ამერიკის შეერთებული შტატები. 2024–2025 წლები.
იყო დრო, როცა კვერცხი ამერიკაში ყოველდღიური სიმშვიდის სიმბოლოდ ითვლებოდა — ერთი იმ იშვიათი პროდუქტთაგანი, რომელიც ინფლაციის ქარიშხალში მაინც აგრძელებდა თავის მოკრძალებულ არსებობას.
მაგრამ 2025 წელს პატარა თეთრი კვერცხი იქცა კრიზისის, პოლიტიკის და პროპაგანდის ეპიცენტრად.
2025 წლის მარტი.
კვერცხის ფასი მაღაზიის თაროებზე სტაბილურად მაღალია — $6.23 ათეულზე.
მომხმარებლები წუწუნებდნენ, ჟურნალისტები ანგარიშებს აქვეყნებდნენ, ხოლო სოციალურ ქსელ X-ზე ქარიშხალი ატყდა.
6 მარტს მემარჯვენე კომენტატორმა Gunther Eagleman-მა დაწერა:
“Joe Biden KILLED the chickens.” (“ჯო ბაიდენმა დახოცა ქათმები!“)
თავდაპირველად ეს ნათქვამი ჟღერდა როგორც პოლიტიკური ირონია, შეიძლება ითქვას, ხუმრობით ნათქვამი წინადადება მემარჯვენე კომენტატორისგან, რომელიც ხშირად ირგებს ირონიულ და მწვავე პოზიციებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ.
მაგრამ შემდეგ ელონ მასკმა, რომელიც ტრამპის მიერ დაარსებული მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) არაფორმალური მრჩეველი იყო, პოსტი გადააზიარა და დაამატა:
Elon Musk (@elonmusk): “It’s true. There was an insane slaughter of 150 million egg-laying chickens ordered by the Biden administration.”
(“ეს მართალია. მოხდა 150 მილიონი კვერცხმდებელი ქათმის უმოწყალო, მასობრივი გაჟლეტა, ბაიდენის ადმინისტრაციის ბრძანებით.“)

პოსტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია — ასიათასობით მოწონება, ათეულობით ათასი კომენტარი და ყველაზე მნიშვნელოვანი: საზოგადოებაში ეჭვის დათესვა.
ბაიდენის ადმინისტრაცია წარმოჩინდა როგორც ქათმების მასობრივ განადგურებაზე და კვერცხის ფასების კრიზისზე მთავარი პასუხისმგებელი.
ყველას რომ ეგონა, რომ ქარიშხალი ჩადგა, სწორედ მაშინ დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა:
“Egg prices are WAY DOWN from the Biden-inspired prices of just a few weeks ago!
Groceries and gasoline are down, also.”

(“კვერცხის ფასები ახლა ბევრად შემცირებულია ბაიდენის გამო გაზრდილ ფასებთან შედარებით, რომლებიც სულ რამდენიმე კვირის წინ გვქონდა! ასევე შემცირებულია სასურსათო პროდუქტებისა და ბენზინის ფასებიც.“)
ტრამპმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ბაიდენის პრეზიდენტობისას კვერცხის ფასები “ცაში ავარდა“, ხოლო ახლა, მისი გავლენით, იკლებს, მაგრამ, სინამდვილეში, 2025 წლის აპრილშიც კვერცხის საცალო ფასები მაღალ ნიშნულზე რჩებოდა, ხოლო ბაზარზე რეალური შემცირება ჯერ კიდევ არ იგრძნობოდა.
ამ განცხადებებით დაიწყო პოლიტიკური დეზინფორმაციის ახალი ტალღა — უკვე აღარ საუბრობდნენ მხოლოდ კვერცხებზე, არამედ მთლიანად ინსტიტუციების ნდობა დადგა ეჭვქვეშ.
კვერცხის ოდისეა – რა მოხდა?
2025 წლის გაზაფხულზე, კვერცხის ფასებმა ისტორიულ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია:
- იანვარი: კვერცხის ფასები გაიზარდა 15.2%-ით. საშუალო ფასი – $4.95 (ზრდა დეკემბრის $4.15-დან).
- თებერვალი: ფასების გაიზრდა კიდევ 10.4% თვეში. წლიური ზრდა – 58.8%.
- მარტი: საბითუმო ფასები დაეცა $3.27-მდე, თუმცა საცალო ქსელებში ეს ჯერ ვერ აისახა.
- აპრილი: კვერცხის ფასების წლიური ზრდის პროგნოზი – 41.1%.
- მაისი (უახლესი მონაცემი): ფასების ზომიერი შემცირება დაიწყო, მაგრამ საცალო ფასები კვლავ საშუალოდ $4.30–$4.50 ათეულზე რჩება.
- ივნისში ფასმა სტაბილურ პოზიციას მიაღწია: კვლავ დაახლოებით $4.40–$4.60 ათეულზე.
მაღაზიები აწესებენ ლიმიტებს: Trader Joe’s ქსელში ერთ მომხმარებელზე დღეში ერთი ათეული კვერცხი იყიდება, ხოლო რესტორნების ნაწილში, მაგალითად Waffle House-ში, თითოეულ კვერცხზე ამატებენ $0.50 დამატებით გადასახადს.
მწარე რეალობა
რა ხდება სინამდვილეში? მართლა დახოცა ბაიდენმა ქათმები? ასეა. ნამდვილად დახოცეს. და დახოცეს, რადგან საშიშროება, რომელიც გვიახლოვდება, შეიძლება იმაზე ძვირი დაგვიჯდეს, ვიდრე კვერცხის ფასებია მაღაზიის დახლებზე. ამ საშიშროებას კი ფრინველის გრიპი ჰქვია. მოდი, გავიცნოთ ფრინველის გრიპი და გავარკვიოთ, რეალურია თუ არა საფრთხე. ამითვის, საინტერესო ისტორიებში უნდა ვიმოგზაუროთ. ამ მოგზაურობაში დავემგზავრები პარდის საბეთს, ჩემს საყვარელ მეცნიერს, ირანული წარმოშობის ამერიკელ გენეტიკოსს, რომელიც მუშაობს ეპიდემიების გენომურ ეპიდემიოლოგიაზე — ებოლას, ლასას და სხვა ვირუსების გავრცელების გენეტიკურ მექანიზმებზე და მათ შორის ფრინველის გრიპზეც. ჩემთვის სწორედ მისი ჩანაწერები გახდა ინსპირაცია, რომ ამ სტატიაზე მემუშავა.
ეშმაკთან გარიგება და ფრინველის გრიპის უჩვეულო წყარო
90-იანი წლების მიწურულს, ინდონეზიელმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, პონტენ გინტინგმა, დადო გარიგება — მაგრამ არა ადამიანთან. ის შეეკრა ბოროტ სულს, დემონს. სანაცვლოდ სთხოვა სიმდიდრე და ძალაუფლება. სურვილი აუსრულდა — გინტინგი მართლაც ძალიან მდიდარი და გავლენიანი ადამიანი გახდა, მაგრამ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, უკვე კმაყოფილებაში მყოფმა, ვალის გადახდაზე უარი განაცხადა. ბოროტი სული მოატყუეს, მაგრამ დემონი პირობის შესრულებას ყოველთვის ითხოვს და არასდროს არაფერი ავიწყდება…
2006 წელს, პონტენი უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა მის ოჯახში ერთი-მეორის მიყოლებით დაიწყო უცნაური დაავადების გავრცელება. ზოგიერთი ოჯახის წევრი სერიოზულად დასნეულდა და ექიმები ვერაფერს შველოდნენ. ადგილობრივმა მკითხავებმა სულიერ ძალებთან დაამყარეს კონტაქტი და პასუხიც მიიღეს — პონტენის ვალი ჯერ კიდევ გადაუხდელი იყო. ახლა დრო დადგა, რომ ფასი ოჯახს გადაეხადა.
შეტყობინება მკაფიო იყო: დემონი შურისძიებას შვიდი ადამიანის სიცოცხლით ითხოვდა. პონტენის ოჯახის ზოგიერთი წევრი საუკეთესო საავადმყოფოებში მკურნალობდა, მაგრამ სხვებმა, რომლებმაც მედიცინის მიმართ ნდობა დაკარგეს, არჩევანი ტრადიციულ მაგიაზე შეაჩერეს. მათი აზრით, დემონებთან საქმე დემონებთანვე უნდა მოეგვარებინათ.
მაგრამ ექიმებს სხვა ეჭვი ჰქონდათ: ფრინველის გრიპი — კონკრეტულად კი H5N1 შტამი.
როცა ოჯახის ნაწილი მთებში, სუმატრას ტყეებში შეეფარა, ეპიდემიოლოგთა გუნდები ცდილობდნენ მათი კონტაქტების მოძიებას, ტესტირებასა და იზოლაციას. პონტენის ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა დადასტურებული კონტაქტი ინფიცირებულ ფრინველებთან, რაც მეცნიერებისთვის შემაშფოთებელი სიგნალი იყო: ეს შესაძლოა უკვე ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა ყოფილიყო.
მაშინ, H5N1 ცნობილი იყო თავისი აგრესიულობით: ის ინფიცირებულთა 60%-ს კლავდა. თუ ეპიდაფეთქებას ვერ შეაჩერდებდნენ, მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
მაგრამ შემდეგ საოცარი რამ მოხდა: გავრცელება შეჩერდა. ზუსტად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა — იმდენივე, რამდენსაც წინასწარმეტყველებდნენ. თითქოს დემონმა თავისი მიიღო და დამშვიდდა.
გინტინგების ოჯახის ახლობლებს დაურიგდათ ანტივირუსული მედიკამენტი — ტამიფლუ — თუმცა ბევრმა უარი თქვა მის მიღებაზე. მათი რწმენით, პრობლემა ზებუნებრივი იყო და არა მარტივად – ვირუსული. ცაში კი არც ერთი ავადმყოფი ფრინველი მოჩანდა და სხვა ოჯახებში მსგავსი სიმპტომები არავის ჰქონია. ყველაფერი დემონის კლანჭებს მიაწერეს. ეს მათთვის სრულიად ლოგიკური ახსნა იყო.
ეს უცნაური ისტორია ორ უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას გვეუბნება:
პირველი: ადამიანები იშვიათად იქცევიან ისე, როგორც ექსპერტებს სურთ ან როგორც მათგან მოელიან. ისინი მოქმედებენ საკუთარ რწმენებზე, კულტურულ წარმოდგენებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ხშირად ეწინააღმდეგება სამეცნიერო რეკომენდაციებსაც კი.
მეორე: შემდეგი გრიპის პანდემია შესაძლოა ჩვენგან მხოლოდ ერთი შემთხვევითი კონტაქტით, ერთი უბედური დღით ან ერთი შეცდომით იყოს დაშორებული — იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ყოველწლიურად, სეზონური გრიპი ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. მაგრამ თუ მომდევნო პანდემია H5N1-ის მსგავსი შტამით განვითარდება, მსხვერპლმა შეიძლება ამ რიცხვს ძალიან გადააჭარბოს.
ფრინველის გრიპი არსად წასულა — ის უფრო ხშირად ჩნდება, უფრო მეტ ადგილას და უფრო დიდი შანსები აქვს, რომ საშიში ფორმა შეიძინოს.
იმის მიუხედავად, როდის და სად დაიწყება შემდეგი პანდემია, რეალობა მარტივია: H5N1 დღითიდღე მეტ შესაძლებლობას იძენს, რომ ადამიანებს მოერგოს.
გინტინგების ოჯახმა დაიჯერა, რომ მათი განსაცდელი ზებუნებრივი ძალის ბრალი იყო. თუმცა, სიმბოლურად რომ შევხედოთ, ეს აღქმა არცთუ უჩვეულოა — გრიპის ვირუსს მართლაც აქვს ისეთი თვისებები, რომელიც ბნელი და ცბიერი ძალის სახეს შეიძლება ჰგავდეს.
ეს ვირუსი საუკუნეების განმავლობაში თან სდევს კაცობრიობას. ის განუწყვეტლივ იცვლის ფორმას, ჩნდება მოულოდნელად, უმოწყალოდ უტევს ადამიანებს, შემდეგ კი ისევ ქრება — თითქოს ელოდება მომდევნო შესაძლებლობას.
და რადგან ვირუსი ასეთი მარჯვე და ცვალებადია, ჩვენც უნდა გავიგოთ — როგორ მუშაობს ის.
რა სჭირდება ვირუსს, რომ საფრთხე შეუქმნას ადამიანებს?
H5N1-ის შემთხვევაში მეცნიერებმა ზუსტად იციან, რა უნდა შეიცვალოს ვირუსის სტრუქტურაში, რათა ის ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე.
როგორც ამბობს ვირუსოლოგი რიჩარდ ვები:
“ეს ჯერ კიდევ ფრინველის ვირუსია. მას არ შეუძლია ადვილად გადაედოს ფრინველიდან ადამიანებს და, მით უმეტეს, ადამიანიდან ადამიანს. ამისთვის მას გენეტიკური გარდაქმნა სჭირდება.“
პანდემიისთვის საჭირო სცენარი ასე გამოიყურება: ვირუსი უნდა შეიცვალოს ისე, რომ ფრინველის უჯრედებში გამრავლების ნაცვლად, შეძლოს გამრავლება ადამიანის უჯრედებში, რაც, საბედნიეროდ, ჯერ არ შეუძლია.
ვინაიდან H5N1-ის ვირუსი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ფრინველსა და ცხოველს აანფიცირებს, მას ყოველ ახალ ორგანიზმთან ურთიერთობით ეძლევა მუტაციის ახალი შანსი და ეს ნიშნავს ერთ რამეს: რაც უფრო მეტია ინფიცირებული ცხოველი, მით მეტია შესაძლებლობა, რომ ვირუსმა ერთხელ იპოვოს სწორი “გასაღები“ და ადამიანებში გადასვლის უნარი შეიძინოს.
ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია რნმ ვირუსები, რადგან ისინი მუტაციის უდიდესი შესაძლებლობებით გამოირჩევიან. თითოეული ინფიცირებული ორგანიზმი არის მიკროსკოპული ლაბორატორია, სადაც მილიონობით ვირუსი ერთდროულად მრავლდება — და ყოველი მათგანი შეიძლება იყოს ის, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადასვლას შეძლებს.
H5N1 ვირუსი გავრცელებულია თითქმის ყველა კონტინენტზე.
ის აქტიურად ცირკულირებს ველურ ფრინველებში — რაც ნიშნავს, რომ მისი გავრცელება უწყვეტი პროცესია. და როდესაც ეს ვირუსი ფრინველიდან ადამიანზე გადადის, შედეგი ხშირად სავალალოა.
როცა გრიპი ფორმას იცვლის
თუ უკან მივიხედავთ, ვნახავთ, რომ გრიპი კაცობრიობას უძველესი დროიდან თან სდევს. ჯერ კიდევ ძვ. წ. 412 წელს, მედიცინის მამამ — ჰიპოკრატემ — აღწერა გრიპისმაგვარი დაავადება, რომელსაც “ხველა პერინთოსში” უწოდა. წაიკითხეთ სრულად აქ: https://civil.ge/ka/archives/626014
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წყაროები ხანდახან ფრაგმენტულია, მეცნიერები თანხმდებიან, რომ პირველი დოკუმენტირებული გრიპის პანდემია — შემთხვევა, როდესაც გრიპი ფართოდ გავრცელდა — დაახლოებით XVI საუკუნეში მოხდა.
მე–20 საუკუნიდან მოყოლებული, კაცობრიობამ უკვე ოთხი დიდი გრიპის პანდემია გადაიტანა:
- 1918 წლის ე.წ. ესპანური გრიპი
- 1957 წლის აზიური გრიპი
- 1968 წლის ჰონგ-კონგის გრიპი
- 2009 წლის ე.წ. ღორის გრიპი
გრიპი დრო და დრო ბრუნდება — ყოველ ჯერზე ახალ სახეს იღებს, მუტირდება, იძენს ახალ მახასიათებლებს. და მათ შორის ყველაზე შემაშფოთებლად ითვლება H5N1 — ვირუსი, რომელიც ამჟამად უმთავრეს საფრთხედ განიხილება.
გრიპის ვირუსს რვა გენეტიკური სეგმენტი აქვს — რვა ფუნქციური კომპონენტი, რომლებიც ერთად ქმნიან იმ მექანიზმს, რაც ვირუსს გადარჩენისა და გავრცელების საშუალებას აძლევს.
სახელების სისტემა (მაგალითად, H5N1) აღნიშნავს ორი სპეციფიკური ცილის სახეს:
- ჰემაგლუტინინი (H) — ცილა, რომელიც ვირუსს უჯრედის შიგნით შეღწევაში ეხმარება
- ნეირამინიდაზა (N) — ცილა, რომელიც ვირუსს ეხმარება უჯრედიდან გამოსვლაში, რათა სხვა უჯრედებიც დააინფიციროს
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰემაგლუტინინი — ეს არის ის ცილა, რომელიც უჯრედის ზედაპირზე ამოიცნობს სპეციფიკურ მოლეკულას სახელად სიალინის მჟავა (sialic acid) და ამის შემდეგ უჯრედში შედის. ამ მექანიზმით იწყება ინფექციური ციკლი.
განსხვავება ადამიანის და ფრინველის უჯრედებს შორის სწორედ სიალინის მჟავას სტრუქტურაშია — ეს ქიმიური დეტალი ერთ-ერთი მთავარი ბარიერია, რომელიც H5 ვირუსს ადამიანის უჯრედში შეღწევაში უშლის ხელს.
მაგრამ ეს ბარიერი აბსოლუტური არ არის. თუ H5 ერთ დღეს შეიძენს უნარს, ამოიცნოს ადამიანის უჯრედზე არსებული სიალინის მჟავა და დაუკავშირდეს მას ისე, როგორც ამას H1 ან H3 ვირუსები აკეთებენ (სეზონური გრიპის ტიპები), მაშინ შესაძლებელი გახდება ადამიანის ინფიცირება — და რაც მთავარია, ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება.
სანამ H5 მხოლოდ ფრინველის უჯრედებზეა მორგებული, ჩვენ გარკვეული დაცულობის ზღვარში ვიმყოფებით. მაგრამ ეს ზღვარი მყიფეა — ქიმიური სტრუქტურის მცირე მუტაცია შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ვირუსმა გადალახოს სახეობებს შორის გადაცემის ბარიერი.
გარდა ამისა, ჩვენი იმუნური სისტემა H5-ის მსგავს ვირუსს თითქმის არასოდეს შეხვედრია — რაც ნიშნავს, რომ იმუნური პასუხი სუსტი და დაგვიანებული იქნება.
ვირუსს პერიოდულად მცდელობები აქვს — ზოგჯერ მხოლოდ ფრინველებში რჩება, ზოგჯერ ადამიანსაც სწვდება და როცა ეს ხდება — შედეგი ხშირად ტრაგიკულია.
პირველი მსხვერპლი
დაახლოებით 1996 წელს, ჩინეთის სამხრეთ რეგიონში, ფრინველებში მოცირკულირე გრიპის ვირუსმა შეიძინა ახალი, მუტირებული ფორმა — ისეთი, რომელსაც ადამიანებზე გადასვლის პოტენციალი ჰქონდა.
1997 წელს, ჰონგ–კონგში, სამი წლის ბიჭი — ლამ ჰოი–კა — საბავშვო ბაღში ახლად გამოჩეკილ ბარტყებთან ერთად თამაშობდა. ბაღებში ხშირად მოჰყავთ ჩიტები ინკუბატორებით — ბავშვებს წიწილები ხელში აჰყავთ, ეფერებიან, ზრუნავენ. ამ შემთხვევაში, ასეთი უბრალო და სითბოთი სავსე მომენტი საბედისწერო აღმოჩნდა.
ხუთი დღის შემდეგ, ბავშვი გარდაიცვალა. გრიპის ვირუსმა არა მხოლოდ ბავშვის ფილტვები გაანადგურა, არამედ სერიოზულად დააზიანა ღვიძლი, თირკმელები და სისხლის მიმოქცევის სისტემაც. ეს გრიპისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელი არაა. ანუ, რაღაც სხვა, უფრო უცნაური ხდებოდა.
როცა ექიმებმა დიაგნოზი დაადგინეს, ისინი გაოგნდნენ:
ეს იყო ფრინველის გრიპი, მაგრამ ფრინველის გრიპს არ უნდა შეეძლოს ადამიანის ინფიცირება. ეს არსებითად მიუღებლად ითვლებოდა — და მაინც, ვირუსმა ეს ზღვარი გადმოკვეთა.
და ის არ შეჩერდა მხოლოდ ერთ შემთხვევაზე. ცოტა ხანში, ჰონგ-კონგში 18 ადამიანის ინფიცირება დადასტურდა, მათგან 6 შემთხვევა ლეტალური აღმოჩნდა.
ჰონგ–კონგის ხელისუფლებამ ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო: ცოცხალი ფრინველის ბაზრები მთლიანად დაიხურა და ყველა ფრინველი — ქათმები, იხვები, გედები — გაანადგურეს.
ამ კონკრეტული შტამის წარმოშობა, ალბათ, უკავშირდება ჰონგ-კონგის ცოცხალი ფრინველის ბაზრებს. სწორედ იქ, სხვადასხვა სახეობის ფრინველის თავყრილობაში, ვირუსს შესაძლებლობა ჰქონდა, ახალი გენები მიეღო, გენები გადაეცვალა და საბოლოოდ ახალი ვარიანტი შექმნილიყო.
როცა ფარების (ფრინველთა ჯგუფების, ანუ ფერმაში ან ბუნებრივ გარემოში არსებულ მჭიდრო გაერთიანებების). მასობრივი განადგურება დაიწყო, გავრცელება დროებით შეჩერდა.
H5-ის ნათესავი შტამები და მისი წინამორბედები კვლავ აგრძელებდნენ ცირკულაციას სამხრეთ ჩინეთის ველურ ფრინველებსა და ფერმებში. ვირუსი თითქოს ჩაჩუმდა — მაგრამ არ გამქრალა. 1997 წლის აფეთქება შეჩერდა, მაგრამ საფრთხე არ განეიტრალდა. შეიძლებოდა გვგონებოდა, რომ პირველი დარტყმა წარმატებით მოვიგერიეთ, მაგრამ სინამდვილეში, ვირუსმა უბრალოდ დრო ითხოვა. ის კვლავ ცოცხლობდა — ფრთებში მიმალული, ბაზრებსა და ჭაობებში, შემდეგი შანსის მოლოდინში.
რატომ იყო ეს გამოვლინება ასეთი შემაშფოთებელი?
H5 ვირუსი საშიში მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ ჩვენი იმუნური სისტემა მას არ იცნობს — არამედ იმიტომ, რომ ის გრიპის ვირუსებისთვის უჩვეულოდ მომაკვდინებელია.
1997 წლიდან მოყოლებული, H5N1-ის შემთხვევებში სიკვდილობის მაჩვენებელმა 60%-ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ 10 ინფიცირებულ პაციენტზე, საშუალოდ 6 იღუპებოდა.
ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ბევრი რამით უნდა განვმარტოთ — მაგრამ მოდი, წარმოვიდგინოთ ერთი სცენარი:
თუ H5 ტიპის ვირუსმა შეძლო ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარის შეძენა და დაიწყო გლობალური პანდემია, დასავლურ მოდელებში შეფასებულია, რომ ასეთ შემთხვევაში, თუ ვირუსი არ შეამსუბუქებს თავის ბუნებას, შესაძლოა მსოფლიოში მილიარდი ადამიანი დაიღუპოს.
რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მძიმე სცენარი — მოდელირების უკიდურესი ვარიანტი. რატომ?
პირველ რიგში, რეალური სიკვდილიანობა ხშირად დაბალია, რადგან მსუბუქი ან ასიმპტომური შემთხვევები სტატისტიკაში არ ხვდება. მეორე — ვირუსებს ხშირად უვითარდებათ შემსუბუქებული ფორმა, როდესაც უფრო ადვილად გადამდებები ხდებიან, მაგრამ მიმდინარეობაც მსუბუქი აქვს – ევოლუციურად სწორედ ასეთი მექანიზმი უწყობს ხელს ვირუსის ფართო გავრცელებას: რაც უფრო მარტივად ვრცელდება ინფექცია, ხშირად მით ნაკლებად კლავს.
მიუხედავად ამისა, თუნდაც მხოლოდ 1%-იანი სიკვდილობა საკმარისია იმისთვის, რომ მსოფლიო მასშტაბის კრიზისი მივიღოთ.
შედარებისთვის: COVID-19-ის სიკვდილიანობა აშშ-ში დაახლოებით 1% იყო, და ყველას კარგად გვახსოვს, რას ნიშნავს ეს ციფრი რეალურ ცხოვრებაში. 1918 წლის ე.წ. ესპანური გრიპის ლეტალობა კი დაახლოებით 2.5% იყო — და ის დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პანდემიად კაცობრიობის ისტორიაში.
შეიძლება H5 საბოლოოდ არ აღმოჩნდეს ისეთი მომაკვდინებელი, როგორც ახლა გვგონია — მაგრამ ის მაინც რჩება ყველაზე სახიფათო გრიპის შტამად, რომელიც ოდესმე გვინახავს. ის ჯერ არ გაბატონებულა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მუტაცია ჰყოფნის იმ ზღვრამდე, სადაც მილიარდობით ადამიანი აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.
SARS-ის გაკვეთილები
2003 წელს, როცა ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში უცნობი რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) დაავადება გავრცელდა და სიკვდილობამ მატება დაიწყო, რეგიონში შიშმა მოიკიდა ფეხი.
თავდაპირველად, ჩინეთის მთავრობა ეპიდემიის არსებობას მალავდა. თუმცა მალე ინფექცია ჰონგ-კონგში გავრცელდა და იქედან სწრაფად მოედო სხვა რეგიონებსაც.
იმ დროისთვის ფრინველის გრიპი უკვე ცირკულირებდა ველურ ფრინველებში, და ფიქსირდებოდა ადამიანებზე გადაცემის შემთხვევებიც, ამიტომ ექსპერტებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ეს შესაძლოა H5N1-ის აფეთქება ყოფილიყო — ანუ ის დიდი პანდემია, რომელსაც ყველა შიშით ელოდა.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სხვა ვირუსი იყო — თითქოს უდანაშაულო, დაუდევრად მიჩნეული კორონავირუსი. დაავადება, რომელსაც ის იწვევდა, SARS-ს ეწოდა — მწვავე რესპირატორული სინდრომი.
ეს გრიპი არ იყო, მაგრამ ძალიან ჰგავდა — ვირუსი აზიანებდა ფილტვებს, იწვევდა მძიმე პნევმონიას და ხშირად მთავრდებოდა სერიოზული ფაზით: მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით (ARDS).
SARS-ის მართვა ჰოსპიტალიზაციას, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციას და საკმარის ჯანდაცვის რესურსებს მოითხოვდა — ზუსტად ისე, როგორც მძიმე გრიპის შემთხვევებში. ის ასევე ვრცელდებოდა ჰაერ-წვეთოვანი გზით, თუმცა შედარებით ნაკლებად, ვიდრე გრიპი.
SARS გავრცელდა 29 ქვეყანაში, გლობალური სიკვდილობის მაჩვენებელმა 9.6% შეადგინა, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. კანადაში, ეს მაჩვენებელი 17% იყო. 8098 ადამიანი დაავადდა, 774 კი დაიღუპა.
SARS-მა გვაჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემები ხშირად არ არიან მზად უცაბედი ინფექციური კრიზისებისთვის. ის იქცა ერთგვარ რეპეტიციად — პირველ სერიოზულ გამოცდად იმის გასარკვევად, როგორ ვუპასუხებდით მომავალ გრიპის პანდემიას.
მაგრამ როგორ გავართვით თავი?
როგორც ამბობს პროფესორი ჯიჯი გრონვალი (ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან), ჩვენ SARS-ისგან სათანადოდ ვერ ვისწავლეთ.
მართალია, გავიაზრეთ, რომ ვირუსები შეიძლება ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს (ე.წ. ზოონოზური გადაცემა), მაგრამ მაინც ვერ შევქმენით ვაქცინა, არ გვქონდა სწრაფი ტესტები და არ განვახორციელეთ სისტემური ცვლილებები.
საბედნიეროდ, SARS-ის გავრცელება საბოლოოდ შეაჩერა ძველმოდური, თუმცა გამოცდილი ეპიდემიოლოგიური მეთოდების ერთობლიობამ — შემთხვევების გამოვლენა, კონტაქტების მოძიება, იზოლაცია. ის მეთოდები, რომლებიც მოგვიანებით მთელი მსოფლიომ გაიცნო COVID-19-ის დროს.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია შეჩერდა, ბევრი ქვეყანა აღმოჩნდა არასათანადოდ მომზადებული — საავადმყოფოები გადატვირთულები იყვნენ, პერსონალი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გამოფიტული.
საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემამ SARS-ის გამოცდა შეიძლება B- ნიშნით ჩააბარა, მაგრამ რეალური მზადყოფნა არ არსებობდა.
მაშინ, როცა SARS თავის გაკვეთილს გვიტოვებდა, ფრინველის გრიპი — H5N1 — ჩუმად აგრძელებდა ძალების მოკრებას, ფრთებში ჩამალული მომავლის საფრთხედ.
დედის სიყვარული და გადაცემის ჯაჭვი
2004 წლის აგვისტოში, ტაილანდის ერთ პატარა სოფელში ქათმებმა მოულოდნელად და უცნაურად დაიწყეს სიკვდილი. რამდენიმე დღეში, 11 წლის გოგონა — საკუნტალა პრემფასრი — მძიმედ ავად გახდა. თავდაპირველად მას პნევმონია დაუდგინეს, თუმცა არავის უფიქრია, რომ საქმე ფრინველის გრიპთან შეიძლებოდა გვქონოდა.
გოგონას დედა — პრანი თონგჩანი — ტანსაცმლის ფაბრიკაში, დედაქალაქიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მოშორებით მუშაობდა, მან როგორც კი შვილის ავადმყოფობის შესახებ შეიტყო, ყველაფერი მიატოვა. არც ჩანთა ჩაულაგებია, არც ვინმესთვის აუხსნია, სად მიდიოდა. ღამით, სიბნელესა და წვიმაში, ავტობუსით და შემხვედრი მანქანებით გზას დაადგა — თითქოს დროზე ადრე ჩასვლას შეეძლო შვილის დაავადების შეჩერება. როცა საავადმყოფოში მივიდა, საკუნტალა უკვე სუსტად სუნთქავდა. თვალები არ ჰქონდა გახელილი. კანის ფერი გაფითრებული, ტუჩები მოლურჯო. დედამ თბილი ხელები მიაბჯინა შვილის სახეს, ისე როგორც ბავშვობაში, სიცხიანი ღამეების დროს. ხმა არ ამოუღია. მხოლოდ გულში იმეორებდა — “გადამირჩი, გთხოვ, გადამირჩი…“ მერე გოგონამ ღრმად ამოისუნთქა — თითქოს უკანასკნელად. მკერდზე ჩამოდებული დარჩა დედის მკლავებში — უმოძრაოდ და უხმოდ.
მაშინ, ამ რუხ საავადმყოფოში, თეთრი სინათლით გაბრწყინებულ ოთახში, არ არსებობდა არც ვირუსის სახელი, არც სტატისტიკა, არც მეცნიერება. მხოლოდ ერთი სიტყვა დარჩა — შვილი.
ეს ტრაგედია შეიძლებოდა ამით დასრულებულიყო — ერთი დედის ცრემლით დამთავრებულიყო ამბავი, მაგრამ აქ იწყება ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი გაკვეთილი ინფექციურ ეპიდემიებში: ინფექციის უიმედოდ გადაცემის რისკი რჩება იქ, სადაც სიყვარული ყველაზე ძლიერია. რამდენიმე დღეში დედაც გახდა ავად. ტესტმა აჩვენა: ისიც დაინფიცირდა H5N1 ვირუსით.
მაგრამ ექიმებისთვის მთავარი დეტალი სხვაგან იყო: პრანს არ ჰქონია კონტაქტი არც ერთ ფრინველთან, არც ბაზართან, არც სოფლად მცხოვრებ ქათმებთან. მას ჰქონდა მხოლოდ ერთი რამ — უშუალო კონტაქტი შვილის სხეულთან. ის, რაც ბუნებრივია — მოხვევა, ჩახუტება, ტირილი.
სწორედ ამიტომ ჩაითვალა ეს შემთხვევა ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის ერთ-ერთ პირველ, პრაქტიკულად უეჭველი გადაცემის შემთხვევად.
ერთ-ერთმა ექიმმა მოგვიანებით დაწერა: “გარდაცვლილი შვილის მოხვევა და ტირილი გახდა ის მექანიზმი, რომელმაც დაავადება დედაზეც გადაიტანა.“
დედა გარდაიცვალა.
თუმცა ამ ჯაჭვს კიდევ ერთი რგოლი ჰქონდა.
პრანის და — პრანომი — ასევე გახდა ავად, მაგრამ დროულად მიიღო ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ და გადარჩა.
ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რამდენად ახლოს ვიყავით H5N1-ის ისეთი ფორმის გამოვლენასთან, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას შეძლებდა. ერთი ადამიანი — მეორე — და შემდეგ მესამე. ჯაჭვი, რომლის გაწყვეტაც დროული ჩარევის გარეშე ხშირად შეუძლებელია.
გინტინგების შემთხვევის გაგრძელება (ინდონეზია, 2006)
ამ მოვლენების ფონზე, დავუბრუნდეთ გინტინგების ოჯახს — ინდონეზიურ ისტორიას, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. გავარკვიოთ რა მოხდა სინამდვილეში.
ამჯერად ცნობილი გახდა, რომ პირველი, ვინც ავად გახდა, იყო ოჯახის უფროსი ქალიშვილი — პუჯი. სავარაუდოდ, ის მუშაობდა ან ხშირად იმყოფებოდა ბაზარში, სადაც ფრინველებთან ჰქონდა კონტაქტი. პუჯის შემდეგ დაავადება დაემართა ოჯახის კიდევ ექვს წევრს.
და ბოლოს — ერთ-ერთ ძმას, დოვესს, რომელსაც სიმპტომები ისე გვიან გამოუვლინდა, რომ ინფიცირება პუჯისგან პირდაპირი გზით თითქმის გამორიცხულია. ეს დეტალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: როგორც ჩანს, ინფექცია ოჯახში გადადიოდა რამდენიმე რგოლად — ადამიანი → ადამიანი → ადამიანი. მანამდე H5N1-ის მსგავსი ზუსტი, მრავალსაფეხურიანი გადაცემა არ იყო დადასტურებული.
საბედნიეროდ, სწორედ ამ ეტაპზე შეჩერდა გადაცემის ჯაჭვი.
ადგილობრივმა რიტუალურმა მკურნალმა საზოგადოებას აუწყა, რომ მას ჰქონდა ოჯახისთვის დაცვის მაგიური ბარიერი შექმნილი — შავი ძალებისგან, წყევლისგან, ანდაც დემონის გავლენისგან. მისივე თქმით, სწორედ ამან გადაარჩინა ოჯახის ის წევრები, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები დარჩნენ.
ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი ძმა — ჯონსი — მძიმედ დაავადდა, თუმცა საბოლოოდ გადარჩა.
დაავადებას, რომელიც გარედან ვირუსად აღიქმებოდა, ადგილობრივი მოსახლეობა სხვა თვალით უყურებდა: მათთვის ეს არ იყო გრიპი — ეს იყო სასჯელი, დამნაშავის ქმედების შედეგი, წყევლა, რომელსაც ფესვები პონტენ გინტინგის სიცოცხლის დროინდელ მაგიურ ხელშეკრულებებში ჰქონდა.
როდესაც ჯანდაცვის სპეციალისტებმა მათ ტამიფლუ შესთავაზეს, ბევრმა უარი თქვა. მათთვის ეს არ იყო სამედიცინო კრიზისი — ეს იყო ზებუნებრივი ძალის ქმედება, რომელიც მედიკამენტით ვერ განიკურნებოდა.
საზოგადოებრივი ჯანმრთერლობის თვალსაზრისით, ასეთი უარი — შესაძლოა თითქოს უგუნურად ჟღერდეს — თუმცა თუ განვიხილავთ მათ რწმენასა და აღქმას, ეს ქცევა სრულიად ლოგიკურია.
და სწორედ აქ ჩნდება მთავარი გაკვეთილი: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წარმატება იქ იწყება, სადაც ადამიანები არიან — მათ რწმენებში, ენაში, გამოცდილებაში.
თუ მათ პირდაპირ შეეწინააღმდეგები, შეურაცხყოფად მიიღებენ და დახმარებასაც უარყოფენ. მაგრამ თუ დაუდგები გვერდით — და გაგებით მიუდგები მათ კულტურულ რეალობას — შენს ხელშიც დარჩება შანსი, რომ ჯაჭვი სწორედ იქ გაწყდეს, სადაც ის იწყება.
რა ინსტრუმენტები გვაქვს?
წინარე ეპიზოდები გვაჩვენებს, რომ ფრინველის გრიპთან გამკლავების ორი ძირითადი ინსტრუმენტი არსებობს:
- კონტაქტების მოძიება (contact tracing) — ინფიცირებული პირების სწრაფი იდენტიფიცირება, მათი მჭიდრო კონტაქტების აღმოჩენა და დროული იზოლაცია. ეს მექანიზმი განსაკუთრებით ეფექტიანია ვირუსის საწყის ეტაპზე და კრიტიკულია გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტისთვის.
- ოსელტამივირი (ტამიფლუ) — ნეირამინიდაზას ინჰიბიტორი, რომელიც აფერხებს ვირუსის გამრავლებას ორგანიზმში. ტამიფლუ განსაკუთრებით ეფექტურია, თუ ინფიცირებულმა პირმა ის სიმპტომების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში მიიღო. მედიკამენტი ასევე გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით — მათთვის, ვინც ახლო კონტაქტში იყო ინფიცირებულთან.
თუმცა ბოლო წლებში მისი ეფექტიანობა გარკვეულ ეჭვქვეშ დადგა. 2013 წლის მასშტაბურმა სისტემურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ტამიფლუ ჯანმრთელ ადამიანებში მნიშვნელოვნად არ ამცირებს სიმპტომებს, კვლევებმა ასევე გამოკვეთა გარკვეული გვერდითი ეფექტები — მათ შორის გულისრევა, თავბრუსხვევა და ფსიქოლოგიური მოვლენები — და ყურადღება გაამახვილა მედიკამენტისადმი შესაძლო რეზისტენტობის საფრთხეზე.
მიუხედავად ამისა, სეზონური გრიპის მძიმე შემთხვევებში ტამიფლუ კვლავ ითვლება სასარგებლო საშუალებად — განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად ან პნევმონიის მსგავსი გართულებების შესამცირებლად.
რაც შეეხება H5N1-ის შემთხვევებს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) კვლავ რეკომენდაციას აძლევს ტამიფლუს გამოყენებას როგორც მკურნალობის, ისე პროფილაქტიკის მიზნით — განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში ან იმ პირებისთვის, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ფრინველთან ან ადამიანთან.
2009 – პანდემია, რომელიც “მოწყალე” აღმოჩნდა?
2009 წელს მთელი მსოფლიო დაძაბული ელოდა ფრინველის გრიპის პანდემიას. ყველა ვარაუდობდა, რომ ახალი კატასტროფა სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან დაიწყებოდა და ამის მიზეზად H5N1-ს ასახელებდნენ — ვირუსს, რომელსაც უკვე მრავალი წელია აკვირდებოდნენ.
მაგრამ შემდეგ პანდემია დაიწყო… ჩრდილოეთ ამერიკაში.
და მისი გამომწვევი არ იყო H5N1 — არამედ H1N1, იგივე “ღორის გრიპი“.
საინტერესოა, რომ ახალ შტამს იგივე ორი საკვანძო ცილა ჰქონდა, რაც 1918 წლის დამანგრეველ ესპანურ გრიპსაც: ჰემაგლუტინინი (H1) და ნეირამინიდაზა (N1). მართალია, ეს აღარ იყო ზუსტად იგივე ვირუსი, მაგრამ გენეტიკურად მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმ “დემონთან“, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ათეულობით მილიონი სიცოცხლე შეიწირა.
ახალი H1N1 შტამი სავარაუდოდ წარმოიშვა მაშინ, როცა სამი დამოუკიდებელი ვირუსული ხაზი — მათ შორის ერთი 1918 წლის გრიპისგან მომდინარე — ღორის ორგანიზმში შეერწყა ერთმანეთს. შედეგად მივიღეთ სრულიად ახალი, იმუნური სისტემისთვის უცხო ვირუსი.
პანდემია სწრაფად გავრცელდა და მსოფლიო ამჯერად ე.წ. „მოწყალე პანდემიას“ შეესწრო — თუმცა ამ ტერმინს ბევრი შეცდომაში შეჰყავს. მოწყალეობა აქ შედარებითია, არა შინაარსობრივი.
H1N1 განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ორსულებისთვის.
იმ დროისთვის პროფესორი ჯიჯი გრონვალი თავადაც ორსულად იყო და იხსენებს, როგორ ელოდა ვაქცინის მიღებას — შიშითა და იმედით. მას მკურნალობდა გინეკოლოგი, რომელიც ასევე პროფესიულად იცნობდა გრონვალს, როგორც ინფექციურ დაავადებათა ექსპერტს.
ერთ დღეს ექიმმა უბრალოდ უთხრა: “გუშინ კიდევ ერთი ჯანმრთელი ორსული ქალი დავკარგეთ H1N1-ისგან.“
ეს ერთი ფრაზა ასახავს იმ ემოციურ სიღრმეს, რაც 2009 წლის პანდემიის უკან იდგა — შიშს, დაუცველობას და იმედგაცრუებას.
კვლევების მიხედვით, 1918 წლის ესპანურ გრიპსაც გააჩნდა უნარი, განსაკუთრებით მძიმედ მოეხდინა ზემოქმედება ორსულ ქალებზე. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ 2009 წლის ვირუსმა სწორედ ამ წინაპრისგან მიიღო მსგავსი თვისება — გენეტიკური მემკვიდრეობით, რომელიც შეიძლება ათწლეულობით იმალებოდა ცხოველთა ორგანიზმებში, რომ შემდეგ ისევ დაბრუნებულიყო.
პირველცოდვილი ანტიგენი
გაიხსენე შენი პირველი სიყვარული, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ შემდეგ ყველა ახალ ურთიერთობას, შენგან დამოუკიდებლად, მაინც მას ადარებ. დაახლოებით ასე მოქმედებს ჩვენი იმუნური სისტემაც: ის არასოდეს ივიწყებს პირველ ვირუსს, რომლის წინააღმდეგაც იბრძოლა — და შემდგომი ინფექციების შეფასებასაც ამ პირველ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახორციელებს.
ამ ფენომენს იმუნოლოგიაში პოეტურად ეწოდება “ორიგინალური ანტიგენური ცოდვა“ (original antigenic sin), მაგრამ მე ჩემი მეგობარი სანდროს მიერ მოგონილი “პირველცოდვილი ანტიგენი” უფრო მომწონს. ეს ტერმინი გულისხმობს იმას, რომ ადამიანის იმუნური სისტემა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინახავს პირველი ვირუსის “პროფილს“ და მომავალში ახალი შტამების შეფასებასაც სწორედ ამ პირველის გამოცდილების მიხედვით აკეთებს.
მაგალითად:
- ვინც დაიბადა 1918-1957 წლებში, სავარაუდოდ პირველად შეხვდა H1N1 ტიპის გრიპს
- ვინც დაიბადა 1957-1968 წლებში — H2N2-ს, ანუ აზიურ გრიპს
- ხოლო 1968 წლის შემდეგ დაბადებულებმა — H3N2-ს ანუ ჰონგ კონგის გრიპი.
2009 წელს, როდესაც მსოფლიოში H1N1-ის პანდემია დაიწყო, მკვლევრებმა შენიშნეს უცნაური ტენდენცია: 1957 წლამდე დაბადებულები შედარებით დაცულები აღმოჩნდნენ — მათმა იმუნურმა სისტემამ იცნო ვირუსის ზოგიერთი ელემენტი, რაც წარსულში უკვე ჰქონდათ გადატანილი.
ეს დაკვირვება მოგვიანებით H5N1 და H7N9 ტიპის ფრინველის გრიპზეც გავრცელდა.
მკვლევრებმა შეისწავლეს ამ ორ შტამით ინფიცირებულთა ასაკობრივი განაწილება და აღმოაჩინეს საინტერესო კავშირი:
- H5N1 ვირუსი უფრო მძიმედ მიმდინარეობდა იმ ადამიანებში, ვინც 1968 წლის შემდეგ იყო დაბადებული
- ხოლო H7N9 გაცილებით სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის, ვინც 1968-მდე დაიბადა;
შესაძლოა, ადრეული კონტაქტი H1N1 ტიპის გრიპთან ნაწილობრივ იცავს H5-ის მსგავსი შტამებისგან, ისევე როგორც H3 შეიძლება უზრუნველყოფდეს გარკვეულ დაცვას H7-ს მიმართ.
ეს ყველაფერი ერთდროულად წარმოადგენს როგორც სამეცნიერო დაკვირვებას, ისე ღრმად ადამიანურ იმედს: შესაძლოა, ჩვენი იმუნური სისტემა არაა ისეთი დაუცველი, როგორც გვგონია. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის “სახე“ ჩვენი იმუნური მეხსიერებისთვის ოდნავ მაინც ნაცნობია — ის ბევრად უკეთ პასუხობს მის შემოტევას.
და ეს H7N9 რაღაა? ალბათ გაგიჩნდებოდათ ეს კითხვა. H7N9 არის ფრინველის გრიპის კიდევ ერთი შტამი, რომელიც პირველად 2013 წელს აღმოაჩინეს ჩინეთში, საშიშ ზოონოზურ ვირუსად ითვლება, მაღალი სიკვდილობის მაჩვენებლით, მაგრამ ეს სხვა სტატიის თემაა.
COVID-19 და მომავლის სიგნალი
შეიძლება იფიქრო — რატომ უნდა გვაშფოთებდეს გრიპი, როცა სულ ახლახან გავიარეთ გლობალური პანდემია, რომელიც გრიპი კი არ იყო, არამედ სრულიად ახალი კორონავირუსი?
ზუსტად ეს არის საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: COVID-19-მა გვაჩვენა, როგორ რეაგირებს მსოფლიო, როცა თავს დამტყდარი პანდემია რეალობად იქცევა — და როგორ ვერ რეაგირებს.
როგორც პროფესორი ჯიჯი გრონვალი ამბობს, COVID-ის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა არ გამტკიცდა — პირიქით, გარკვეულწილად დასუსტდა. იმედგაცრუებამ და გადაღლილობამ მრავალი პროფესიონალი ჯანდაცვის სისტემიდან გაუშვა. პანდემიის პირველ პერიოდში გაზრდილი ინტერესი მალევე ჩაცხრა. ახლა კი საზოგადოებაში გაღრმავდა უნდობლობა, შეინიშნება სკეპტიციზმი და კომუნიკაციაში ხშირად ერევა შეთქმულების თეორიები.
და მაინც, ის, რაც COVID-19-მა დაგვიტოვა, მხოლოდ ნეგატიური არ იყო.
პანდემიამ გვასწავლა:
- როგორ შეიძლება სწრაფად შეიქმნას ტესტები და ვაქცინები
- როგორ გაუმჯობესდა გლობალური სამეცნიერო კოორდინაცია — კვლევების სწრაფი ონლაინ გამოქვეყნება, რაც ინფორმაციის გაზიარებას უკვე საათებში ხდიდა შესაძლებელს
- როგორ შეიძლება ფუნქციონირებდეს კარანტინი, კონტაქტების მოძიება და სოციალური დისტანცირება — თუნდაც ნაწილობრივ
მაგრამ ასევე ვნახეთ მეორე მხარეც:
- როგორ ივსება საავადმყოფოები და იწურება საწოლფონდი
- როგორ ქრება ნდობა — როგორც სისტემური, ისე ადამიანურ დონეზე
- როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია, შიში და ქსენოფობია
- და ხშირად როგორ ვერ იქცევიან ადამიანები მხოლოდ სხვების დასაცავად — მაშინაც კი, როცა ეს პირდაპირ ეხება ადამიანების სიცოცხლეს
შეიძლება ითქვას, COVID-19-მა ნაწილობრივ გაგვიმტკიცა ინსტრუმენტები, მაგრამ ფსიქოლოგიურად და სოციალური თვალსაზრისით, გამოგვფიტა. და სწორედ ამ გადაღლილობის, დაღლილობისა და გამოფიტულობის ფონზე არსებობს რეალური საფრთხე — რომ შემდეგი კრიზისის დროს, როგორიც შეიძლება იყოს H5N1-ის ფართომასშტაბიანი აფეთქება, ჩვენ მზად აღარ დაგვხვდეს ის, რაც COVID-ის დასაწყისში მაინც გვქონდა: მობილიზაცია, ენთუზიაზმი, მოქმედების მოტივაცია.
და ასეთ მომენტს გრიპის ვირუსი ნამდვილად არ გამოტოვებს.
სად არის ახლა ფრინველის გრიპი?
2010-იანი წლების განმავლობაში თითქოს H5N1-ის თემა ჩრდილში მოექცა. საზოგადოებამ იფიქრა, რომ საფრთხე დასრულდა — თითქოს ეს იყო ერთჯერადი განგაში, რომელიც ჩაცხრა. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა.
როგორც ვირუსოლოგი რიჩარდ ვები ამბობს: “ვირუსი არსად წასულა — უბრალოდ, ჩვენ აღარ ვიყავით ყურადღებით.“
ზედამხედველობის საერთაშორისო სისტემები დასუსტდა: შემცირდა ველური ფრინველების მონიტორინგი, დაფინანსება შეიკვეცა, გაფრთხილებებზე რეაგირების სიჩქარე შემცირდა.
ამ ხარვეზმა კი ვირუსს მისცა სწორედ ის, რაც სჭირდებოდა: დრო და სივრცე.
ფარულად განიცადა მუტაციები. შეიძინა ახალი უნარები. მოემზადა მორიგი დაბრუნებისთვის.
2021 წელს ვირუსმა განვლო ევოლუციური ნახტომი. H5-ის ერთ-ერთმა შტამმა, რომელსაც clade 2.3.4.4b ეწოდება, გამოავლინა ახალი თვისებები:
ის ადვილად შედის ფრინველის უჯრედებში და სწრაფად ვრცელდება ფარებში (ფრინველთა ჯგუფებში, ანუ ფერმაში ან ბუნებრივ გარემოში არსებულ მჭიდრო გაერთიანებებში).
გლობალური შედეგი იყო შთამბეჭდავი და შემაშფოთებელი:
- H5N1-მა დაიწყო გავრცელება ველურ ფრინველებში
- დაარტყა ჩრდილოეთ ამერიკას, შემდეგ ევროპას
- დაიწყო ცირკულაცია სამხრეთ ამერიკაშიც
დღეს ეს შტამი უკვე ენდემურია ევროპის ბევრ ქვეყანაში. ანუ ვირუსი ადგილობრივ ბიოლოგიურ სისტემაში სრულადაა ინტეგრირებული და არა მხოლოდ გადამფრენ ფრინველებზეა დამოკიდებული.
2022 წელს დაიწყო ახალი ფაზა: H5N1-მა დაიწყო ძუძუმწოვრების ინფიცირება. ეს იყო ნიშანი, რომ ვირუსი ფართოვდება სახეობებს შორის. ინფიცირებულთა სიაში აღმოჩნდნენ: ზღვის ლომები, მელიები და სხვა მტაცებლები, რომლებიც ჭამდნენ ინფიცირებულ ფრინველებს.
ამავდროულად გამოვლენილ იქნა ინფიცირებული მწყემსი ძაღლებიც, ზოგიერთი შემთხვევაში — შინაური კატები და სხვა ცხოველები.
2024 წელს, H5N1-ის ვირუსმა აშშ-ში ახალი საფრთხე წარმოშვა, როდესაც იგი გავრცელდა რძის ფერმებში და ძროხების დაინფიცირება გამოიწვია. ეს მოვლენა პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ფრინველის გრიპი ძროხებში დაფიქსირდა, რაც მეცნიერებისთვის სერიოზული შეშფოთების მიზეზი გახდა.
ძროხებში ინფექციის სიმპტომები მოიცავდა რძის წარმოების შემცირებას, სქელ და არანორმალურ რძეს, ცხვირიდან გამონადენს და ზოგად სისუსტეს. ვირუსი მაღალი კონცენტრაციით აღმოჩნდა დაუპასტერიზებელ რძეში, რაც ფერმის მუშაკებისთვის ინფექციის რისკს ზრდიდა.
2024 წლის აპრილში, ტეხასში, ერთ-ერთ ფერმერს ინფიცირებული ძროხების რძესთან კონტაქტის შემდეგ კონიუნქტივიტი განუვითარდა. ეს იყო პირველი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც H5N1 ვირუსი ძროხიდან ადამიანს გადაედო. მომდევნო თვეებში, მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა მიჩიგანსა და კოლორადოში, სადაც ფერმერებს მხოლოდ თვალის ანთება აღენიშნებოდათ.
ამ შემთხვევებმა აჩვენა, რომ ვირუსი ადამიანში ძირითადად თვალთან კონტაქტით გადადის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციის სიმძიმე შესაძლოა გადაცემის გზაზე და ვირუსის კონცენტრაციაზე იყოს დამოკიდებული.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) მოუწოდა ფერმერებს და საზოგადოებას, რომ თავი აარიდონ დაუპასტერიზებელი რძის მოხმარებას და დაიცვან უსაფრთხოების ზომები, ინფექციის რისკის შესამცირებლად.
2025 წლის აპრილისთვის აშშ-ში დადასტურდა 70 ადამიანის ინფიცირება H5N1 ვირუსით. მათი უმეტესობა ფერმაში მუშაობდა, თუმცა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა პაციენტში, რომელსაც არ ჰქონდა დადგენილი კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველებთან. ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
მაშ ვინ დახოცა ქათმები და რატომ?
დახოცა ამერიკის ფედერალურმა ხელისუფლებამ. და არა მხოლოდ ბაიდენის დროს. ფრინველების მასობრივი განადგურების გეგმა — რომელიც საზოგადოებაში სარკაზმითა და ბრალდებებით გადაიფარა — სინამდვილეში აშშ–ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მრავალწლიანი ბიოუსაფრთხოების პროტოკოლის ნაწილია. აღნიშნული პროტოკოლი მკაცრად ადგენს: ნებისმიერ ინფიცირებულ ფარაში ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, აუცილებელია მთელი ფარის განადგურება, რათა თავიდან იქნას აცილებული H5N1 ვირუსის ადამიანებზე გადასვლა.
2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში, ეს პოლიტიკა უპრეცედენტო მასშტაბით ამოქმედდა:
- განადგურდა დაახლოებით 150 მილიონი მკვერცმდებელი ქათამი, რაც ქვეყნის კვერცხის ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის გასანადგურებლად საკმარისი იყო;
- დაიხურა ასობით ფრინველის ფერმა — მათ შორის მსხვილი მომწოდებლები;
- კვერცხის მიწოდების სისტემა საშინელი ზეწოლის ქვეშ მოექცა;
- და მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაცია გაიცა ფერმერებისთვის, ბევრი მათგანი გაკოტრდა, ნაწილმა საქმიანობა შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა მოქმედებდა ტრამპის ადმინისტრაციის დროსაც — ბიოუსაფრთხოების ეს სტრატეგია არც ახალია და არც პარტიული. ის უბრალოდ უხილავი რჩებოდა — სანამ პანდემიური ზეწოლა არ გამოჩნდა ფართო ეკონომიკაზე და საცალო ფასებზე.
საბოლოოდ, ქათმები დახოცა სისტემამ — რეაგირების სისტემამ, რომელიც სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შეიქმნა. და რაც მთავარია, არც არავის უფიქრია მისი შეცვლა — იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიდევ 150 მილიონი ფრინველის დახოცვა იქნება საჭირო მომავალში.
ამიტომ, რაც X-ზე წერია და რაც სინამდვილეში ხდება — ეს ყოველთვის ერთი და იგივე არაა. ასე რომ, დიახ — ქათმები დახოცა სახელმწიფომ. მაგრამ არა სიმკაცრით, არამედ სიფრთხილით. არა იმპულსურად, არამედ იმ ვირუსის შეჩერების სურვილით, რომელიც შესაძლოა ჩვენი შემდეგი პანდემია გახდეს…
შედეგად კი კვერცხი გაძვირდა.
მაგრამ… ისევ ეს სიტყვა პანდემია…შეგვძლია კი პოტენციური პანდემიის შეჩერება? დავიწყოთ იმით, რომ დღეს უკვე არსებობს H5N1-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და ჩვენი ცოდნა საკმარისია იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, გრიპის ვაქცინა ამ შტამზე მორგებულად და სწრაფად შეიქმნას. გარდა ამისა, მიმდინარეობს კვლევები ე.წ. უნივერსალური გრიპის ვაქცინის შექმნაზე — ისეთი ვაქცინის, რომელიც დაფარავს გრიპის ყველა შტამს და ეფექტი ექნება წლობით.
მაგრამ სიახლე აქაც გვაქვს, სულ ახლახან ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა 766 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება, რომელიც კომპანია Moderna Inc.-ს პანდემიური გრიპის ვაქცინის შესაქმნელად ჰქონდა გამოყოფილი. იხილეთ სრულად: http://gowell.ge/moderna/
ეს რთული ამოცანაა, მაგრამ პროგრესი რეალურია. მით უმეტეს, COVID-19-ის პანდემიამ მიგვიყვანა ახალ ეპოქაში — mRNA ტექნოლოგიების ეპოქაში. ეს ტექნოლოგია ვაქცინების სწრაფ წარმოებას, ადაპტაციას და საჭიროებისამებრ მოდიფიკაციას ბევრად ამარტივებს და, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი იარაღი გახდება მომავალ პანდემიებთან ბრძოლაში.
მაგრამ დღეს — სწორედ ამ ეტაპზე — გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ვგეგმავთ რესურსებს.
ვინ უნდა აიცრას პირველ რიგში? ამ დროისთვის, H5-ზე შექმნილი ვაქცინების მარაგი შეზღუდულია. ამიტომ საკითხი, ვისთვის უნდა იყოს ის ხელმისაწვდომი პირველ რიგში, არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ეთიკური არჩევანიც არის.
პასუხი კი ასე გამოიყურება:
- ისინი, ვინც მუშაობენ ფრინველისა და პირუტყვის ფერმებში
- მიგრანტი მუშახელი, რომელსაც ყოველდღიურად აქვს კონტაქტი ცხოველებთან
- რძის ფერმების თანამშრომლები, რომლებიც უკვე აღმოჩნდნენ ინფიცირების რისკის ზონაში
ამ ადამიანებმა არ უნდა გადაიხადონ უმძიმესი ფასი მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ ხაზზე დგანან.
მაგრამ ეს საკმარისია? თეორიულად — კი. პრაქტიკაში — ხშირად არა.
დამაბრკოლებელია ბიუროკრატია, დაფინანსების დეფიციტი და პოლიტიკური ნების ნაკლებობა. და მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა:
“შეიძლება მილიარდი დოლარი დახარჯო H5-ის ვაქცინებზე — და ბოლოს… არაფერი მოხდეს.“
მაგრამ თუ მოხდება — და არ ვიქნებით მზად — შედეგი შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს.
ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის პარადოქსი:
ყველაზე წარმატებული პოლიტიკა ისაა, რომლის შედეგია ის, რომ… არაფერი მოხდეს.




