კანადაში მკვლევრები იწყებენ ახალ კლინიკურ კვლევას, რომლის ფარგლებშიც პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტებს ჩაუტარდებათ ფეკალური მიკრობიოტის ტრანსპლანტაცია (FMT), იგივე ე.წ. “poop pills“ (ფეკალური კაფსულები).
მიუხედავად უცნაური სახელწოდებისა, ეს მეთოდი მეცნიერულად კარგად დასაბუთებულია: ჯანმრთელი დონორებისგან მიღებული ნაწლავის მიკრობიოტა სპეციალურად მუშავდება და კაფსულებში თავსდება, რათა პაციენტის მიკრობიომი შეიცვალოს.

ლონდონში (კანადა) მოქმედმა მკვლევართა ჯგუფმა დაიწყო მსოფლიოში პირველი კლინიკური კვლევა, რომლის მიზანია დაადგინოს, შეუძლია თუ არა ინოვაციური კაფსულების მეშვეობით ჩატარებულ ფეკალურ ტრანსპლანტაციას გააუმჯობესოს ქიმიოთერაპიაზე პასუხი პანკრეასის მოწინავე სტადიის კიბოს მქონე პაციენტებში. მარცხნიდან: ინფექციური დაავადებების სპეციალისტი დოქტორი მაიკლ სილვერმანი, St. Joseph’s Health Care London-ის Lawson Research Institute-ის მეცნიერი; სამედიცინო ონკოლოგი დოქტორი ჯონ ლენეჰანი, London Health Sciences Centre Research Institute (LHSCRI)-ის მეცნიერი; და სამან მალეკი (PhD), LHSCRI-ის მეცნიერი.
პანკრეასის კიბო ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამკურნალო ონკოლოგიური დაავადებაა, რომლის 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 10–13%-ს შეადგენს. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ის არის, რომ სიმსივნური ქსოვილი საკუთარ მიკრობულ გარემოს ქმნის, რამაც შესაძლოა ქიმიოთერაპიის ეფექტიანობა შეამციროს.
ამჟამად მეცნიერები იკვლევენ, შეუძლია თუ არა ნაწლავის მიკრობიომის მოდულაციას იმუნური პასუხის გაძლიერება და მკურნალობაზე რეაგირების გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ჯერ მხოლოდ პირველი ფაზის (Phase I) ეტაპზეა, რაც ნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანი უსაფრთხოების შეფასებაა და არა ეფექტიანობის საბოლოო დადასტურება.
მართალია, მსგავსი მიდგომა უკვე გამოიცადა სხვა ტიპის კიბოებში (მაგალითად, მელანომის დროს) და გარკვეული იმედისმომცემი შედეგებიც დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე ფეკალური მიკრობიოტის ტრანსპლანტაცია ონკოლოგიაში სტანდარტულ მკურნალობას არ წარმოადგენს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფეკალური ტრანსპლანტაციის პრეპარატები მართლაც უკვე დამტკიცებულია, თუმცა მხოლოდ კონკრეტული ინფექციების (მაგალითად, Clostridioides difficile) სამკურნალოდ და არა კიბოსთვის.




