ზაფხულის პერიოდში ზოგ ადამიანს მზეზე ყოფნის რამდენიმე წუთიც ყოფნის, ზოგს კი ბევრად მეტი დრო სჭირდება.
1923 წელს, ხმელთაშუა ზღვის კრუიზიდან გარუჯული კოკო შანელის დაბრუნების შემდეგ, მზის აბაზანების მიღება განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მისმა რუჯმა სტატუსის სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძინა და დასავლურ საზოგადოებაში მზის სხივებისადმი აღქმა სრულიად შეცვალა.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან შუა პერიოდამდე ჰელიოთერაპია (მზის სხივებით მკურნალობა) სანატორიუმებში რაქიტისა და ტუბერკულოზის სამკურნალოდ აქტიურად გამოიყენებოდა, ხოლო “ჯანსაღი რუჯის” კონცეფციას საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა ჰქონდა.
ერთი საუკუნის შემდეგ მზის სხივებთან ჩვენი დამოკიდებულება ბევრად უფრო კომპლექსური გახდა. ბოლო 50 წლის განმავლობაში კანის ონკოლოგიური დაავადებების მატებამ სამედიცინო მიდგომების გადახედვა მოითხოვა, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიები მზისგან დამცავი საშუალებების რუტინულ გამოყენებასა და პიკურ საათებში მზის სხივებისგან თავის არიდებაზე ფოკუსირდა. მტკიცებულებები, რომლებიც ჭარბ ექსპოზიციას კანის კიბოს რისკთან აკავშირებს, დღესაც ურყევია.
თუმცა ბოლო წლების კვლევები ადასტურებს, რომ ე.წ. “ზომიერი” ექსპოზიცია (შუადღის საათებში მზის სხივების ხანმოკლე მიღება) დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, D ვიტამინის დონესა და იმუნურ სისტემაზე. გარდა ამისა, იგი ამცირებს გარკვეული ტიპის სიმსივნეების განვითარების რისკს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, კოგნიციასა და ძილის ხარისხს. როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი მზისგან ისე, რომ საფრთხეები თავიდან ავიცილოთ, და რამდენი მზის სინათლე გვჭირდება რეალურად?
მზის სხივების ზომიერი მიღება ორგანიზმს D ვიტამინის სინთეზში ეხმარება, რაც აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილისა და კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კვლევების თანახმად, D ვიტამინის ოპტიმალური დონე უკავშირდება ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს, ასევე ტიპი 2 დიაბეტის განვითარების შემცირებულ რისკს.
გარდა ამისა, მზის სხივები ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას. კანზე UVA სხივების ზემოქმედებისას ორგანიზმში აზოტის ჟანგი გამოთავისუფლდება, რაც სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს და ინფარქტისა და ინსულტის რისკს ამცირებს.
29 518 შვედ ქალზე ჩატარებულმა 20-წლიანმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ პირებში, რომლებიც მზის სხივებს სრულიად ერიდებოდნენ, საერთო სიკვდილიანობა ორჯერ მაღალი იყო მათთან შედარებით, ვინც მზის სხივებს რეგულარულად იღებდა. ამავდროულად, სოლარიუმის ხშირი გამოყენება პირდაპირ კორელაციაში იყო საერთო და ონკოლოგიური სიკვდილიანობის მატებასთან. 2011 წელს გამოქვეყნებული სხვა შვედური კვლევის მიხედვით, ქალებს, რომლებიც სოლარიუმით თვეში ერთხელ ან მეტჯერ სარგებლობდნენ სულ მცირე 10 წლის განმავლობაში, საერთო სიკვდილიანობის რისკი 90%-ით ეზრდებოდათ.
სიდნეის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორ რებეკა მეისონის განმარტებით, D ვიტამინის ადეკვატური დონე ეხმარება ორგანიზმს “ანთებითი პროცესების ჩახშობაში, პათოგენებთან ბრძოლასა და იმუნური სისტემის იმგვარად რეგულირებაში, რომ მან საკუთარ უჯრედებს არ დაარტყას”.
დადასტურებულია, რომ მზის სინათლე აუმჯობესებს ძილის ხარისხს და უზრუნველყოფს ტვინის ფუნქციების სტიმულირებას. დილის მზის სინათლე შეიცავს ლურჯი სპექტრის ტალღებს, რომლებიც ტვინს დღის დაწყების სიგნალს გადასცემს, ზრდის კორტიზოლის დონეს და თრგუნავს ძილის ჰორმონ მელატონინს, რაც დღის განმავლობაში სიფხიზლესა და ენერგიულობას განაპირობებს. დღის სინათლის საკმარისი მიღება აუმჯობესებს კოგნიციურ მაჩვენებლებს, რეაქციის სიჩქარესა და მეხსიერებას. 360 000-ზე მეტ მონაწილეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღის განმავლობაში მზის სინათლის მიღება (დაახლოებით 1.5 საათის განმავლობაში) დემენციის განვითარების შემცირებულ რისკთან არის ასოცირებული.
მზის სხივების ზემოქმედება ასევე ზრდის ტვინში ნეიროტრანსმიტერ სეროტონინის დონეს, რაც ემოციურ სტაბილურობასა და კონცენტრაციას უწყობს ხელს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობას კარგად განათებულ, მზიან პალატებში გადიოდნენ, უფრო სწრაფად ჯანმრთელდებოდნენ. პირიქით, დღის სინათლის არასაკმარისი მიღება ზრდის დეპრესიული სიმპტომების, განწყობის დაქვეითებისა და ინსომნიის რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური რეკომენდაციები ასაკის, გეოგრაფიული მდებარეობისა და კანის ტიპის მიხედვით განსხვავდება, ექსპერტები უპირატესობას ხანმოკლე და რეგულარულ ექსპოზიციას ანიჭებენ.
პროფესორ მეისონის თქმით, D ვიტამინის სინთეზისთვის ყველაზე ეფექტიანია “დღის შუა მონაკვეთში მზის სხივების მიღება, ხანმოკლე პერიოდებითა და ხშირად”, როდესაც UVB გამოსხივების ინტენსივობა პიკს აღწევს.
ღია ფერის კანის მქონე პირებისთვის მეისონის რეკომენდაციაა კვირის უმეტეს დღეებში რამდენიმეწუთიანი ექსპოზიცია, როდესაც ხელები ან ფეხები დაუფარავია. მაღალი UV ინდექსის მქონე რეგიონებში ეს პროცედურა უმჯობესია შუადღემდე ან შუადღის შემდეგ საათებში განხორციელდეს.
მუქი კანის მქონე ადამიანებს D ვიტამინის მისაღებად მზეზე შედარებით მეტი დროის გატარება სჭირდებათ, რადგან მელანინის მაღალი შემცველობა D ვიტამინის სინთეზს ანელებს. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში მუქი ყავისფერი კანის მქონე პირებს შუადღისას სჭირდებათ დაახლოებით 25-წუთიანი ექსპოზიცია D ვიტამინის ადეკვატური დონის უზრუნველსაყოფად.
ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი (UV Index)
UV ინდექსი აფასებს UV გამოსხივების საერთო რაოდენობას (UVA და UVB-ის ჩათვლით), რომელიც აღწევს დედამიწის ზედაპირს, და ზომავს მას შკალით 0-დან (არ არის სინათლე) 11+-მდე (ექსტრემალურად მაღალი გამოსხივება).
ძალიან ფერმკრთალი კანის, მელანომას პირადი ან ოჯახური ისტორიის, ან ბევრი ხალის მქონე პირები კანის კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან და მეტი სიფრთხილის ზომები სჭირდებათ, ამბობს მეისონი. ეს ასევე ეხება ადამიანებს, რომლებიც იღებენ იმუნოსუპრესანტებს. ღია კანის მქონე ადამიანებისთვის ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ მზის ნებისმიერ ექსპოზიციას – D ვიტამინის გამოსამუშავებლად საჭირო მცირე რაოდენობასაც კი – შესაძლოა ახლდეს კიბოს გაზრდილი რისკი. თუმცა მეტი კვლევაა საჭირო, განსაკუთრებით იმის შესახებ, არის თუ არა ეს შემთხვევა მუქი კანის მქონე პირებშიც.
“უმჯობესია, სხეულის მეტი ნაწილი იყოს დაფარული, ხოლო მზის ექსპოზიცია მივიღოთ ხანმოკლე პერიოდებითა და შედარებით ხშირად, ვიდრე იშვიათად და ხანგრძლივად”, აცხადებს პროფესორი მეისონი. ეს მიდგომა ყველაზე ეფექტიანია შუადღისას, რადგან დღის ამ მონაკვეთში, UVA სხივებთან შედარებით, UVB გამოსხივების წილი უფრო მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ UVB სხივები კანის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, იგი ამავდროულად აუცილებელია D ვიტამინის სინთეზისთვის. დილის ადრეულ ან გვიან საათებში UVB სხივების წილი მცირდება და იზრდება UVA გამოსხივების ზემოქმედება, რაც კანის ნაადრევ დაბერებასა და დაზიანებას უწყობს ხელს.
ამის შემდეგ, მეისონის თქმით, “აუცილებელია კანის ყურადღებით დაფარვა და დაცვა”.
იშვიათ შემთხვევებში, მაგალითად ალბინიზმის დროს, მზის პირდაპირი სხივების დაუცველად მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული.
ზამთრის პერიოდში D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით გამოსამუშავებლად გარეთ შედარებით მეტი დროის გატარებაა საჭირო, რაც ასევე დამოკიდებულია გეოგრაფიულ მდებარეობასა და ტანსაცმლით დაფარულ სხეულის ფართობზე. მეისონის აღნიშვნით, მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში (მაგალითად, მელბურნსა და ჰობარტში) ზამთრობით UVB გამოსხივების ინტენსივობა იმდენად დაბალია, რომ D ვიტამინის საჭირო რაოდენობით სინთეზი პრაქტიკულად შეუძლებელია.
“ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მზის სხივების სულ მცირე, ზომიერი დოზაც საკმარისია”, აღნიშნავს ჰარვარდის მედიცინის სკოლისა და ბოსტონის ბრიგამისა და ქალთა საავადმყოფოს პროფესორი, ჯოან მენსონი. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავიდან უნდა ავიცილოთ ხანგრძლივი დაუცველი ექსპოზიცია, განსაკუთრებით 10:00-დან 16:00 საათამდე შუალედში. ამასთან, სასარგებლოა ყოველდღიური აქტივობებისას (მაგალითად, სეირნობის ან ფეხით გადაადგილებისას) მიღებული ბუნებრივი სინათლეც.
“მზის სხივებით მიღებული სარგებლისა და შესაძლო რისკების ბალანსი ინდივიდუალურია და კანის ტიპსა და ფერზეა დამოკიდებული”, განმარტავს მანჩესტერის უნივერსიტეტის დერმატოლოგიისა და ფოტობიოლოგიის პროფესორი ლესლი როუდსი.
კვლევები ადასტურებს, რომ მუქი კანი ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული დნმ-ის დაზიანებისგან უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო ღია კანი მოწყვლადია UV სხივების დაბალი ინტენსივობის დროსაც კი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინდივიდუალური რეკომენდაციების შემუშავების აუცილებლობას. მუქი კანის მქონე პირებს მელანინის უფრო მაღალი შემცველობა აქვთ, რაც მავნე UV სხივებისგან ბუნებრივი ფილტრის როლს ასრულებს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დამცავი საშუალებაა საჭირო კანის ტიპისა და UV ინდექსის მიხედვით, მეისონი აღნიშნავს, რომ მზიან ამინდში დამცავი სათვალის ტარება ყველასთვის აუცილებელია, მათ შორის მუქი კანის მქონე პირებისთვისაც.
გლობალურ პრაქტიკაში პირველად, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ 2024 წელს განაახლეს მზის ექსპოზიციის გაიდლაინები და მიიღეს პერსონალიზებული მიდგომა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა კანის ტიპისა და ონკოლოგიური რისკების მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს.
რა რისკებს შეიცავს ჭარბი მზის სხივები?
მზეზე გადაჭარბებული დროის გატარება D ვიტამინის პროდუქციას აღარ ზრდის; იგი იწვევს მზის დამწვრობას, პიგმენტაციასა და კანის ნაადრევ დაბერებას, ასევე წარმოადგენს კანის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მთავარ მიზეზს.
გაერთიანებულ სამეფოში მელანომას (კანის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმა) წლიურმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 20 000 შემთხვევას. ორგანიზაცია “Cancer Research”-ის ცნობით, შემთხვევათა უმრავლესობა UV გამოსხივების ჭარბ ზემოქმედებასა და სოლარიუმის გამოყენებას უკავშირდება. სპეციალისტების შეფასებით, 10-დან 9 შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. კანის კიბო ასევე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიაა აშშ-ში, სადაც წელს ინვაზიური მელანომას 112 000-მდე ახალი შემთხვევის დიაგნოსტირებაა მოსალოდნელი.
როგორ ზრდის კლიმატის ცვლილება მზისგან გამოწვეულ რისკებს?
კლიმატის ცვლილება ზრდის კანის დაზიანების რისკებს, რადგან ატმოსფერული პირობების ცვლილების გამო დედამიწის ზედაპირს მზის გამოსხივების მეტი რაოდენობა აღწევს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სკანდინავიაში მელანომას შემთხვევების 4%-მდე წლიური მატება დაფიქსირდა, რაც პირდაპირ უკავშირდება რეგიონში ხშირ თბურ ტალღებსა და ხანგრძლივ ზაფხულს. გარდა ამისა, შედარებით გრილ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დამცავი საშუალებების (ქუდი, დამცავი კრემი, შესაბამისი ტანსაცმელი) გამოყენების ნაკლები ჩვევა აქვს.
ბავშვობასა და მოზარდობაში მზის ჭარბი ექსპოზიციის შეზღუდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ სიცოცხლის პირველი 20 წლის განმავლობაში მიღებული გამოსხივების რაოდენობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მომავალში კანის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ალბათობას.
მზის ჭარბმა ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს კატარაქტაც (თვალის ბროლის შემღვრევა). აღნიშნული პათოლოგია ქირურგიულად ეფექტიანად მკურნალობს, თუმცა უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა მხედველობის დაკარგვის მიზეზი გახდეს. ექიმები იძლევიან რეკომენდაციას, რომ თვალის დასაცავად მოსახლეობამ გამოიყენოს მზის სათვალე UV 400 დამცავი ლინზებით.
რა ხდება მზის არასაკმარისი ექსპოზიციის დროს?
იმ რეგიონებში, სადაც მზის სინათლე შეზღუდულია, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, იზრდება D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკი. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მუქი კანის მქონე პირებისთვის, ფოტოსენსიტიურობის მქონე პაციენტებისა და მათთვის, ვინც სხეულს ტანსაცმლით სრულად ფარავს.
ხანგრძლივმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ძვლოვანი ქსოვილის ცვლილებები, როგორებიცაა რაქიტი ან ოსტეომალაცია. რაქიტი, როგორც მასობრივი ურბანული პრობლემა, პირველად მე-17 საუკუნის ბრიტანეთში დაფიქსირდა, სადაც ნახშირის აქტიური გამოყენების გამო ქალაქების ჰაერი სმოგით იფარებოდა და UV სხივების შეღწევადობა იზღუდებოდა.
D ვიტამინის ნაკლებობის აღდგენა მარტივად არის შესაძლებელი შესაბამისი დანამატებით, თუმცა ყველა ზრდასრულისთვის მათი რუტინული მიღების საჭიროება კვლავ დებატების საგანია. რეკომენდაციები ვარიირებს ასაკისა და კონკრეტული ქვეყნის ჯანდაცვის გაიდლაინების მიხედვით.
ქვეყნებში, სადაც ზამთარში მზის ინტენსივობა დაბალია (მაგალითად, აშშ-სა და კანადაში), ფართოდ გავრცელებული პრექტიკაა კვების პროდუქტების (მარცვლეული, რძის ნაწარმი, სოკო) D ვიტამინით ფორტიფიცირება (გამდიდარება).
სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ D ვიტამინის ჭარბი დოზით მიღება დაუშვებელია. დღეში 4 000 საერთაშორისო ერთეულზე (100 მიკროგრამი) მეტი დოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, რაც უარყოფითად მოქმედებს ძვლოვან ქსოვილზე, თირკმელებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
კოკო შანელის მიერ რუჯის პოპულარიზაციიდან ერთი საუკუნის შემდეგ, მზის სხივების მიღებასთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის გაგება საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე რეკომენდაციებს ეფუძნება.
პროფესორ მეისონის თქმით, ოპტიმალურია პრინციპი “ცოტა და ხშირად”. შუადღის საათებში ხანმოკლე, რეგულარული ექსპოზიციით, დამცავი საშუალებების გამოყენებითა და პიკურ საათებში ხანგრძლივი ყოფნისგან თავის შეკავებით შესაძლებელია მზის სხივებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება მზის დამწვრობისა და კანის დაზიანების რისკის მინიმუმამდე შემცირებით.




