თუ ალცჰაიმერის დაავადებისა და დემენციის პრევენციის მიზნით ომეგა-3-ის თევზის ქონს ან წყალმცენარეების საკვებ დანამატებს იღებთ, ყურადღება მიაქციეთ ახალი კლინიკური კვლევის შედეგებს. ჟურნალში “eBioMedicine” გამოქვეყნებულმა ნაშრომმა აჩვენა, რომ ეს დანამატები მეხსიერების გაუმჯობესებაზე, კოგნიტურ ფუნქციებსა თუ ტვინის უჯრედების კარგვის შეფერხებაზე გავლენას არ ახდენს.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კეკის მედიცინის სკოლის ნევროლოგიის პროფესორის, ჰუსეინ იასინის განცხადებით, ომეგა-3-ის დანამატები, როგორც იზოლირებული ინსტრუმენტი, არ მუშაობს. მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ იმ ჯგუფშიც კი, ვის ორგანიზმშიც ნივთიერების კონცენტრაციამ მკვეთრად მოიმატა, კოგნიტური გაუმჯობესება არ დაფიქსირებულა. ტვინის ჯანმრთელობისთვის რეალურად ეფექტურია ფიზიკური აქტივობა, სტრესის შემცირება, ხარისხიანი ძილი და მცენარეული კვება, სადაც ომეგა-3-ის წყარო ნამდვილი პროდუქტებია, მაგალითად: ცხიმიანი თევზი, ნიგოზი და თესლები.
ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ომეგა-3-ის მაღალი დონე კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნების ძლიერი წინაპირობაა. თუმცა, ამ რეგიონის მაცხოვრებლები დანამატებს კი არ იღებენ, არამედ მიირთმევენ თევზს, ვარჯიშობენ, აქვთ აქტიური სოციალური ცხოვრება და ნაკლებად სტრესულ გარემოში ცხოვრობენ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ომეგა-3-ის აბები ვერ შეცვლის ცხოვრების ჯანსაღ წესს და ვერ გაანეიტრალებს დასავლური ტიპის არასწორ კვებას, მჯდომარე რეჟიმსა და ქრონიკულ სტრესს.
ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები შეუცვლელია ორგანიზმისთვის. ადამიანის ტვინის თითქმის 60 პროცენტი ცხიმებისგან შედგება, საიდანაც 35 პროცენტს სწორედ ომეგა-3 წარმოადგენს. ვინაიდან ორგანიზმი მას დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს, ნივთიერება საკვებიდან უნდა მივიღოთ. თევზის ქონის დანამატები შეიცავს ეიკოზაპენტაენის მჟავას (EPA), რომელიც ებრძვის ანთებით პროცესებს და გულს იცავს, და დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA), რომელიც ტვინის, თვალებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ძირითადი სტრუქტურული ელემენტია.
როდესაც ადამიანი ომეგა-3-ს თევზის მიღებით იღებს, ის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ელემენტს კი არ აწვდის სხეულს, არამედ მთლიან კომპლექსს ცილების, მინერალებისა და ვიტამინების სახით. ამასთან, მომზადების წესსაც დიდი მნიშვნელობა აქვს: თევზის შეწვა ან მისი მიღება არასწორ პროდუქტებთან ერთად აფერხებს ამ სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას.
ჩატარებული ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი იყო რანდომიზებული, ორმაგად ბრმა და პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რაც მეცნიერებაში ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. მასში მონაწილეობდა დემენციის არმქონე 365 ადამიანი 55-დან 80 წლამდე, რომლებსაც აღენიშნებოდათ ომეგა-3-ის დაბალი ბაზისური დონე და დაავადების განვითარების ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორებიცაა ჭარბი წონა, ჰიპერტენზია ან მაღალი ქოლესტერინი. მონაწილეთა თითქმის ნახევარი იყო APOE4 გენის მატარებელი, რაც ალცჰაიმერის განვითარების გენეტიკურ რისკს ზრდის.
ერთ ჯგუფს 24 თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიეწოდებოდა ომეგა-3-ის მაღალი დოზა (2000 მილიგრამი DHA), ხოლო მეორე ჯგუფი პლაცებოს იღებდა. პერიოდულმა სამედიცინო შემოწმებამ, მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ და კოგნიტურმა ტესტებმა აჩვენა, რომ მიუხედავად სისხლსა და ტვინის სითხეში ომეგა-3-ის დონის მკვეთრი მატებისა, მეხსიერების ცენტრის (ჰიპოკამპის) მუშაობისა თუ ზომის მხრივ ორ ჯგუფს შორის არანაირი რეალური სხვაობა არ დაფიქსირებულა.
შედეგები ადასტურებს, რომ ომეგა-3-ის დანამატი მხოლოდ მცირე დეტალია და ის ვერ იქონიებს დადებით გავლენას ტვინის ფუნქციონირებაზე, თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადებების ნიშნები, ჭარბი წონა და მჯდომარე ცხოვრების წესი. სპეციალისტების დასკვნით, გენეტიკური რისკის მქონე პირებს დანამატები დაეხმარებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ და კვირაში ორჯერ ცხიმიან თევზს მიირთმევენ.
წყარო: eBioMedicine
ამ თემაზე არსებულ სამეცნიერო პოლემიკას გამოეხმაურა ომეგა-3-ის მწარმოებელთა გლობალური ორგანიზაცია (GOED). ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოცემული ექსპერიმენტის შედეგები სამეცნიერო მტკიცებულებათა უფრო ფართო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. მათი განცხადებით, 33 სხვადასხვა კვლევის მიმოხილვა ადასტურებს ომეგა-3-ის დამცველობით ეფექტს ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირებაზე. გარდა ამისა, ინდუსტრიის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ ეს მჟავები ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ნუტრიენტია, რომლის შესახებაც გამოქვეყნებული 50 000-ზე მეტი ნაშრომი და 5 000 კლინიკური კვლევა ომეგა-3-ს დადებით კოგნიტურ გამოსავალთან აკავშირებს – წერს CNN.




