ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყაბზობა (შეკრულობა) ყველას გვაწუხებს. ჩვენი ნაწლავი ძალიან მგრძნობიარეა და ზოგჯერ ვერ უმკლავდება დიეტის ან გარემოს უმცირეს ცვლილებებსაც კი: წყლის მცირე რაოდენობით მიღება, დიეტური ბოჭკოს ნაკლებობა, მჯდომარე ცხოვრების წესი, მედიკამენტები და სხვა ფაქტორები ხელს უშლის კუჭის (ამ შემთხვევაში – ნაწლავის) ნორმალურ მოქმედებას.
ნაწლავის ბაქტერიები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ჯანსაღი მონელებისა და დეფეკაციის უზრუნველყოფაში. თუმცა, ბაქტერიების ორმა სახეობამ შესაძლოა ყაბზობაც გამოიწვიოს: ახალი კვლევის თანახმად, Bacteroides thetaiotaomicron და Akkermansia muciniphila ერთობლივად მოქმედებენ მსხვილი ნაწლავის მუცინის დასაშლელად. მუცინი არის ლორწოვანი საფარი ჩვენს მსხვილ ნაწლავში, რომელიც განავლის გადაადგილებას უწყობს ხელს. მუცინის ნაკლებობა ართულებს განავლის გადაადგილებას და ზრდის ყაბზობის განვითარების ალბათობას.
“ამ კვლევაში ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩვენ გამოვავლინეთ კონკრეტული მექანიზმი, რომლითაც ნაწლავის ბაქტერიებს ყაბზობის გამოწვევა შეუძლიათ”, – ამბობს იაპონიის ნაგოიას უნივერსიტეტის ლექტორი და კვლევის მთავარი ავტორი, ტომონარი ჰამაგუჩი. ის აღნიშნავს, რომ აშშ-ში ყაბზობის გამო ექიმს ყოველწლიურად 2.5 მილიონი ადამიანი მიმართავს.
“თუმცა, ბევრი პაციენტისთვის ამჟამინდელი მკურნალობა მხოლოდ დროებით შვებას იძლევა, რადგან გამომწვევი ძირითადი მიზეზი უცნობი რჩება”, – ამბობს ის.
კვლევაში, რომელიც ამ კვირაში ჟურნალ “Gut Microbes”-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა შეცვალეს ერთ-ერთი ბაქტერია (B. thetaiotaomicron), რათა მას მუცინის დაშლა ვეღარ შეძლებოდა. შემდეგ მათ ეს და მეორე ბაქტერია (A. muciniphila) თაგვებში გადაინერგეს.
საინტერესოა, რომ თაგვების მსხვილი ნაწლავის მუცინი ხელუხლებელი დარჩა. ცხოველების კუჭის მოქმედება რეგულარული იყო და ყაბზობის ნიშნები არ გამოვლენილა. მიგნებები მიუთითებს, რომ მუცინისთვის საფრთხეს წარმოადგენს ორივე ბაქტერია ერთად და არა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი.
უცნობია, რამდენად ფართოდაა გავრცელებული ეს ბაქტერიები ადამიანებში, თუმცა შედეგებმა შესაძლოა გზა გაუხსნას ქრონიკული ყაბზობის მკურნალობის ახალ მეთოდებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბაზარზე არსებული მედიკამენტები და საშუალებები არ ეხმარებათ. ერთ-ერთი შეფასებით, ჩრდილოეთ ამერიკაში ყოველ მეხუთე ადამიანს შესაძლოა ქრონიკული ყაბზობა ჰქონდეს და ის უფრო ხშირია ქალებსა და ხანდაზმულებში.
“ყველა ყაბზობას ერთნაირი მიზეზი არ აქვს. თუ ჩვენ შევძლებთ ამოვიცნოთ პაციენტები, რომლებსაც ეს ბაქტერიული მექანიზმი აქვთ – მაგალითად, ფეკალური Akkermansia-ს დონის, როგორც ბიომარკერის გაზომვით – შესაძლოა გადავიდეთ პერსონალიზებულ სამკურნალო სტრატეგიებზე, ნაცვლად ყველასთვის განკუთვნილი სტანდარტული საფაღარათო საშუალებებისა”, – ამბობს ჰამაგუჩი.




