აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტ ფ. კენედი უმცროსის მრჩევლების მიერ ბავშვთა ვაქცინაციის კალენდარში შეტანილი ცვლილებები სასამართლომ დროებით დაბლოკა. მოსამართლემ ასევე შეაჩერა ახალი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რაც კენედის ჯანდაცვის პოლიტიკისთვის სერიოზულ დაბრკოლებად მიიჩნევა.
ფედერალურმა მოსამართლე ბრაიან მერფიმ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვაქცინაციის კომიტეტში დანიშნული 13 ახალი წევრის საქმიანობა დროებით შეაჩერა. გასულ წელს კენედიმ კომიტეტის ყველა წევრი გაათავისუფლა და მათი ადგილი ახალი კადრებით შეავსო. ზოგიერთი მათგანი კრიტიკოსების მიერ ვაქცინებისადმი სკეპტიკური პოზიციით იყო ცნობილი.
სასამართლომ ასევე დაბლოკა იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებიც კომიტეტმა ბავშვთა ვაქცინაციის რეკომენდებულ კალენდარში უკვე დაამტკიცა. ამ ცვლილებების მიხედვით, რეკომენდებული აცრების რაოდენობა 17-დან 11-მდე უნდა შემცირებულიყო და უნდა გაუქმებულიყო ყველა ახალშობილისთვის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების რეკომენდაცია. სრულად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ: https://gowell.ge/cdcvaccine/
სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, ვაქცინაციის კომიტეტი ამ კვირაში ვეღარ შეიკრიბება. მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი ამერიკის პედიატრთა აკადემიამ და სხვა სამედიცინო ორგანიზაციებმა შეიტანეს. ამავდროულად, ადმინისტრაციის იურისტები ამტკიცებენ, რომ ვაქცინაციის მოთხოვნებზე საბოლოო გადაწყვეტილებას შტატები იღებენ და კომიტეტს მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლება აქვს. სავარაუდოა, რომ ადმინისტრაცია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
წლის დასაწყისში CDC-ის კომიტეტმა ბავშვთა ვაქცინაციის რეკომენდებული კალენდრიდან რამდენიმე დაავადება ამოიღო, მათ შორის: რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV), მენინგოკოკური ინფექცია, A ჰეპატიტი და B ჰეპატიტი. ახალი კალენდარი სარეკომენდაციო ხასიათისაა და არა სავალდებულო – საბოლოო გადაწყვეტილებას თავად შტატები იღებენ. ამავე რეკომენდაციებში ასევე იყო მითითება, რომ გრიპის, COVID-19-ისა და როტავირუსის ვაქცინები ბავშვებისთვის მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა გამოეყენებინათ.
CDC-ის ყოფილი დირექტორი, სიუზან მონარესი, კონგრესში ჩვენების მიცემისას აცხადებდა, რომ ის სწორედ ამ ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, სამსახურიდან გაათავისუფლეს იმიტომ, რომ მეცნიერულ სიზუსტეს იცავდა.
მონარესის გათავისუფლებას CDC-ის რამდენიმე მაღალჩინოსნის პროტესტი და გადადგომაც მოჰყვა. მათ შორის იყო დანიელ ჯერიგანი – ახალი და ზოონოზური ინფექციების ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში პოლიტიკა მეცნიერებაში არ უნდა ერეოდეს.




