მასშტაბური კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებმაც ვირუსული მდგომარეობის საწინააღმდეგო “რეკომბინანტული” ვაქცინა მიიღეს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების უფრო დაბალი რისკი ჰქონდათ.
დღეს გამოყენებაში არსებული ჰერპეს ზოსტერის ვაქცინა გულის დაავადებებისა და გულის უკმარისობის შემცირებულ რისკთან არის დაკავშირებული, ნათქვამია 70 000-ზე მეტი ადამიანის კვლევაში, რომლებმაც მიიღეს მიმდინარე ვაქცინა ან მისი ძველი ფორმულა. შედეგები დღეს გამოქვეყნდა ჟურნალ “Nature Medicine”-ში.
მიგნებები “განსაკუთრებით შთამბეჭდავია”, რადგან ისინი უფრო მყარია, ვიდრე წინა ნაშრომების შედეგები ჰერპეს ზოსტერის ვაქცინაციის გულ-დამცავ ეფექტებზე, ამბობს ემილი რეიენსი, ეპიდემიოლოგი, რომელიც ვაქცინების შექმნაზე მუშაობს Kaiser Permanente-ში (პასადენა, კალიფორნია). მიუხედავად ამისა, დამატებითი სამუშაოა საჭირო იმის დასადასტურებლად, ნამდვილად ამცირებს თუ არა ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკს. “ჩვენ ცალსახად ვერ დავასკვნით, რომ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი”, დასძენს რეიენსი, რომელიც არ მონაწილეობდა კვლევაში.
ჩუტყვავილას მეორე აქტი
ჰერპეს ზოსტერი არის მტკივნეული გამონაყარით მიმდინარე მდგომარეობა, რომელსაც იწვევს Varicella zoster, იგივე ვირუსი, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას. ის ვითარდება მაშინ, როდესაც ვირუსი ხელახლა აქტიურდება ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად, ყველაზე ხშირად 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. წინა დაკვირვებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ Shingrix-ის “რეკომბინანტულმა” ვაქცინამ, რომელიც წარმოადგენს Varicella zoster ვირუსის ზედაპირული ცილისა და იმუნომასტიმულირებელი ნაერთის ნარევს, შესაძლოა დამატებითი სარგებელი მოიტანოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დემენციის რისკის შემცირებით.
მაგრამ ამ კვლევების უმეტესობა ვაქცინირებულ ადამიანებს არავაქცინირებულ პირებს ადარებდა, რამაც შესაძლოა ნებისმიერი სარგებელი იმაზე დიდად წარმოაჩინოს, ვიდრე სინამდვილეშია, ამბობს კვლევის თანაავტორი მაქსიმ ტაკე, ოქსფორდის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) ფსიქიატრი, რომელიც იკვლევდა ჰერპეს ზოსტერის ვაქცინის გავლენას დემენციის რისკზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც ირჩევენ ვაქცინაციას, როგორც წესი, უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე ისინი, ვინც არ იცრებიან. “ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან მიკერძოებული გზა კითხვაზე პასუხის გასაცემად”, ამბობს ტაკე.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ტაკემ და მისმა კოლეგებმა მიმართეს TriNetX-ს, მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ადამიანების ელექტრონულ ჯანმრთელობის ჩანაწერებს მთელი შეერთებული შტატებიდან. მათ შეადარეს 60 წლის და უფროსი ასაკის 36 000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ორი ჯგუფის გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთმა ჯგუფმა მიიღო Shingrix-ის რეკომბინანტული ვაქცინა, ხოლო მეორემ მიიღო Zostavax, უკვე ხმარებიდან ამოღებული ვაქცინა, რომელიც შეიცავს ვირუსის დეაქტივირებულ ვერსიას. Shingrix-მა ჩაანაცვლა Zostavax შეერთებულ შტატებში 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ, რამაც გუნდს ბუნებრივი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება მისცა.
მკვლევრები აკვირდებოდნენ მონაწილეებში გულის დაავადებების, გულის უკმარისობისა და ინსულტის გამოვლენას იმუნიზაციიდან შვიდი წლის განმავლობაში, კერძოდ კი აფასებდნენ “დაავადების ტვირთს” – დიაგნოსტირებული გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობით ცხოვრების პერიოდს.
მათ დაადგინეს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მიიღეს Shingrix, შვიდწლიანი პერიოდის განმავლობაში საშუალოდ 9%-ით მეტი დრო გაატარეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გარეშე, ვიდრე მათ, ვინც მიიღო Zostavax. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეკომბინანტულ ვაქცინას შეუძლია თავიდან აიცილოს ან სულ მცირე შეაფერხოს გულის დაავადებების დაწყება. რეკომბინანტული ვაქცინის მიმღებებში ასევე 10%-ით და 12%-ით ნაკლები იყო გულის დაავადებებისა და გულის უკმარისობის დიაგნოსტირების ალბათობა. რეკომბინანტული ვაქცინა ასევე დაკავშირებული იყო კაცებში ინსულტის 12%-ით დაბალ რისკთან.
კავშირი ანთებასთან
მიუხედავად იმისა, რომ კვლევას არ შეუსწავლია, რატომ არის დაკავშირებული Shingrix გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დაბალ რისკთან, ტაკე ვარაუდობს, რომ ვაქცინის იმუნომასტიმულირებელი კომპონენტი აჩერებს ზოგიერთი იმუნური უჯრედის მიერ ციტოკინ IL-6-ის გამომუშავებას, რომელიც წარმოადგენს გულის დაავადებებთან დაკავშირებულ ანთებით ცილას.
კვლევის შედეგების დადასტურებას შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს. “მილიონობით ადამიანი იკეთებს ჰერპეს ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე კარდიოვასკულურმა სარგებელმაც კი შესაძლოა მოსახლეობის დონეზე თავიდან აცილებული გულ-სისხლძარღვთა შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოგვცეს”, განაცხადა მარკ რასელმა, ლონდონის კინგს კოლეჯის რევმატოლოგმა, ლონდონის Science Media Centre-თან კომენტარში. მან დასძინა, რომ ავტორების შედეგები “აძლიერებს შესაძლებლობას, რომ გულ-სისხლძარღვთა შემთხვევებში დაფიქსირებული განსხვავების ნაწილი მაინც შეიძლება განპირობებული იყოს რეკომბინანტული ვაქცინით”.
ტაკეს თქმით, შემდეგ ეტაპზე მკვლევრები გეგმავენ შეისწავლონ, არის თუ არა დაკავშირებული ჰერპეს ზოსტერის რეკომბინანტული ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემცირებულ რისკთან სხვა ჯგუფებში, მაგალითად, ახალგაზრდებში და მათში, ვისაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ჰქონდა.
წყარო – Nature




