ბევრ ადამიანს ხშირად ერთმანეთში ერევა ზედაპირის მარტივი წმენდა და დეზინფექცია.
წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ჭრით უმ ქათამს და წვენი საჭრელ დაფაზე იღვრება. ის შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს, ბაქტერიას, რომელსაც მძიმე ინტოქსიკაციის გამოწვევა შეუძლია. თქვენ იღებთ სადეზინფექციო საშუალებას, სწრაფად ასხურებთ, მაშინვე ამშრალებთ ზედაპირს და აგრძელებთ საქმეს.
განადგურდა თუ არა მიკრობები?
ან სხვა შემთხვევა: ბავშვმა სადილი იატაკზე გადმოყარა. თქვენ იყენებთ სადეზინფექციო ხელსახოცს ადგილის გასასუფთავებლად, სანამ პატარას იატაკზე ხოხვის უფლებას მისცემთ.
იყო თუ არა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება აუცილებელი?
ორივე შემთხვევაში პასუხია: არა. საკვების ნარჩენების მოსაშორებლად, როგორც წესი, საპონი და წყალიც საკმარისია და აგრესიული ქიმიკატების გამოყენება საჭირო არ არის.
სადეზინფექციო საშუალების დასხმა ზედაპირზე, რომელიც ჯერ კიდევ დაფარულია ცხიმით, ჭუჭყით ან ხორცის ნარჩენებით, ქიმიურ ნივთიერებას მიკრობებამდე მიღწევაში უშლის ხელს.
“სადეზინფექციო საშუალება პირდაპირ კონტაქტში ვერ შედის მიკრობთან, რადგან მას ჭუჭყისა და ცხიმის ფენა ფარავს. ქიმიური ხსნარი უშუალოდ უნდა შეეხოს მიკროორგანიზმს, რომ ის გაანადგუროს”, – აღნიშნავს ალისია მაკკარტი, მასაჩუსეტსის ლოუელის უნივერსიტეტის ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების შემცირების ინსტიტუტის (TURI) წამყვანი მეცნიერი.
“დეზინფექცია წინასწარი წმენდის გარეშე ჰგავს ნამცეცებით სავსე იატაკის სველი ტილოთი მოწმენდას დაგვის გარეშე. სანამ ნაგავს არ მოაშორებთ, ტილო იატაკს სათანადოდ ვერ გაწმენდს”, – განმარტავს მაკკარტი.
მაშინაც კი, თუ ზედაპირი წინასწარ გაასუფთავეთ, სადეზინფექციო ხსნარის შესხურება და მაშინვე გამშრალება უშედეგოა, აცხადებს TURI-ს სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი ჰიზერ ტენი.
“ადამიანები ხშირად ასხურებენ ხსნარს და მაშინვე წმენდენ. ასეთ დროს ქიმიკატი ზედაპირზე საკმარის დროს არ რჩება დეზინფექციისთვის და მისი გამოყენება აზრს კარგავს. წაიკითხეთ ეტიკეტი: სადეზინფექციო საშუალებების უმეტესობას ეფექტისთვის ზედაპირზე სველი სახით 1-დან 10 წუთამდე დაყოვნება სჭირდება”, – ამბობს ტენი.
საპონი და წყალი უმეტეს შემთხვევებში საკმარისია
პანდემიის პერიოდში სადეზინფექციო საშუალებები უსაფრთხოების მთავარ სიმბოლოდ იქცა. თუმცა ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ საყოფაცხოვრებო პირობებში პირველი და ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯი მიკრობების უბრალოდ ჩამორეცხვაა.
გრიპის ზოგიერთი შტამის განადგურება შესაძლოა უფრო რთული იყოს, ვიდრე კორონავირუსის, რომელიც საპნითა და წყლით მარტივად იშლება და ჩამოირეცხება. თუმცა გრიპის დროსაც კი, კარის სახელურები, ჩამრთველები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები ჯერ საპნიანი წყლით უნდა გაიწმინდოს, სანამ დეზინფექციას ჩაატარებთ.
“ბევრმა არ იცის ზუსტი განსხვავება წმენდასა და დეზინფექციას შორის, ან როდის კმარა მხოლოდ წმენდა. თუ უმ ქათამთან მუშაობთ ან სახლში ინფექციით დაავადებული პირია, დეზინფექცია გამართლებულია. თუმცა ყოველდღიურ სიტუაციებში საპნითა და წყლით წმენდა სრულიად საკმარისია”, – განმარტავს ჰარტმანი.
საპნით კარგად გახეხვა და წყლით გარეცხვა შლის ქიმიურ ბმებს, რომლებითაც მიკრობები ზედაპირს ეკვრიან და ჩარეცხვისას ისინი წყალს მიჰყვება.
“ხალხს მიაჩნია, რომ ყველა მიკრობის განადგურება აუცილებელია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტია. მიკრობების უმეტესობის დახოცვა საჭირო არ არის, მთავარია მათი ზედაპირიდან მოცილება. სადეზინფექციო საშუალებები მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას უნდა გამოვიყენოთ, რადგან მათ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე გარკვეული გავლენა აქვთ”, – აცხადებს რებეკა ფუოკო, Green Science Policy Institute-ის წარმომადგენელი.
საყოფაცხოვრებო პროდუქტების ასოციაციის (HCPA) ხელმძღვანელი მაიკ გრუბერი მომხმარებლებს ურჩევს, ყურადღებით გაეცნონ პროდუქტის ინსტრუქციას: “წმენდასა და დეზინფექციას განსხვავებული მიზანი აქვს. სადეზინფექციო ხსნარებმა შესაძლოა ზიანი მოიტანოს, თუ მათ არასწორად, გადაჭარბებული ოდენობით ან წესების დარღვევით გამოიყენებთ”.
სადეზინფექციო ქიმიკატების პოტენციური რისკები
მეოთხეული ამონიუმის ნაერთები (QACs) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქიმიური ჯგუფია, რომელიც შედის საყოფაცხოვრებო, სასკოლო თუ საავადმყოფოს სადეზინფექციო ხსნარებში. კვლევებმა ამ ნაერთების კვალი ადამიანის სისხლში, დედის რძეში, შარდსა და განავალშიც აღმოაჩინა.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ QACs-ის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სასუნთქ და იმუნურ სისტემებზე, უჯრედულ მიტოქონდრიებსა და ჰორმონალურ ბალანსზე. გარდა ამისა, ამ ნაერთების ჭარბი მოხმარება ხელს უწყობს ბაქტერიების ანტიმიკრობულ რეზისტენტობას და გარემოს დაბინძურებას.
უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივები
სახლში ჰიგიენის შესანარჩუნებლად სამი ძირითადი ეტაპი არსებობს:
-
წმენდა: მარტივი ნარჩენებისთვის წყალიც საკმარისია, ხოლო ცხიმიანი ზედაპირებისთვის საუკეთესოა საპონი და წყალი. აშშ-ის CDC-ის განმარტებით, მხოლოდ წმენდაც კი ზედაპირებიდან მავნე მიკრობების უმრავლესობას სრულად აშორებს.
-
სანიტარიზაცია: ხშირად შეხებადი საგნებისთვის (კარის სახელურები, მობილური ტელეფონები, პულტები). მისი მიზანი ბაქტერიების რაოდენობის უსაფრთხო დონემდე დაყვანაა.
-
დეზინფექცია: საჭიროა უმი ხორცის დამუშავების შემდეგ ან ოჯახის წევრის ინფექციური დაავადების დროს (წმენდის შემდეგ)
არსებობს შედარებით ნაკლებად ტოქსიკური ალტერნატივები (ეთილისა და იზოპროპილის სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, ლიმონმჟავა), რომლებიც მიკრობებს ეფექტიანად ანადგურებს.
-
70%-იანი სპირტი: ერთ წუთზე ნაკლებ დროში ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსების უმრავლესობას (მათ შორის გრიპსა და SARS-CoV-2-ს). 99%-იანი სპირტის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ზედაპირიდან ძალიან სწრაფად ორთქლდება.
-
3%-იანი წყალბადის ზეჟანგი: ეფექტიანად შლის ბაქტერიულ სპორებს, აშორებს ბიოაპკს და მოქმედებს ნოროვირუსზე. ეფექტისთვის ზედაპირი სველი უნდა დარჩეს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ: ქლორის შემცველი მათეთრებელი არ არის ყოველდღიური საწმენდი საშუალება და მისი შერევა სხვა ნივთიერებებთან (ძმარი, ნიშადური, სპირტი) კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ეს ტოქსიკურ აირებს წარმოქმნის.
ქიმიკატების გარეშე დეზინფექციის კიდევ ერთი უსაფრთხო გზაა მშრალი ორთქლის აპარატები (93°C-დან 149°C-მდე), რომლებიც მაღალი ტემპერატურით ანადგურებს მიკრობებს, ობსა და მტვრის ტკიპებს.
უსაფრთხო წმენდის ძირითადი წესები:
-
ყოველთვის დაიწყეთ საპნითა და წყლით საფუძვლიანი წმენდით;
-
ჩაატარეთ დეზინფექცია მხოლოდ უმ ხორცთან მუშაობის შემდეგ ან გადამდები ინფექციების დროს;
-
შეარჩიეთ შედარებით უსაფრთხო ალტერნატივები (70%-იანი სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, ორთქლი);
-
აცადეთ სადეზინფექციო საშუალებას იმოქმედოს ზედაპირზე ინსტრუქციაში მითითებული დროით;
-
გაეცანით ეტიკეტს, საჭიროებისამებრ გააზავეთ ხსნარი და გამოიყენეთ ხელთათმანები.




