ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ბევრ ქვეყანაში რუტინული ვაქცინაციის მაჩვენებლები კვლავ მცირდება, ვაქცინით მართვადი ინფექციების აფეთქებები კი უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში ვრცელდება. ყველაზე მოწყვლად ჯგუფად კვლავ რჩებიან ბავშვები, რომლებსაც ვაქცინის არც ერთი აუცილებელი დოზა არ მიუღიათ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 9 ივნისს გამოაქვეყნა განახლება, რომელიც ვაქცინაციის პროგრამებში მიღწეულ შედეგებსა და მიმდინარე საფრთხეებს აჯამებს. განცხადება ემთხვევა Immunization Agenda 2030-ის შუალედურ ეტაპს – პერიოდს, როდესაც ქვეყნებმა უნდა შეაფასონ, რამდენად რეალისტურია ათწლეულის ბოლომდე დასახული მიზნების შესრულება. ჯანმოს შეფასებით, მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანია, თუმცა მყიფეა: თვითდამშვიდების ფუფუნება არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
ორგანიზაცია რამდენიმე ერთდროულ პრობლემაზე მიუთითებს. ბევრ ქვეყანაში რუტინული იმუნიზაციის დაფარვა მცირდება; ვაქცინით მართვადი დაავადებების აფეთქებები სულ უფრო მრავალ ქვეყანაში ფიქსირდება; უთანასწორობა განსაკუთრებით აზიანებს ე.წ. zero-dose ბავშვებს – ბავშვებს, რომლებსაც საბაზისო ვაქცინაციის არც ერთი დოზა არ მიუღიათ. სიტუაციას ართულებს დეზინფორმაცია, შეიარაღებული კონფლიქტები, კლიმატთან დაკავშირებული ზეწოლა და შეზღუდული დაფინანსება.
ჯანმოს ბოლო სრულად ხელმისაწვდომი გლობალური მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიოში დაახლოებით 14.3 მილიონი ბავშვი დარჩა ვაქცინაციის გარეშე. დიფტერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით მოცვა 85% იყო, ხოლო წითელას პირველი დოზით – 84%. წითელას შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ დონეს.
განახლება მხოლოდ პრობლემებზე არ საუბრობს. ჯანმო აღნიშნავს, რომ The Big Catch-Up ინიციატივამ ქვეყნებს მისცა შესაძლებლობა, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გამოტოვებული ვაქცინაციები ნაწილობრივ აღედგინათ და პირველადი ჯანდაცვის სისტემებიც გაეძლიერებინათ. თუმცა დაგროვილი ჩამორჩენის შემცირება საკმარისი არ არის: საჭირო ხდება იმ მოსახლეობაზე გასვლა, რომელიც წლების განმავლობაში რჩება პროგრამების მიღმა.
WHO ასევე ყურადღებას ამახვილებს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინებზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, განასა, კენიასა და მალავიში მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მალარიის საწინააღმდეგო RTS,S ვაქცინის გამოყენებამ ოთხი წლის განმავლობაში ბავშვთა გარდაცვალებების დაახლოებით ყოველი მერვე შემთხვევის პრევენცია უზრუნველტო. ამჟამად აფრიკის 25 ქვეყანაში მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს.
ვაქცინაციის პროგრამები მხოლოდ ინფექციის თავიდან აცილების საშუალებად აღარ განიხილება. ჯანმო მათ ჯანმრთელობის უსაფრთხოების უფრო ფართო სისტემის ნაწილად ხედავს: აუცილებელია ვაქცინაციის, ეპიდზედამხედველობისა და საგანგებო რეაგირების მექანიზმების უკეთ დაკავშირება, რათა ახალი აფეთქებების შემთხვევაში ქვეყნებმა უფრო სწრაფად იმოქმედონ.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
საქართველოსთვის ძირითადი ამოცანა მხოლოდ ცალკეული ვაქცინების ხელმისაწვდომობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა დოზები დროულად და სრულად მიიღონ, საზოგადოებას ჰქონდეს სანდო ინფორმაცია, ხოლო ოჯახის ექიმებმა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა გამოტოვებული აცრების აღმოჩენა და აღდგენა შეძლონ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაცია იმ მშობლებთან, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებენ არა მკაფიო უარის, არამედ დაბნეულობის, დეზინფორმაციის ან ექიმთან არასაკმარისი კომუნიკაციის გამო. ჯანმოს განახლების მთავარი გზავნილი სწორედ ისაა, რომ ვაქცინაციისადმი ნდობა ისეთივე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, როგორც ვაქცინების მარაგი და აცრის კაბინეტები.
წყარო: https://www.who.int/




