ანალური კიბო – დაავადება, რომლის ხსენებაც ბევრ ადამიანს უხერხულად ეჩვენება – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა შედარებით მცირეა, გლობალური ტენდენციები დაავადების ზრდაზე მიუთითებს და ადრეული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
გლობალური სტატისტიკა
2020 წლის მონაცემებით, ანალური კიბოს დაახლოებით 50,865 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 100,000 მოსახლეზე საშუალოდ 0.65 შემთხვევას შეადგენს. შედარებისთვის, მელანომა ყოველ 100,000 ადამიანში დაახლოებით 70 პირს ემართება.
მიუხედავად იმისა, რომ ანალური კიბო შედარებით იშვიათია, ბოლო წლებში გარკვეული მატება შეინიშნება, რაც ხაზს უსვამს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის საჭიროებას.
დაავადების თავისებურებები
ანალური კიბო ნაწლავის ბოლო მონაკვეთში – ანუსის ლორწოვან გარსში – უჯრედების არანორმალური ზრდით ხასიათდება. სიმპტომების გამოვლენის დაგვიანება ხშირად დაკავშირებულია უხერხულობასთან, რაც პაციენტების მხრიდან ექიმთან გვიანი მიმართვიანობის ხშირი მიზეხია და დაავადების პროგრესირების რისკი იზრდება.
გამომწვევი მიზეზები
ანალური კიბოს შემთხვევების დაახლოებით 90% დაკავშირებულია ადამიანის პაპილომავირუსთან (HPV), რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.
HPV ფართოდ გავრცელებულია: სქესობრივად აქტიური ადამიანების 80%-ზე მეტი ცხოვრების განმავლობაში ერთი ან რამდენიმე შტამით ინფიცირდება. უმეტეს შემთხვევაში ვირუსი არ იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, თუმცა გარკვეული ტიპები, განსაკუთრებით HPV16 (ცნობილი როგორც მე-16 შტამი), ითვლება მაღალი რისკის შემცველად და შეიძლება გამოიწვიოს უჯრედული ცვლილებები, რომლებიც მოგვიანებით კიბოდ ყალიბდება.
HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ანალური, საშვილოსნოს ყელის და სხვა HPV-თან დაკავშირებული კიბოების პრევენციისთვის.
სიმპტომები
ზოგიერთ შემთხვევაში, ანალური კიბო უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ექიმი მას კოლონოსკოპიის ან სხვა გამოკვლევის დროს შემთხვევით ამოიცნობს. თუმცა ხშირია შემდეგი ნიშნებიც:
-
სისხლდენა (მაგალითად, ტუალეტის ქაღალდზე სისხლის კვალის გამოჩენა)
-
სიმაგრე ანუსის მიდამოში
-
დისკომფორტის ან ქავილის შეგრძნება
-
შეგრძნება, რომ ნაწლავი სრულად ვერ იცლება
აღნიშნული სიმპტომები ხშირად ჰგავს ბუასილისა და სხვა გავრცელებული დაავადებების კლინიკურ სურათს, რაც კიდევ უფრო ართულებს თვითდიაგნოსტიკას და ხაზს უსვამს სპეციალისტთან დროული კონსულტაციის აუცილებლობას.
ადრეული დიაგნოზის მნიშვნელობა
ანალური კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენისას მკურნალობის შედეგები გაცილებით უკეთესია. პირველი სტადიის შემთხვევებში, ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 90%-მდე აღწევს. თუმცა, დაავადების მესამე სტადიაზე დიაგნოსტირებისას გადარჩენის შანსი 60%-მდე იკლებს.
დიაგნოსტიკა უმეტეს შემთხვევაში ტარდება უმტკივნეულო ან მინიმალური დისკომფორტის მქონე პროცედურებით, როგორიცაა ანოსკოპია, კოლონოსკოპია ან ანალური პალპაცია. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური სკანირება ან ბიოფსია.
მკურნალობა ინდივიდუალურად შერჩეულია და შეიძლება მოიცავდეს სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას, ქირურგიულ ჩარევას ან მათი კომბინაციას.
დასკვნა
ანალური კიბო იშვიათი, თუმცა მზარდი გამოწვევაა, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება აუცილებელია. სიმპტომების იგნორირება სერიოზულ რისკს წარმოადგენს, მით უმეტეს, როდესაც ადრეული დიაგნოზი მკურნალობის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა დაძლიონ უხერხულობა და პირველივე საეჭვო ნიშნების აღმოჩენისთანავე მიმართონ სპეციალისტს. დროული საუბარი ექიმთან შესაძლოა სიცოცხლის გადამრჩენი გახდეს.
და, რა თქმა უნდა, აიცერით ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ!




