ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი კვებითი რაციონი, კერძოდ კი დიეტური გაზიანი სასმელების მოხმარება იმით გაამართლა, რომ შესაძლოა, ეს პროდუქტი კიბოს პრევენციას უწყობდეს ხელს. ეს განცხადება საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმ მეჰმეთ ოზისა და პრეზიდენტის უფროსი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის პოდკასტის (Triggered with Don Jr) საშუალებით გახდა. ჩავაწერი შეგიძლიათ ნახოთ აქ: ბმული.
პრეზიდენტის კომენტარებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან მყისიერი რეაგირება გამოიწვია. ექიმები საზოგადოებას მკაცრად აფრთხილებენ და ახსენებენ, რომ დიეტურ გაზიან სასმელებს კიბოს პრევენციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
პოდკასტის მიმდინარეობისას ექიმმა ოზმა დონალდ ტრამპ უმცროსს უთხრა:
“მამაშენი ამტკიცებს, რომ დიეტური გაზიანი სასმელი მისთვის სასარგებლოა, რადგან თუ მას ბალახზე დაასხამ, ბალახს კლავს. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ სხეულში მოხვედრისას ეს სითხე კიბოს უჯრედებსაც გაანადგურებს“.
ოზმა ასევე გაიხსენა პრეზიდენტთან შეხვედრა ბორტ ნომერ პირველზე (Air Force One), სადაც ტრამპს მაგიდაზე გაზიანი სასმელი – Fanta ედგა: “როდესაც ვკითხე, ხუმრობდა თუ არა, მან გაიღიმა და მიპასუხა — იცი, ეს რამ ჩემთვის სასარგებლოა, ის კიბოს უჯრედებს კლავს“. ოზმა, რომელიც გულ-მკერდის ქირურგი და ტელესახეა, ხოლო ამჟამად აშშ-ის “მედიქერისა და მედიქეიდის მომსახურების ცენტრებს“ (CMS) ხელმძღვანელობს, გაიხსენა ტრამპის ხუმრობაც იმის შესახებ, რომ Fanta არ შეიძლება არაჯანსაღი იყოს, რადგან ის “ახლადგამოწურული“ ფორთოხლის წვენის კონცენტრატისგან მზადდება. საპასუხოდ, დონალდ ტრამპ უმცროსმა მამის ჩვევები დაიცვა და აღნიშნა: “შეიძლება რაღაც ლოგიკა მართლაც არსებობს, რადგან ბევრ 80 წელს მიტანებულ მამაკაცს არ აქვს მისი დონის ენერგია, მეხსიერება და გამძლეობა“.
ტრამპის კვებით ჩვევებზე საუბარი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი კვების ეროვნული გაიდლაინების განახლებაზე მუშაობს და “ნამდვილი საკვების“ პოპულარიზაციას ცდილობს. როგორც ექიმმა ოზმა აღნიშნა, ტრამპი დიდი ხანია იცავს თავის არჩევანს ტკბილ სასმელებსა და სწრაფ კვებასთან დაკავშირებით: “მას არ სურს ავად გახდეს, ამიტომ მიირთმევს ‘ჯანქ ფუდს’ (Junk food), ოღონდ ისეთს, რომელიც დიდ და სანდო ქსელებში მზადდება, რადგან იქ ხარისხის კონტროლი მოქმედებს“.
დიეტური გაზიანი სასმელების უმეტესობა ტკბება ასპარტამით – დაბალკალორიული ხელოვნური დამატკბობლით, რომელიც შაქარზე დაახლოებით 200-ჯერ უფრო ტკბილია. სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) ასპარტამი “ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენად“ (ჯგუფი 2B) კლასიფიცირდა. ეს კლასიფიკაცია ეფუძნება შეზღუდულ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუთითებს პოტენციურ კავშირზე კიბოსთან (განსაკუთრებით ღვიძლის კიბოსთან) ადამიანებში, ისევე როგორც ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შეზღუდულ შედეგებს. IARC-ის კლასიფიკაცია ასახავს მტკიცებულებების სიმყარეს იმის შესახებ, შეუძლია თუ არა რაიმეს გამოიწვიოს კიბო და არა იმის ალბათობას, რომ ის რეალურად გამოიწვევს მას. 2B ჯგუფი ნიშნავს, რომ ადამიანებში ან ცხოველებში არსებობს მტკიცებულება, თუმცა ის სუსტია.
2022 წელს საფრანგეთში ჩატარებულმა მასშტაბურმა კოჰორტულმა კვლევამ, რომელშიც 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ასპარტამი კიბოს რისკის 15%-ით ზრდასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, კვლევას არ დაუდგენია პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რადგან შედეგებზე შესაძლოა სხვა ფაქტორებსაც მოეხდინა გავლენა. გარდა ამისა, კვლევები მიუთითებს, რომ ასპარტამმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაწლავის მიკრობიომზე, რაც მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის უარყოფით შედეგებს იწვევს. Cedars-Sinai-ს მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნური დამატკბობლები ცვლილებებს იწვევს ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში და საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით, ცვლის ნაწლავის მიკრობულ მრავალფეროვნებას. ინგლისის ანგლია რასკინის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ჰავოვი ჩიჩგერის განცხადებით, დამატკბობლების (საქარინი, სუკრალოზა, ასპარტამი) უარყოფითი გავლენა სულ უფრო ნათელი ხდება, რადგან ისინი აზიანებენ ნაწლავის კედელს და კლავენ “კარგ ბაქტერიებს“. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური დამატკბობლებისა და კიბოს კავშირზე მეცნიერება ჯერ კიდევ მსჯელობს, არ არსებობს არცერთი სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დიეტურ გაზიან სასმელს კიბოს განკურნება ან პრევენცია შეუძლია.
ჩიკაგოელმა პედიატრმა-იმუნოლოგმა ზაქარი რუბინმა პოდკასტს შემდეგი კომენტარით უპასუხა: “თუ Fanta ბალახს კლავს და ეს ნიშნავს, რომ ის კიბოს უჯრედებსაც კლავს, მაშინ იმავე ლოგიკით მათეთრებელი სითხეც სუპერსაკვები ყოფილა, რაც ყველამ ვიცით, რომ აბსურდია“. მან ასევე გაიხსენა ტრამპის ძველი განცხადებები კოვიდ-პანდემიის დროს სადეზინფექციო საშუალებების ინექციისა და ორგანიზმში “ძლიერი სინათლის“ შეყვანის შესახებ. საგანგებო სიტუაციების ექიმმა ოვეის დურანიმ კი სოციალურ ქსელში დაწერა: “მეგობრული შეხსენება ექიმისგან: გაზიანი ან დიეტური სასმელები კიბოს უჯრედებს არ კლავს“.




