ბოლო წლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და მკვლევრების შეშფოთებას იწვევს გლობალური ტენდენცია: 50 წლამდე ასაკის პოპულაციაში ნაწლავის კიბოს შემთხვევები სულ უფრო ხშირდება. ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულმა უახლესმა კვლევამ ამ პრობლემას ახალი პერსპექტივიდან შეხედა და ერთ-ერთ პოტენციურ გარემო ფაქტორად სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებული ჰერბიციდი – “პიკლორამი“ გამოავლინა.
პრობლემა ის იყო, რომ კიბოს კოჰორტებს ჩვეულებრივ არ გააჩნიათ დეტალური ჩანაწერები, თუ რასთან ჰქონდა კონტაქტი პაციენტს ცხოვრების განმავლობაში. ვინ სად ცხოვრობდა, რა ჭამდა, რა ჰაერს სუნთქავდა, ამ ინფორმაციის შეგროვება წლების განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელია.
მაგრამ მეცნიერებმა ეშმაკური გამოსავალი იპოვეს. ჩვენი სხეული ჩვენს გარემოს “ჩაიწერს” ეპიგენომში, ანუ ქიმიურ ნიშნულებში, რომლებიც ჩვენს დნმ-ს ეკვრის. ბევრ ნივთიერებას, მათ შორის კვამლს, სხვადასხვა ქიმიკატს და საკვებ ჩვევებს, კარგად შესწავლილი “კვალი” აქვს ამ ნიშნულებში. ამ კვალის ანალიზით შეიძლება ვიმსჯელოთ, რა გავლენა განიცადა ადამიანმა.
მკვლევრებმა 29 ასეთი ფაქტორისთვის, ანუ 11 ცხოვრების წესთან დაკავშირებული მახასიათებლისა და 14 სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატისთვის შექმნეს “მეთილირების რისკ-ქულები” და შეადარეს ახალგაზრდა პაციენტები (50 წლამდე) ხანდაზმულ პაციენტებს (70 წელს გადაცილებული).
ზოგი შედეგი სიახლე არ ყოფილა. ახალგაზრდა პაციენტებს უფრო ნაკლებად ახასიათებდათ მედიტერანული დიეტა, ნაკლები განათლება ჰქონდათ, მეტი ეწეოდნენ. სიმსუქნე კი, საინტერესოდ, ნაკლებად ახასიათებდათ ახალგაზრდა პაციენტებს, ხანდაზმულებთან შედარებით.
ეს შედეგები, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ მიდგომა სწორია: ცნობილი ფაქტორები “ჩანს” ეპიგენომის მეშვეობით.
მოულოდნელი კი ის შედეგი გახდა, რომ ჰერბიციდ პიკლორამის ეპიგენეტიკური “კვალი” გაცილებით უფრო ხშირი იყო ახალგაზრდა პაციენტებში. ეს კავშირი სტატისტიკურად მყარი აღმოჩნდა არა მხოლოდ საწყის ჯგუფში, არამედ ცხრა დამოუკიდებელ კოჰორტში ჩატარებული მეტა-ანალიზის დროსაც.
პიკლორამი 1964 წლიდან აქტიურად გამოიყენება მარცვლეულ კულტურებში სარეველების წინააღმდეგ. ადამიანის ორგანიზმში ის ძირითადად საკვების, კერძოდ, მარცვლეული პროდუქტებისა და იმ ცხოველების ხორცის მეშვეობით ხვდება, რომელთა საკვებიც ამ ჰერბიციდით დამუშავდა. ვინაიდან 70 წელს გადაცილებული ადამიანები ბავშვობის ასაკში ამ ქიმიკატის ზემოქმედებას ვერ განიცდიდნენ (მისი არარსებობის გამო), ახალგაზრდა თაობამ მთელი ცხოვრება მისი პოტენციური გავლენის გარემოში გაატარა.
ეპიგენეტიკური მონაცემების პარალელურად, მკვლევრებმა გადახედეს 1992-2012 წლების პოპულაციურ სტატისტიკას აშშ-ის 94 საოლქო ერთეულში. ანალიზმა აჩვენა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალებში, სადაც პიკლორამი მეტი რაოდენობით გამოიყენებოდა, ახალგაზრდებში ნაწლავის კიბოს სიხშირე მკვეთრად მაღალი იყო.
მიუხედავად სტატისტიკური კორელაციისა, კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები ჯერჯერობით არ წარმოადგენს პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ მტკიცებულებას. ლაბორატორიულ პირობებში კვლავ შესასწავლია პიკლორამის მოქმედების უშუალო ბიოლოგიური მექანიზმი ნაწლავის უჯრედებზე, ტოქსიკური დოზირება და ეპიგენეტიკური ცვლილებების შექცევადობა. ნაშრომი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ონკოლოგიური დაავადებების მართვაში გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად გარემო პირობებისა და ქიმიური დატვირთვის კომპლექსურ შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.




