2025 წლის 9 ივნისს, აშშ-ის ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული სერვისების მდივანმა რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა, იმუნიზაციის პრაქტიკის საკონსულტაციო საბჭოს (ACIP) სრული შემადგენლობა-17 წევრი ერთბაშად გაათავისუფლა. ეს საბჭო, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მანდატით ფუნქციონირებს, უკვე ათწლეულებია განსაზღვრავს აშშ-ში პოლიტიკას და რეკომენდაციებს ვაქცინაციისა და იმუნიზაციის შესახებ.
კენედის თქმით, კომიტეტის სრული განახლება მიზნად ისახავს “საზოგადოებრივი ნდობის აღდგენასა” და ინტერესთა კონფლიქტების აღმოფხვრას, რადგან მისი მტკიცებით, საბჭო ბოლო წლებში ვაქცინების დამტკიცების ფორმალურ ბეჭდისმრტყმელად გადაიქცა.
კომიტეტის წევრთა უმრავლესობა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პერიოდში დაინიშნა, ნაწილი კი გასულ, 2024 წელს. კენედი ამტკიცებს, რომ ამ კადრებთან თანამშრომლობა შეაფერხებდა მისი გუნდის ხედვის განხორციელებას, ვინაიდან, თუ არა ახლა, საბჭოს წევრთა განახლება მხოლოდ 2028 წლიდან იქნებოდა შესაძლებელი.
გადაწყვეტილებას მყისიერი კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ყოფილი უფროსი მეცნიერი ჯესი გუდმანი მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური ჩარევა, რამაც შესაძლოა, გაზრდის ნაცვლად, ვაქცინების მიმართ ნდობა შეამციროს. მედიცინის მრავალი ექსპერტი მკაცრად აკრიტიკებს კენედის ამ გადაწყვეტილებას, როგორც საშიშ პრეცედენტს — შესაძლოა, ანტივაქსერული რიტორიკა პირდაპირ ინტეგრირდეს ფედერალური ჯანდაცვის პოლიტიკაში.
განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ფაქტი დაფიქსირდა 2025 წლის მარტში, როდესაც FDA-ის ვაქცინების მთავარმა მარეგულირებელმა, პიტერ მარკსმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, კენედის ოფისი მასზე ზეწოლას ახდენდა, რომ მიეღოთ შეუზღოდავი წვდომა VAERS-ის (ვაქცინების გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სისტემა) მონაცემებზე. მარკსის გადადგომამ კიდევ უფრო გაამწვავა შიში იმის თაობაზე, რომ კენედის ადმინისტრაცია არაგონივრულად ერევა სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრუქტურებში, რაც საფრთხეს უქმნის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას.
აღნიშნულ ცვლილებებს წინ უძღოდა სხვა რადიკალური ნაბიჯებიც – მათ შორის კენედის ცალმრხივი გადაწყვეტილება, საბჭოსთან კონსულტაციის გარეშე შეეჩერებინა რეკომენდაცია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შესახებ ჯანმრთელ ბავშვებსა და ორსულებში. კენედის დამოუკიდებელი სვლები სამეცნიერო წრეებში საფრთხის შემცველ მოვლენად აღიქმება.
2025 წლის 25-27 ივნისს შეხვედრა გაიმართება ატლანტაში, სადაც განიხილება ახალი წევრების დანიშვნა და ვაქცინაციის მომავალი პოლიტიკა. კენედის გუნდი ცვლილებებს “გამჭვირვალობას” და “სამეცნიერო მიდგომის გაძლიერებას” უკავშირებს, თუმცა კრიტიკოსები მის ქმედებებში პოლიტიკურ მოტივაციას ხედავენ და თვლიან, რომ ამ ნაბიჯებმა შეიძლება დაასუსტოს რწმენა ამერიკის იმუნიზაციის სისტემის მიმართ.




