ექსპერიმენტულმა სისხლის ტესტმა კვლევაში მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს მაღალი სიზუსტით გამოვლენასთან ერთად კიბოსწინარე დაზიანებების მნიშვნელოვანი ნაწილიც აღმოაჩინა. შედეგები The Lancet Gastroenterology & Hepatology-ში გამოქვეყნდა.
DENEB-ის სახელით ცნობილ საერთაშორისო კვლევაში მეცნიერებმა სისხლში არსებული მიკრო-რნმ-ის მოლეკულები შეისწავლეს. ეს მცირე მოლეკულები უჯრედებში მიმდინარე პროცესებს ასახავს და მათი გარკვეული კომბინაციები შეიძლება სიმსივნურ ან კიბოსწინარე ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. საბოლოო ტესტში მკვლევრებმა 39 ასეთი მარკერი გამოიყენეს და მათი ერთობლივი შეფასებისთვის მანქანური სწავლების მოდელი შექმნეს.
კვლევის სხვადასხვა ეტაპზე ესპანეთიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან მიღებული 1 600-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. მონაწილეებს კოლონოსკოპიის შედეგების მიხედვით ოთხ ჯგუფად ყოფდნენ: მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო, მაღალი რისკის ადენომა, დაბალი რისკის ადენომა ან ნორმალური კოლონოსკოპიური შედეგი.
ტესტის საბოლოო შემოწმებისას მან მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევების 91% გამოავლინა. I-III სტადიის კიბოს შემთხვევაში მგრძნობელობა 92% იყო, მაღალი რისკის ადენომების შემთხვევაში კი 81%. ადენომა ნაწლავის ლორწოვანზე ამოზრდილი წარმონაქმნია, რომლის გარკვეულ ტიპებსა და ზომებს კიბოდ გარდაქმნის შედარებით მაღალი რისკი აქვთ. მათი დროული აღმოჩენა და მოცილება მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციის ერთ-ერთი მთავარი გზაა.
სწორედ ადენომების აღმოჩენა აქცევს ამ შედეგს განსაკუთრებით საინტერესოდ. უკვე არსებული სისხლის ზოგიერთი ტესტი განვითარებული კიბოს აღმოჩენას საკმაოდ კარგად ახერხებს, მაგრამ კიბოსწინარე დაზიანებების შემთხვევაში მათი მგრძნობელობა გაცილებით დაბალია. მაგალითად, სხვა ფართომასშტაბიან კვლევებში სისხლზე დაფუძნებულ ტესტებს მაღალი რისკის კიბოსწინარე დაზიანებების მხოლოდ დაახლოებით 13% აღმოუჩენიათ.
თუმცა 81%-იანი შედეგი ჯერ არ ნიშნავს, რომ მარტივი სისხლის ანალიზი კოლონოსკოპიას ჩაანაცვლებს.
DENEB-ის კვლევა ჩვეულებრივი მოსახლეობის მასობრივი სკრინინგი არ ყოფილა. საბოლოო შეფასება 230 ადამიანის სპეციალურად შერჩეულ ჯგუფში ჩატარდა, სადაც კიბოსა და ადენომების შემთხვევები განზრახ იყო უფრო ხშირად წარმოდგენილი. მკვლევრებიც აღნიშნავენ, რომ ახლა საჭიროა ბევრად უფრო დიდი, პროსპექტული კვლევები, რათა დადგინდეს, როგორ იმუშავებს ტესტი რეალურ სკრინინგულ პოპულაციაში.
გარდა ამისა, ტესტის სპეციფიკურობა 85% იყო. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანების ნაწილში (15%-ს), რომლებსაც კიბო ან მაღალი რისკის ადენომა არ ჰქონდათ, ტესტი მაინც დადებით პასუხს აჩვენებდა. Reuters-ის მიხედვით, ტესტს ასევე შედარებით უჭირდა ზოგიერთი ბრტყელი ტიპის დაზიანების აღმოჩენა.
კოლონოსკოპიის უპირატესობა ისიცაა, რომ ექიმს შეუძლია საეჭვო პოლიპი არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იმავე პროცედურის დროს მოაცილოს. სისხლის ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში კი საბოლოო შეფასებისთვის კოლონოსკოპია მაინც იქნება საჭირო.
ამიტომ ახალი კვლევა კოლონოსკოპიის ჩანაცვლებაზე მეტად სხვა შესაძლებლობას აჩენს: თუ შედეგები დიდ კვლევებშიც დადასტურდება, მარტივმა სისხლის ანალიზმა შეიძლება სკრინინგში ჩართოს ადამიანები, რომლებიც დღეს კოლონოსკოპიას ან განავლის ტესტებს არ იტარებენ, და კიბოსწინარე ცვლილებები უფრო ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს.




