ამერიკის ნევროლოგიის აკადემიამ (AAN) და ამერიკის თავის ტკივილის საზოგადოებამ (AHS) ზრდასრულებში შაკიკის მედიკამენტური პრევენციის განახლებული კლინიკური გაიდლაინი გამოაქვეყნეს. დოკუმენტი 2012 წლის რეკომენდაციებს ანაცვლებს და ბოლო წლებში გამოჩენილ ახალ მკურნალობებსაც მოიცავს. რეკომენდაციები გამოქვეყნდა ჟურნალებში Neurology და Headache და მათ მხარს უჭერს American Academy of Family Physicians-იც.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება CGRP-ზე, ანუ კალციტონინის გენთან დაკავშირებულ პეპტიდზე მოქმედი თერაპიების დამატებაა. ეს მექანიზმი შაკიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ბოლო წლებში მის წინააღმდეგ შეიქმნა როგორც მონოკლონური ანტისხეულები, ისე მცირე მოლეკულური პრეპარატები. AHS ჯერ კიდევ 2024 წლის პოზიციურ განცხადებაში მიუთითებდა, რომ CGRP-ზე მოქმედი თერაპიები შეიძლება შაკიკის პრევენციის პირველი რიგის ვარიანტად განიხილებოდეს.
ახალი გაიდლაინის მიხედვით, პრევენციული მკურნალობა უნდა შესთავაზონ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თვეში მინიმუმ ოთხი შაკიკის დღე ან ოთხი საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის თავის ტკივილის დღე, ასევე მაშინ, როდესაც შაკიკი მნიშვნელოვნად უშლის ხელს მუშაობას ან ყოველდღიურ საქმიანობას.
თუმცა ახალი რეკომენდაციების მთავარი გზავნილი არ არის ის, რომ ყველას ერთი კონკრეტული პრეპარატი უნდა დაენიშნოს.
ექიმმა და პაციენტმა არჩევისას უნდა გაითვალისწინონ ეფექტიანობის მტკიცებულებები, შესაძლო გვერდითი მოვლენები, ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება, ღირებულება, მიღების ფორმა და თავად პაციენტის პრიორიტეტები. მაგალითად, ზოგ ადამიანს ყოველდღიური ტაბლეტი შეიძლება ერჩივნოს, სხვას კი თვეში ერთხელ ან რამდენიმე თვეში ერთხელ გაკეთებული ინექცია.
არჩევანზე თანმხლებმა დაავადებებმაც შეიძლება იმოქმედოს. ზოგი ძველი პრევენციული საშუალება თავდაპირველად დეპრესიის, ეპილეფსიის ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ შეიქმნა და შესაბამის პაციენტში ერთდროულად რამდენიმე პრობლემის მართვაში შეიძლება იყოს სასარგებლო. ახალი პრეპარატების ნაწილი კი უშუალოდ შაკიკის ბიოლოგიურ მექანიზმებზეა შექმნილი.
2012 წლის გაიდლაინში ეფექტიანობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულებები, მათ შორის, არსებობდა topiramate-ის, divalproex/valproate-ის და ზოგი ბეტა-ბლოკერისთვის, თუმცა იმ დროისთვის თანამედროვე CGRP-მიზნობრივი პრეპარატები პრაქტიკაში ჯერ არ არსებობდა.
განახლებული გაიდლაინი ასევე ხაზს უსვამს, რომ თუ ერთი პრევენციული საშუალება არ მუშაობს ან გვერდითი მოვლენების გამო მიუღებელია, სხვა მექანიზმის მქონე მკურნალობა მაინც შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს. მკურნალობის დაწყების შემდეგ კი ეფექტიანობა რეკომენდებული დროის გასვლისას რეგულარულად უნდა შეფასდეს.
ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო 14 წლის განმავლობაში შაკიკის პრევენციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ახალი გაიდლაინი ამ არჩევანს ერთ სისტემაში აერთიანებს და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ იმას, “რომელი წამალი მუშაობს“, არამედ რომელი მკურნალობაა კონკრეტული ადამიანისთვის მისაღები და პრაქტიკული.




