ახალი კვლევის თანახმად, კიბოსთან საბრძოლველად შექმნილმა ვირუსმა შესაძლოა მალე გამოყენების ნებართვა მიიღოს. მან შორს წასული სტადიის მელანომის მქონე პაციენტების ნაწილში სიმსივნეების შემცირება გამოიწვია. ეს იქნება რიგით მეორე მსგავსი ვირუსული თერაპია, რომელიც აშშ-სა და ევროპის მარეგულირებლების მიერ იქნება დამტკიცებული.
კვლევაში, რომლის შედეგებიც იმედისმომცემია, მონაწილეობდა 140 ადამიანი მელანომის (კანის კიბო) შორს წასული ფორმით, რომელთა შემთხვევაში სტანდარტულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. პაციენტების სიმსივნურ წარმონაქმნებში შეიყვანეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ჰერპესის ვირუსი, სახელწოდებით RP1. ვირუსოთერაპიასთან ერთად, ისინი იღებდნენ პრეპარატ ნივოლუმაბს, რომელიც იმუნური სისტემის გააქტიურებას უწყობს ხელს.
შედეგად, მკურნალობაში ჩართული პაციენტების 30%-ს სიმსივნეები შეუმცირდა. აღსანიშნავია, რომ შემცირდა ისეთი სიმსივნეებიც, რომლებშიც ვირუსის პირდაპირი ინექცია არ მომხდარა. ამ პაციენტების ნახევარში კი სიმსივნეები სრულად გაქრა.
“პაციენტების ნახევარს, რომელთა ორგანიზმმაც მკურნალობაზე დადებითად უპასუხა, სრული რემისია დაუდგინდა, რაც ყველა სიმსივნური წარმონაქმნის გაქრობას ნიშნავს“, — განმარტავს კვლევის ავტორი ჯინო კიმ ინი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, ამ სტადიაზე ხელმისაწვდომი სხვა სამკურნალო მეთოდები ნაკლებად ეფექტიანია და მეტი გვერდითი მოვლენა ახასიათებს.
როგორ მუშაობენ კიბოს საწინააღმდეგო ვირუსები?
იდეა, რომ ვირუსული ინფექცია ზოგჯერ კიბოს წინააღმდეგ ორგანიზმს ეხმარება, დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ბუნებრივი, “ველური“ ვირუსებით პაციენტების დაინფიცირება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ, 1990-იანი წლებიდან მეცნიერებმა დაიწყეს ვირუსების გენეტიკური მოდიფიცირება. მიზანი იყო, შეექმნათ ვირუსები, რომლებიც მხოლოდ კიბოს უჯრედებს გაანადგურებდნენ და ჯანმრთელ უჯრედებს არ დააზიანებდნენ.
მაინც როგორ ახერხებენ ამას? წარმოიდგინეთ ვირუსი, როგორც ძალიან პატარა “რობოტი“, რომლის ერთადერთი პროგრამა გამრავლებაა. მეცნიერები ამ “რობოტს“ აპროგრამებენ ისე, რომ ის მხოლოდ კიბოს უჯრედებისთვის გახდეს მომაკვდინებელი და ამავდროულად, გააძლიეროს ჩვენი იმუნური სისტემა. ეს ხდება ვირუსის გენეტიკური კოდის მიზანმიმართული ცვლილებით.
რა ტიპის ცვლილებაა შეტანილი ვირუსში?
საფუძვლად აღებულია ჩვეულებრივი ჰერპეს სიმპლექსის ვირუსი, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა შეტანილი:
- ორი საკვანძო გენის წაშლა:
- ICP34.5: ეს არის ვირუსის გენი, რომელიც ეხმარება მას, თავს დაესხას ჯანმრთელ უჯრედებს და გადალახოს მათი თავდაცვითი მექანიზმები. ამ გენის წაშლის შემდეგ, ვირუსი კარგავს ჯანმრთელ უჯრედში გამრავლების უნარს. თუმცა, კიბოს უჯრედებს ეს თავდაცვის მექანიზმი ხშირად გამორთული აქვთ, ამიტომ ვირუსი სწორედ მათში პოულობს გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს. ეს ცვლილება უზრუნველყოფს, რომ ვირუსი მხოლოდ კიბოს უჯრედებს ამოიღებს მიზანში.
- ICP47: ეს გენი ჰერპესის ვირუსს ეხმარება, დაემალოს იმუნურ სისტემას. მისი წაშლით, ვირუსით ინფიცირებული კიბოს უჯრედი ხდება ძალიან “ხილული“ ჩვენი იმუნური მცველებისთვის (T-ლიმფოციტებისთვის).
- ორი ახალი გენის დამატება:
-
- GM-CSF-ის გენი: ეს არის ადამიანის იმუნური სისტემის მასტიმულირებელი ცილის გენი. როდესაც ვირუსი კიბოს უჯრედში მრავლდება, ის ამ ცილასაც გამოიმუშავებს. GM-CSF მოქმედებს როგორც განგაშის სიგნალი, რომელიც სიმსივნისკენ იზიდავს იმუნური სისტემის მთავარ მოთამაშეებს.
- GALV-GP R- –ის გენი: ეს არის გენი, რომელიც ვირუსს ანიჭებს უნიკალურ, “შემადუღებელ“ (ფუზოგენურ) თვისებას.
როგორ კლავს ვირუსი კიბოს უჯრედს? (სამსაფეხურიანი შეტევა)
მოდიფიცირებული ვირუსი კიბოს უჯრედს სამი სხვადასხვა გზით უტევს:
ეტაპი 1: პირდაპირი განადგურება (ონკოლიზი)
- ვირუსი აღწევს კიბოს უჯრედში.
- ვინაიდან კიბოს უჯრედს თავდაცვის უნარი მოშლილი აქვს, ვირუსი მის რესურსებს იყენებს და იწყებს საკუთარი ასლების ათასობითჯერ შექმნას.
- კიბოს უჯრედი ივსება ახალი ვირუსებით, ვეღარ უძლებს წნევას, სკდება და იღუპება. ამ პროცესს ლიზისი ან ონკოლიზი ეწოდება.
- დაშლილი უჯრედიდან გამოთავისუფლებული ათასობით ახალი ვირუსი მეზობელ კიბოს უჯრედებს აინფიცირებს და პროცესი ჯაჭვური რეაქციით გრძელდება.
ეტაპი 2: შეტევის გაძლიერება (უჯრედების შერწყმა)
- დამატებული GALV-GP R- გენის წყალობით, ვირუსით ინფიცირებული კიბოს უჯრედი იწყებს მეზობელ, ჯერ კიდევ ჯანმრთელ კიბოს უჯრედებთან ფიზიკურ შერწყმას.
- იქმნება დიდი, მრავალბირთვიანი უჯრედული მასები (სინციტიუმი).
- ეს მექანიზმი ვირუსს საშუალებას აძლევს, ძალიან სწრაფად და ეფექტურად გავრცელდეს სიმსივნის შიგნით, პირდაპირ უჯრედიდან უჯრედში, ისე, რომ სისხლში არ მოხვდეს და იმუნური სისტემის ანტისხეულებს დაემალოს.
ეტაპი 3: იმუნური სისტემის გააქტიურება (სისტემური დარტყმა)
- ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. როდესაც კიბოს უჯრედები იშლება, მათი შიგთავსი (კიბოს ანტიგენები) გარემოში იფრქვევა.
- ამავდროულად, ვირუსის მიერ გამომუშავებული GM-CSF ცილა, როგორც მაგნიტი, იზიდავს იმუნურ უჯრედებს (დენდრიტულ უჯრედებს, მაკროფაგებს) სიმსივნის ადგილას.
- იმუნური უჯრედები “სწავლობენ“ დაშლილი კიბოს უჯრედების ნაწილებს და იმახსოვრებენ, თუ როგორ გამოიყურება მტერი.
- ამის შემდეგ, გაწვრთნილი იმუნური სისტემა იწყებს ნადირობას მთელ ორგანიზმში არსებულ ყველა კიბოს უჯრედზე, მათ შორის შორეულ მეტასტაზებზეც, რომლებთანაც ვირუსს პირდაპირი შეხება არ ჰქონია.
შედეგად, ვირუსი არა მხოლოდ ლოკალურად კლავს სიმსივნეს, არამედ აიძულებს პაციენტის საკუთარ იმუნურ სისტემას, ამოიცნოს და გაანადგუროს კიბო, როგორც უცხო სხეული.
RP1-ის შედარება არსებულ თერაპიასთან
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსგავსი თერაპია უკვე არსებობდა. ამ თერაპიას ვიცნობთ სახელით T-VEC (Imlygic), რომელიც ასევე მოდიფიცირებული ჰერპესის ვირუსია. ის 2015 წელს დამტკიცდა არაოპერაბელური მელანომის სამკურნალოდ. ანუ მელანომის ისეთი ფორმისთვის, რომელიც ქირურგიულ მქონარლობას არ ექვემდებარება. თუმცა, T-VEC ფართოდ არ გამოიყენება, რადგან მისი გამოყენების ნებართვა მხოლოდ კანში არსებულ სიმსივნეებში ინექციისთვის გაიცა, მაშინ როცა პაციენტების უმეტესობას უფრო ღრმად მდებარე წარმონაქმნები აქვს.
RP1-ის შემთხვევაში, მკვლევრებმა ის ღრმად მდებარე სიმსივნეებშიც გამოიყენეს. RP1 წარმოადგენს T-VEC-ის გაუმჯობესებულ ვერსიას. მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ის, რომ ის აიძულებს კიბოს უჯრედებს, მეზობელ უჯრედებს შეერწყან, რაც ვირუსს სიმსივნეში უფრო ეფექტურად გავრცელებაში ეხმარება და იმუნურ პასუხს აძლიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ვირუსს შორის პირდაპირი შედარებითი კვლევა არ ჩატარებულა, არსებული მონაცემებით RP1 უფრო ძლიერ სისტემურ ეფექტს იწვევს – ანუ, მოქმედებს არა მხოლოდ იმ სიმსივნეზე, რომელშიც შეიყვანეს, არამედ მთელ ორგანიზმში.
ამჟამად მიმდინარეობს უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა 400 პაციენტის მონაწილეობით, მაგრამ მოსალოდნელია, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) RP1-ის გამოყენება ნივოლუმაბთან ერთად ამ კვლევის დასრულებამდე დაუშვას. მკვლევრები ფიქრობენ, რომ RP1-ის დამტკიცება ბევრად უფრო ფართო გამოყენების საშუალებას მისცემს ამ ტიპის თერაპიას და გაზრდის ინტერესს ონკოლიზური ვირუსების მიმართ.




