ხუთი წლის წინ, ვირჯინიელმა ონკოლოგმა ტიმ კენონმა ტენდენცია შენიშნა: მისი პაციენტები სულ უფრო ახალგაზრდები ხდებოდნენ, ხოლო მათი კიბო – უფრო აგრესიული. მან ექვსი თვის განმავლობაში დიაგნოზი დაუსვა სამ პაციენტს, რომლებიც 30-ს გადაცილებულნი იყვნენ და აგრესიული, მეტასტაზური კიბო ჰქონდათ. სამივე მათგანი გარდაიცვალა.
რამ დააბნია ექიმი ყველაზე მეტად? სამივე პაციენტი იყო ექსტრემალური ათლეტი, რომლებიც მონაწილეობდნენ შორ დისტანციაზე რბოლებში.
კენონმა გადაწყვიტა ეჭვები გადაემოწმებინა და გამოიკვლია კიდევ 100 მარათონელი (35-50 წლის ასაკში). შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა: 39 მათგანს უკვე ჰქონდა კიბოსწინარე პოლიპები, ხოლო 15 შემთხვევა შორსწასული იყო. ეს სტატისტიკა მოსალოდნელ მაჩვენებელს (1.2%) ბევრად აღემატება.
რატომ ავადდებიან “ყველაზე ჯანმრთელები”? მეცნიერები პასუხებს ეძებენ არა მხოლოდ ცხოვრების წესში, არამედ ჩვილობის ასაკსა და მიკრობიომში.
თეორია 1: “პირველი დარტყმა” ჩვილობის ასაკში
სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულურმა ბიოლოგმა, ლუდმილ ალექსანდროვმა, ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა მუტაციური ხელმოწერა 40 წლამდე პაციენტების სიმსივნეების ნახევარზე მეტში. აღმოჩნდა, რომ ამ მუტაციას იწვევს ტოქსინი სახელად კოლიბაქტინი, რომელსაც გამოიმუშავებს ბაქტერია E. coli-ს სპეციფიკური შტამი.
ყველაზე საოცარი კი დაზიანების დროა. ტრადიციული კიბოს გამომწვევებისგან (მოწევა, ასაკი) განსხვავებით, ეს ინფექცია და დნმ-ის დაზიანება ხდება ჩვილობის ასაკში – 9 თვემდე.
“თქვენ იღებთ პირველ დარტყმას 1 წლის ასაკში, ნაცვლად 30 წლისა. შესაბამისად, კიბოს განვითარების გრაფიკს 20-30 წლით უსწრებთ,” – განმარტავს ალექსანდროვი. მკვლევრები ამას უკავშირებენ ჩვილების კვების რაციონის ცვლილებას (ნაკლები ბოჭკო, მეტი გადამუშავებული საკვები) და მიკრობიომის დარღვევებს.
თეორია 2: შაქარი vs უჯრედისი
ონკოლოგები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა პაციენტების რაციონში ჭარბობს შაქარი (განსაკუთრებით თხევადი სახით – გაზიანი და სპორტული სასმელები) და აკლია უჯრედისი (ბოჭკო).
დოქტორ ანდრეა სერჩეკის თქმით, ფრუქტოზა აჩქარებს პოლიპების ზრდას. ამის საპირწონეა რეზისტენტული სახამებელი.
ტერმინის განმარტება: რეზისტენტული სახამებელი – ნახშირწყალი, რომელიც არ იშლება წვრილ ნაწლავში, ხვდება მსხვილ ნაწლავში და კვებავს სასარგებლო ბაქტერიებს
კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი უჯრედისის შემცველი დიეტა წარმოქმნის მეტაბოლიტებს, რომლებიც კიბოს რისკს თრგუნავს, ხოლო ხორცით მდიდარი დიეტა – ანთებით და კანცეროგენულ ნივთიერებებს.
თეორია 3: გარემო და ეპიგენეტიკა
დოქტორი ჰაინც-იოზეფ ლენცი იკვლევს ახალგაზრდა პაციენტებს, რომლებსაც გენეტიკური წინასწარგანწყობა არ გააჩნიათ. ის ყურადღებას ამახვილებს ეპიგენეტიკაზე.
ტერმინის განმარტება: ეპიგენეტიკა – მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის გარემო და ქცევა გენების მუშაობას დნმ-ის თანმიმდევრობის შეცვლის გარეშე
რისკ-ფაქტორები მოიცავს:
-
ხელოვნური განათება: განსაკუთრებით ტელეფონის ლურჯი შუქი ღამით, რაც არღვევს ცირკადულ რიტმს (ბიოლოგიურ საათს) და დნმ-ის აღდგენის პროცესს.
-
მჯდომარე ცხოვრების წესი: ანელებს ნაწლავის მოქმედებას.
-
დაბინძურებული ჰაერი: იწვევს ნაწლავის ლორწოვანის ანთებას.
თეორია 4: “ათლეტის პარადოქსი”
რაც შეეხება ტიმ კენონის პაციენტებს – ექსტრემალურ ათლეტებს: ექიმის ჰიპოთეზით, ექსტრემალური გამძლეობის ვარჯიშების დროს ორგანიზმი სისხლს კუნთებისკენ მიმართავს, რის გამოც ნაწლავი განიცდის ჟანგბადის დროებით ნაკლებობას. ამ სტრესმა და შემდგომმა აღდგენამ შესაძლოა მუტაციებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნას, თუმცა ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
ონკოლოგები გვირჩევენ არ მივეცეთ პანიკას და არ დავადანაშაულოთ საკუთარი თავი. კიბო ხშირად “შემთხვევითი მოვლენაა”. თუმცა, რისკების შესამცირებლად საუკეთესო გზაა: მეტი უჯრედისი, ნაკლები შაქარი, ხარისხიანი ძილი და ფიზიკური აქტივობა (ზომიერების ფარგლებში).
შეგახსენებთ, რომ სკრინინგი რეკომენდებულია 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის და საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები უფასოა. პროგრამის შესახებ ინფორმაცია ნახეთ ბმულზე: https://gowell.ge/colorectal/




