“Moderna”-ს ახლად დამტკიცებული ვაქცინა მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, გრიპის ცვალებად შტამებს ბევრად უფრო სწრაფად მოერგონ.
5 აგვისტოს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) “Moderna”-ს mRNA ტექნოლოგიაზე შექმნილი გრიპის ვაქცინა “mFLUSIVA” დაამტკიცა. 50-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატმა სრული ავტორიზაცია მიიღო, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის იგი დაჩქარებული წესით დამტკიცდა. კომპანიის განცხადებით, ვაქცინა აშშ-ში 2026-2027 წლების გრიპის სეზონისთვის რამდენიმე კვირაში გახდება ხელმისაწვდომი.
მკვლევრები ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. მათი თქმით, mRNA პლატფორმის მთავარი პლუსი ის არის, რომ ვაქცინის შემადგენლობის შეცვლა და გავრცელებულ შტამებზე მორგება ძალიან სწრაფად შეიძლება. “ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს პრაქტიკაზე, რადგან აღნიშნულ პლატფორმას წარმოების ხანგრძლივი ვადების პრობლემის მოგვარება შეუძლია”, – აცხადებს იტალიის სიენას უნივერსიტეტის ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი ემანუელე მონტომოლი.
ვაქცინას ამჟამად ევროკავშირის, კანადისა და ავსტრალიის მარეგულირებელი ორგანოებიც განიხილავენ. ევროპაში მსგავსი პროდუქტი უკვე დაშვებულია: აპრილში ევროკომისიამ “Moderna”-ს სეზონური გრიპისა და COVID-19-ის კომბინირებული mRNA ვაქცინა “mCombriax” დაამტკიცა.
20 000-ზე მეტ ზრდასრულზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ “mFLUSIVA”-ს (რომელსაც დამტკიცებამდე mRNA-1010 ერქვა) მიღების შემდეგ ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპი მონაწილეთა მხოლოდ 2%-ს განუვითარდა. შედარებისთვის, ტრადიციული (არა-mRNA) ვაქცინის მიმღებთა ჯგუფში ეს მაჩვენებელი 2.8% იყო.
“კვლევებმა სრულად უპასუხა მთავარ შეკითხვებს იმუნოგენურობის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ, რამაც mFLUSIVA-ს ლიცენზირება შესაძლებელი გახადა”, – აღნიშნა კომპანია “Moderna”-ს ინფექციური დაავადებების კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა რაფაელ ნახბაგაუერმა.
ამასთან, მეცნიერები მიუთითებენ იმ საკითხებზეც, რომლებიც ვაქცინის მასობრივი გამოყენებისას იჩენს თავს. FDA-სთან შეთანხმებით, “Moderna” ჩაატარებს მე-4 ფაზის დამატებით კვლევას, რათა 65 წლისა და უფროსი ასაკის პირებში პრეპარატის ეფექტიანობა გაძლიერებულ ვაქცინებთან შედარებით შეაფასოს.
როგორ მოქმედებს ვაქცინა და როგორია იმუნური პასუხი?
“mFLUSIVA” უჯრედებში ლიპიდური ნანონაწილაკებით აწვდის mRNA მოლეკულებს, რომლებიც გრიპის ვირუსის ზედაპირული ცილის – ჰემაგლუტინინის კოდს შეიცავს. შემდეგ უჯრედები ამ ინფორმაციის საფუძველზე თავად აწარმოებენ ჰემაგლუტინინის ცილას, იმუნური სისტემა მას უცხო სხეულად აღიქვამს და მის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გამოიმუშავებს.
კლინიკურმა გამოცდებმა აჩვენა, რომ “mFLUSIVA”-მ სტანდარტულ გრიპის ვაქცინასთან შედარებით დადასტურებული შემთხვევები 26.6%-ით მეტად შეამცირა. კვლევისას გამოყენებული იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2024-2025 წლების ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სეზონისთვის რეკომენდებული სამივე შტამის ანტიგენი.
მონაწილეთა უმეტესობამ ვაქცინა კარგად გადაიტანა. გვერდითი მოვლენები უმთავრესად მსუბუქი ან ზომიერი იყო – ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ინექციის ადგილის ტკივილი, დაღლილობა და თავის ტკივილი. ეს რეაქციები mRNA ვაქცინის მიმღებებში შედარებით უფრო ხშირი იყო, ვიდრე სტანდარტული აცრისას (მაგალითად, ინექციის ადგილის ტკივილი თითქმის ორჯერ მეტმა ადამიანმა დააფიქსირა).
65 წელზე უფროსი ასაკის პირებში ჩატარებულმა ცალკეულმა კვლევამ ხელი შეუწყო პრეპარატის დაჩქარებულ დამტკიცებას ამ ჯგუფისთვის. მკვლევრებმა სიმპტომების ნაცვლად ანტისხეულების დონე გაზომეს და ნახეს, რომ ახალი mRNA ვაქცინის ერთმა დოზამ უფრო ძლიერი იმუნური პასუხი გამოიწვია, ვიდრე არსებულმა სტანდარტულმა ან მაღალდოზიანმა აცრებმა.
“სტანდარტულ ვაქცინასთან შედარებით ნებისმიერი გაუმჯობესება უკვე კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგია”, – განმარტავს სანტიაგო დე კომპოსტელას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პედიატრიის ხელმძღვანელი ფედერიკო მარტინონ-ტორესი.
წარმოების სისწრაფე და მოქნილობა
ტრადიციულ სეზონურ აცრებთან შედარებით mRNA ვაქცინის მთავარი უპირატესობა წარმოების სისწრაფეა. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ვაქცინის ფორმულა გრიპის ახალ, მუტაციურ შტამებს უმოკლეს დროში მოერგოს.
“დღეს ეს ვაქცინა მისი ეფექტიანობის გამოა აქტუალური, თუმცა მომავალში მისი მთავარი ძალა სწორედ ადაპტირების სისწრაფე იქნება”, – აღნიშნავს მარტინონ-ტორესი.
ტრადიციული ვაქცინები კვერცხის ემბრიონზე ან რეკომბინანტურ მეთოდებზეა დაფუძნებული, რის გამოც დოზების მომზადებასა და განაწილებას სეზონის დაწყებამდე დაახლოებით 6 თვე სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ვირუსმა შესაძლოა მუტაცია განიცადოს და წინასწარ პროგნოზირებულ შემადგენლობას აცდეს.
mRNA პლატფორმის წყალობით კი ანტიგენური ინფორმაციის განახლების დრო 2-3 თვემდე მცირდება. როგორც ნახბაგაუერი იხსენებს: “COVID-ის დროს ჩვენ შევძელით, ივნისში შერჩეული შტამის მიხედვით განახლებული ვაქცინა უკვე აგვისტოში მოგვეწოდებინა”.
“ეს ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, შტამი უშუალოდ სეზონის წინ შევარჩიოთ და იგი რეალურად ცირკულირებად ვირუსს მაქსიმალურად ზუსტად დავამთხვიოთ”, – ამბობს მარტინონ-ტორესი. თუმცა მთავარი საკითხია, რამდენად სტაბილურად შენარჩუნდება ეს უპირატესობა ყოველ სეზონზე.
მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად აფერხებს “mFLUSIVA” ვირუსის გადაცემას მოსახლეობაში, რადგან კვლევებში მხოლოდ სიმპტომური შემთხვევები აღირიცხებოდა და არა ასიმპტომური მატარებლობა. გარდა ამისა, ჯერ არ არსებობს შედარებითი მონაცემები მაღალდოზიან ან იმუნიტეტის გამაძლიერებელი დანამატების (ადიუვანტების) შემცველ ვაქცინებთან მიმართებით.
ამ კითხვებზე სრულფასოვან პასუხს გრიპის მომავალი სეზონის რეალური კლინიკური მონაცემები გასცემს.




