მსოფლიოში სამედიცინო დაწესებულებების მხოლოდ 40% აკმაყოფილებს სანიტარიის საბაზისო სტანდარტს. ამის შესახებ WHO-სა და UNICEF-ის ახალ ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2015-2025 წლებში წყლის, სანიტარიის, ჰიგიენის, დასუფთავებისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის მდგომარეობას აფასებს.
2025 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებების 85%-ს წყლის საბაზისო მომსახურება ჰქონდა, 72% აკმაყოფილებდა ხელების ჰიგიენის მოთხოვნებს, ხოლო 71% – სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო მართვის სტანდარტს. გაცილებით დაბალი იყო გარემოს სათანადო დასუფთავების მაჩვენებელი – 59%, სანიტარიის სრული საბაზისო სტანდარტი კი მხოლოდ 40%-მა დააკმაყოფილა.
თუმცა 40%-იანი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ დანარჩენ დაწესებულებებს სანიტარული კვანძი საერთოდ არ აქვთ. WHO-სა და UNICEF-ის მონაცემებით, მსოფლიოში სამედიცინო დაწესებულებების 89%-ს სანიტარიის გარკვეული ფორმა აქვს, 85%-ში კი გამოსაყენებელი ტუალეტია. პრობლემა ისაა, რომ “საბაზისო სანიტარიის“ სტატუსის მისაღებად მხოლოდ საპირფარეშოს არსებობა საკმარისი არ არის.
სტანდარტის მიხედვით, სანიტარული კვანძი/საპირფარეშო უნდა იყოს გამართული, ხელმისაწვდომი და პირადი სივრცის დაცვას უზრუნველყოფდეს. ასევე საჭიროა თანამშრომლებისთვის ცალკე ტუალეტი, ქალებისა და კაცებისთვის განცალკევებული სივრცეები, მენსტრუალური ჰიგიენისთვის საჭირო პირობები და მინიმუმ ერთი ტუალეტი, რომლითაც შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანი შეძლებს სარგებლობას.
ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებების მხოლოდ დაახლოებით ნახევარს აქვს ქალებისა და კაცებისთვის სათანადოდ განცალკევებული ტუალეტები, შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებული სივრცეები ან მენსტრუალური ჰიგიენისთვის აუცილებელი პირობები. სწორედ ბოლო ორი პრობლემა არის ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც დაწესებულებები სანიტარიის საბაზისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ.
პრობლემად რჩება დასუფთავებაც. საბაზისო სტანდარტი გულისხმობს როგორც დაწერილი დასუფთავების წესების არსებობას, ისე შესაბამისი მომზადების მქონე პერსონალს. ამ ორივე მოთხოვნას დაწესებულებების მხოლოდ 59% აკმაყოფილებდა. 18%-ში კი არც სათანადო პროტოკოლები არსებობდა და არც გადამზადებული პერსონალი. ასეთი დაწესებულებები დაახლოებით 1.5 მილიარდ ადამიანს ემსახურება. ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში დასუფთავების საბაზისო სტანდარტს მხოლოდ 24% აკმაყოფილებდა.
ეს საკითხები მხოლოდ კომფორტს არ ეხება. წყლის, ხელების ჰიგიენის, დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის არასაკმარისი პირობები ზრდის სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების რისკს და ხელს უწყობს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზრდას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო პირობებს მშობიარობისას, ახალშობილებისა და ბავშვების მოვლის დროს.
2015 წლიდან პროგრესი წყლის, ხელების ჰიგიენისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით დაფიქსირდა, ყველაზე დიდი გაუმჯობესება კი ხელების ჰიგიენის სფეროში იყო. მიუხედავად ამისა, დაახლოებით ყოველი მეათე სამედიცინო დაწესებულება ჯერ კიდევ საერთოდ წყლის გარეშე მუშაობს და დაახლოებით ამდენივეს არ აქვს სანიტარიის მომსახურება.
WHO და UNICEF ხაზს უსვამენ, რომ სამედიცინო დაწესებულებების შეფასებისას მხოლოდ ინფრასტრუქტურის არსებობის შეფასება აღარ არის საკმარისი. საჭიროა იმის შემოწმებაც, რეალურად მუშაობს თუ არა სისტემა, არის თუ არა სუფთა, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი.




