მას შემდეგ, რაც 2026 წლის 2 მაისს საკრუიზო გემზე “MV Hondius” ჰანტავირუსის პირველი შემთხვევების შესახებ ეცნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO), ინტერნეტი დეზინფორმაციამ სწრაფად მოიცვა. მისი დიდი ნაწილი ნაცნობია და იმეორებს COVID-19-ის პანდემიისდროინდელ შეთქმულების თეორიებს, მაგალითად, ყალბ მტკიცებებს იმის შესახებ, რომ პრეპარატი ივერმექტინი ეფექტურია ამ ინფექციის სამკურნალოდ, ხოლო ვაქცინები თავად იწვევენ აფეთქებას. ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი (დაავადებების გავრცელების შემსწავლელი მეცნიერი) კატრინ უოლესი აღნიშნავს, რომ ჰანტავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია არა იზოლირებული ჭორების, არამედ მუდმივი ონლაინ ეკოსისტემის სახით მოქმედებს. ეს აზროვნება მზადაა, რომ სწრაფად მიემართოს ჯანმრთელობის ნებისმიერ ახალ საფრთხეს სულ რამდენიმე საათში.
თუმცა, ინტერნეტში არაზუსტი ინფორმაცია ყოველთვის ბოროტი განზრახვით არ ვრცელდება. თანამედროვე ციფრულ სივრცეში ჯანდაცვის სფეროს ბლოგერები და ინფლუენსერები ხშირად იყენებენ სათაურებს კითხვითი ფორმატით: “იწყება თუ არა ახალი პანდემია?” ან “შესაძლებელია თუ არა ახალი პანდემია გამოიწვიოს ჰანტავირუსმა?”. მსგავსი ფორმულირება მყისიერად იპყრობს ყურადღებას და მკითხველის გონებაში ავტომატურად აკავშირებს ორ განსხვავებულ საკითხს: ახალ ინფექციასა და გლობალურ კატასტროფას. მიუხედავად იმისა, რომ ავტორთა უმეტესობა, მათ შორის საქართველოშიც, ტექსტის შინაარსში მკაფიოდ განმარტავს, რომ რეალური საფრთხე არ არსებობს, პირველადი ემოციური ფონი და შფოთვა მაინც ნარჩუნდება. ეს განაპირობებს საზოგადოების მგრძნობელობის მატებას, რის გამოც მომავალში ამ თემის ნებისმიერი ხსენება ნეგატიურ რეაქციას იწვევს.
სოციალური მედიის ალგორითმები მსგავს მაღალ ჩართულობას კონტენტის კიდევ უფრო მეტი გავრცელებით პასუხობენ, რითაც შემდგომში დეზინფორმაციის მიზანმიმართული გამავრცელებლები სარგებლობენ. საბოლოო ჯამში ყალიბდება შიშისა და უნდობლობის გარემო, სადაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მარტივი წინადადებისთვის, რომ “გლობალური საფრთხე არ არსებობს”, საინფორმაციო სივრცე აღარ რჩება. ამ პროცესს, ხშირად უნებლიეთ, როგორც სენსაციაზე ორიენტირებული აქტორები, ისე სანდო წყაროებიც კვებავენ. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჯანმრთელობის ინფლუენსერებს უარყოფითი განზრახვა აქვთ, არამედ ციფრული პლატფორმების სპეციფიკიდან გამომდინარე: ხმაურიანი სათაურების გამოყენების ცდუნებას, რაც მასალის ნახვადობასა და გაწეული შრომის ეფექტურობას განსაზღვრავს, გვერდს პროფესიონალი ავტორებიც იშვიათად უვლიან.
მაგრამ, მოდით დავსვათ კითხვა ასე: იმსახურებდა (და იმსახურებს) კი ჰანტავირუსის ეს აფეთქება ასეთ ყურადღებას? რელევანტური იყო თუ არა ყველა ის კითხვა, რომელიც ამ თემის გარშემო დაისვა, და უნდა დაეკავებინა თუ არა ერთადერთ შემთხვევას საინფორმაციო სივრცის ამხელა ნაწილი? იმისათვის, რომ რეალობა სწორად შევაფასოთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ყალიბდება პანდემიები და აქვს თუ არა მოცემულ ვირუსს გლობალური გავრცელების პოტენციალი.
პანდემიის დაწყებისთვის რამდენიმე ძირითადი წინაპირობაა აუცილებელი: პირველი, უნდა გამოჩნდეს ახალი პათოგენი (დაავადების გამომწვევი), რომლის მიმართაც მოსახლეობას იმუნიტეტი არ გააჩნია; მეორე, ამ გამომწვევს უნდა ჰქონდეს უნარი, გამოიწვიოს ადამიანის დაავადება; და მესამე, რაც ყველაზე მთავარია, ვირუსი ადვილად და მდგრადად უნდა გადასცემოდეს ადამიანიდან ადამიანს (მაგალითად, ჰაერწვეთოვანი გზით).
ჰანტავირუსის შემთხვევაში ეს პირობები არ სრულდება. აქ კი მნიშვნელოვანია COVID-19-თან განსხვავებების გაგება, რადგან სწორედ ამ ორის გათანაბრება იწვევს ყველაზე მეტ შეცდომას:
- ჰანტავირუსი სპეციალისტებისთვის დიდი ხანია ცნობილია; SARS-CoV-2 მეცნიერებისთვის სრულიად ახალი იყო.
- ჰანტავირუსი ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის და ძირითადად მჭიდრო კონტაქტს მოითხოვს.
- მიმდინარე შემთხვევა ლოკალიზებულია და სრულად კონტროლირებადია; COVID-19-ის ადრეულ ეტაპზე ეს შეუძლებელი იყო.
- ჰანტავირუსი ყველაზე გადამდებია სიმპტომების გამოვლენის ფაზაში; კორონავირუსი კი უსიმპტომო ადამიანებისგანაც ვრცელდებოდა.
ადამიანებისთვის რთულია ახალი დაავადების მეცნიერული მხარის გაგება. ეს ხსნის იმას, თუ რატომ დაბრუნდა COVID-ის პერიოდის შეთქმულების თეორიები და სამედიცინო სფეროსადმი უნდობლობა. როდესაც მიმდინარე აფეთქების შესახებ რაიმე გაუგებარია, მარტივია ძველ ნარატივებზე დაყრდნობა.
COVID-ის ტრავმამ შესაძლოა შეცვალოს ჩვენი მსჯელობა და გვაიძულოს, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ უცნობ ვირუსულ აფეთქებებს, როგორც პოტენციურ კატასტროფას. ფსიქოლოგები ამ ფენომენს ნეგატიურობის ან საფრთხის მიკერძოებას უწოდებენ (ფსიქოლოგიური ფენომენი, როდესაც ადამიანი უცნობ საფრთხეს არაპროპორციულად დიდ ყურადღებას აქცევს). ეს ნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში პოსტები, რომლებიც ვირუსის შესახებ შიშსა და გაურკვევლობას თესავს, თითქმის ყოველთვის მეტ ყურადღებას მიიპყრობს, ვიდრე დამამშვიდებელი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედიის აპლიკაციები ცდილობენ მავნე დეზინფორმაციის წაშლას, ალგორითმები ორიენტირებულია მომხმარებლის ყურადღების მიპყრობაზე და არა ფაქტებზე. სოციალური პლატფორმები აჯილდოებენ ჩართულობას და არა სიმართლეს.
დეზინფორმაციის ყველა შემთხვევა შემთხვევითი არ არის. გარდა ფინანსური მოგებისა და პოპულარობის ძიებისა, არსებობს მიზანმიმართული კამპანიებიც – მათ შორის მტრული სახელმწიფოების მიერ წარმოებული – რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობის ჩასათესად არის შექმნილი. ასეთი კამპანიები ჯანმრთელობის კრიზისებს პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის იარაღად იყენებენ.
ასევე, იმავე ქართველი ტროლ-ბოტების კომენტარების შინაარს თუ დააკვირდებით, ნარატივი არის შემდეგი: “ისევ ახალი აფეთქება, ისე გამოგვკეტავენ, ალბათ ახალი ვაქცინის გასაღება უნდათ”. რატომ იხარჯება ამ ნარატივის გავრცელებაზე ამხელა რესურსი? სინამდვილეში ძალიან მარტივია, ვაქცინაციის თემა საზოგადოების პოლარიზაციისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია: მხოლოდ ორი პოზიცია არსებობს, “აქეთ” ან “იქით”. დაყავი და იბატონე.
მოკლედ
ჰანტავირუსის ეს შემთხვევა პანდემიის საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ ის ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მოწყვლადი ვართ ინფორმაციული პანიკის მიმართ. წესით, ეს ბლოგ-პოსტი რეკომენდაციებით უნდა დამესრულებინა: როგორ გავარჩიოთ ყალბი ინფორმაცია დეზინფორმაციისგან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ყველაზე სანდო უწყებების მიერ მართული სიანფორმაციო კამპანიები ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაზეც დღეს ვისაუბრეთ.




