორმალურ ცილებს, ე.წ. ნეოანტიგენებს, რომლებიც უჯრედის ზედაპირზე უცხო მარკერებად ფიქსირდება.
-
ალგორითმული შერჩევა: Moderna იყენებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს იმ ნეოანტიგენების გამოსათვლელად, რომლებიც იმუნური სისტემის ყველაზე ძლიერ პასუხს გამოიწვევს, რის შემდეგაც შერჩეული მარკერები ინდივიდუალურ ვაქცინაში ერთიანდება.
-
იმუნური პასუხის აქტივაცია: ორგანიზმში შეყვანილი mRNA აწვდის უჯრედებს ინსტრუქციას, გამოიმუშაონ ეს ნეოანტიგენები, რაც იმუნურ სისტემას ასწავლის პაციენტის კონკრეტული სიმსივნური უჯრედების ამოცნობას.
-
იმუნოთერაპიასთან შეთავსება: პემბროლიზუმაბთან ერთად გამოყენებისას იმუნური სისტემა უფრო ეფექტურად აგრძელებს დარჩენილი ან მოცირკულირე კიბოს უჯრედების განადგურებას.
ონკოლოგიაში პერსონალიზებული მიდგომა აქამდე ძირითადად გულისხმობდა საერთო გენეტიკური მუტაციების იდენტიფიცირებას და მათზე მორგებული წამლის შერჩევას (მაგალითად, BRAF მუტაცია, რომელიც მელანომის შემთხვევების დაახლოებით 50%-ში გვხვდება). მოცემულ შემთხვევაში კი თითოეული პაციენტისთვის უნიკალური გენეტიკური შემადგენლობის პრეპარატი იქმნება.
არსებული გამოწვევები და შეზღუდვები
მიუხედავად დადებითი პირველადი მონაცემებისა, მკვლევრები რამდენიმე მნიშვნელოვან სირთულეს გამოყოფენ:
-
წარმოების ხანგრძლივობა: სიმსივნის ნიმუშის აღებიდან ინდივიდუალური ვაქცინის დამზადებამდე რამდენიმე თვეა საჭირო, რაც შორსწასული და სწრაფად პროგრესირებადი დაავადების მქონე ზოგიერთი პაციენტისთვის შესაძლოა დაგვიანებული აღმოჩნდეს.
-
გრძელვადიანი დაკვირვების აუცილებლობა: ავსტრალიის ჰოლივუდის კერძო ჰოსპიტალის ონკოლოგის, ადნან ხატაკის განცხადებით, საჭიროა პაციენტებზე მრავალწლიანი დაკვირვება, რათა ზუსტად განისაზღვროს, რამდენად ზრდის თერაპია სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობას.
-
კვლევაში ჩართვის სირთულეები: ცდების მიმდინარეობისას გარკვეულ ცენტრებში მონაწილეთა შეგროვება გართულდა COVID-19 mRNA ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამო.
სხვა მიმართულებები და მიმდინარე კვლევები
პერსონალიზებული ვაქცინების პრინციპი სხვა ონკოლოგიურ დაავადებებზეც იტესტება. Merck და Moderna ატარებენ პირველი ფაზის კვლევებს პანკრეასის, კუჭის, ფილტვის, შარდის ბუშტისა და თირკმლის უჯრედოვანი კიბოს მიმართულებით.
პარალელურად, ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech მუშაობს პერსონალიზებულ ვაქცინებზე კოლორექტალური, პანკრეასისა და სამმაგად ნეგატიური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. ჩინური კომპანია Shenzhen Xinhe Biomedical კი ატარებს კვლევებს კუჭისა და ღვიძლის კიბოს პერსონალიზებული ვაქცინების მიმართულებით. სამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია LifeArc-ის ხელმძღვანელის, სემ ბარელის შეფასებით, მიღებული გამოცდილება შესაძლოა გამოყენებულ იქნას იშვიათი გენეტიკური დაავადებების ინდივიდუალური თერაპიების განვითარებისთვისაც.
შემდგომი ნაბიჯები და საბაზრო რეაქცია
კომპანიები კვლევის დეტალურ მონაცემებს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე წარადგენენ, ხოლო მარეგულირებელ ორგანოებთან პრეპარატის უსაფრთხოებასა და დამტკიცების პროცედურებზე კონსულტაციები უახლოეს თვეებში დაიწყება.
მესამე ფაზის შედეგების გამოქვეყნებას ფინანსურ ბაზარზეც მოჰყვა გამოხმაურება. სავაჭრო სესიაზე Merck-ის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Moderna-ს აქციებმა დაახლოებით 177%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც ამ ტიპის თერაპიის მიმართ არსებულ ინტერესსა და გვიანი ფაზის კვლევის შედეგების მნიშვნელობაზე მიუთითებს. კვლევა გრძელდება სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობის საბოლოო მაჩვენებლების შესაფასებლად.




