ექიმები მხოლოდ ახლა იწყებენ LATE-ის შესწავლას. ეს არის კოგნიტიური დაქვეითების ახლად აღიარებული ფორმა, რომელიც, შესაძლოა, დემენციის ყოველი მეხუთე შემთხვევის მიზეზი იყოს.
როდესაც მშობელს ან ბებია-ბაბუას სახელები ავიწყდება, ნივთებს კარგავს ან ერთსა და იმავე ისტორიას მრავალჯერ იმეორებს, ადამიანთა უმეტესობა ერთ დიაგნოზს – ალცჰაიმერის დაავადებას ელოდება. ათწლეულების განმავლობაში ალცჰაიმერი დემენციის შესახებ საზოგადოებრივ წარმოდგენებში დომინირებდა და, ფაქტობრივად, მეხსიერების დაკარგვის სინონიმად იქცა.
თუმცა, ეს შეხედულება სულ უფრო ხშირად დგება ეჭვქვეშ. ნევროლოგებმა უკვე იციან, რომ ალცჰაიმერის მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს, სინამდვილეში, სრულიად განსხვავებული მდგომარეობა აქვს – დაავადება, რომლის შესახებაც ბევრ ოჯახს და თვით ექიმებსაც კი მხოლოდ სმენიათ.
LATE (რაც ნიშნავს: limbic-predominant age-related TDP-43 encephalopathy) დემენციის შემთხვევების დაახლოებით 15–20%-ს შეადგენს და, სავარაუდოდ, 85 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ადამიანს აწუხებს. დაავადება ოფიციალურად 2019 წელს განიმარტა, ხოლო ცოცხალ პაციენტებში მისი ამოცნობის კლინიკური გაიდლაინები მხოლოდ გასულ წელს გამოქვეყნდა.
“ბიომარკერული ტესტების გამოჩენამდე არ ვიცოდით, რამდენად გავრცელებული იყო ეს მდგომარეობა,“ — ამბობს ენდრიუ ბადსონი, ბოსტონის ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემის კოგნიტიური ნევროლოგიის ხელმძღვანელი და ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი. “მოულოდნელად ნათელი გახდა: ბევრ ადამიანს, ვისზეც ვფიქრობდით, რომ ალცჰაიმერი ჰქონდა, სინამდვილეში სხვა პათოლოგია აღენიშნებოდა, მიუხედავად თითქმის იდენტური კლინიკური სურათისა.“
ეს მიგნება ცვლის დემენციის დიაგნოზის არსს. თუ მეხსიერების დაკარგვა გამოწვეულია LATE-ით და არა ალცჰაიმერით, მდგომარეობა შეიძლება უფრო ნელა განვითარდეს და მეტწილად მხოლოდ მეხსიერების პრობლემებით შემოიფარგლოს.
LATE-ის მთავარი ნიშანი პროგრესირებადი მეხსიერების დაკარგვაა, განსაკუთრებით – ახლო წარსულის მოვლენების დამახსოვრების სირთულე (რასაც ნეირომეცნიერები ეპიზოდურ მეხსიერებას უწოდებენ). პაციენტებს უჭირთ საუბრების, შეხვედრების ან წინა საღამოს ნანახი გადაცემების გახსენება.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად, შესაძლოა დაზიანდეს მეტყველებაც: რთულდება სიტყვების მოძებნა, ზოგჯერ კი ადამიანს ნაცნობი სიტყვების მნიშვნელობაც კი ავიწყდება. ბადსონი იხსენებს პაციენტს, რომელმაც ვერ გაიხსენა, რას ნიშნავდა სიტყვა „შარადები“, (პოპულარული გასართობი თამაშია) მოგვიანებით კი ვეღარ ხვდებოდა, რა იყო გოგრა. “ეს ისე გამოიყურებოდა, თითქოს ის ისეთ კულტურაში გაიზარდა, სადაც გოგრა საერთოდ არ არსებობდა,“ – აღნიშნავს პროფესორი.
გვიან ეტაპზე ვლინდება მცირე ქცევითი ცვლილებებიც. როდესაც დაავადება შუბლის (ფრონტალური) წილის ქვედა ნაწილზე ახდენს გავლენას, პაციენტი შეიძლება გახდეს შეუკავებელი – გააკეთოს სოციალურად შეუფერებელი კომენტარი სხვის გარეგნობაზე ან მოიქცეს ნორმების საწინააღმდეგოდ.
ალცჰაიმერისგან განსხვავებით, LATE ჩვეულებრივ უფრო გვიან ასაკში (70-იანი წლების ბოლოს ან 80-იანებში) იწყება და უფრო ნელა პროგრესირებს. ბევრ პაციენტს წლების განმავლობაში მხოლოდ მეხსიერების იზოლირებული პრობლემები აქვს, სანამ სხვა კოგნიტიური უნარები დაუზიანდება.
თუმცა, ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ LATE ხშირად თანაარსებობს ალცჰაიმერთან. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ვოლკის თქმით, LATE-ით დაავადებულთა ნახევარს ტვინში ალცჰაიმერის პათოლოგიაც აღენიშნება. ასეთ დროს მდგომარეობა გაცილებით სწრაფად და მძიმედ უარესდება.
ბადსონი მეხსიერების მუშაობას საინტერესო ანალოგიით ხსნის: წარმოიდგინეთ, რომ მეხსიერება არქივია. შუბლის წილი არის არქივისტი, რომელიც ინფორმაციას ახარისხებს, ხოლო ჰიპოკამპუსი – კარადა, სადაც ეს ინფორმაცია ინახება.
-
ნორმალური დაბერებისას: პრობლემა “არქივისტშია“. მას უჭირს ინფორმაციის პოვნა, მაგრამ თუ მინიშნებას მივცემთ, ის მას “კარადაში“ იპოვის.
-
ალცჰაიმერისა და LATE-ის დროს: თავად “კარადა“ ზიანდება. ინფორმაცია იქ უბრალოდ აღარ ხვდება ან ქრება, ამიტომ მინიშნებებიც კი ვეღარ შველის.
პათოლოგიურად ეს ორი დაავადება სხვადასხვა ცილებით განისაზღვრება:
-
ალცჰაიმერი: დაკავშირებულია ამილოიდ-ბეტასა და ტაუ-ცილების დაგროვებასთან.
-
LATE: გამოწვეულია TDP-43 ცილის დეფორმაციით.
ჯანმრთელ ტვინში ეს ცილა ნეირონებს ფუნქციონირებაში ეხმარება, თუმცა LATE-ის დროს ის გროვდება უჯრედებში, აზიანებს მათ და იწვევს მათ კვდომას. ყველაზე მეტად ზიანდება სამი სტრუქტურა: ჰიპოკამპუსი (ახალი მოგონებები), საფეთქლის (ტემპორალური) წილი (ენა და მნიშვნელობები) და შუბლის წილის ქვედა ნაწილი (ქცევა).
დღემდე LATE-ის საბოლოო დადასტურება მხოლოდ სიკვდილის შემდგომი კვლევითაა შესაძლებელი, რაც “ოქროს სტანდარტად“ რჩება. თუმცა, თანამედროვე ბიომარკერებისა და კოგნიტიური ტესტების მეშვეობით, ექიმებს უკვე სიცოცხლეშივე შეუძლიათ მაღალი სიზუსტით ივარაუდონ ეს დიაგნოზი. “თუ სკანირება ალცჰაიმერს არ ადასტურებს, დიდია ალბათობა, რომ ეს LATE-ია,“ – განმარტავს ბადსონი.
რაც შეეხება მკურნალობას, ალცჰაიმერის ახალი პრეპარატები LATE-ზე არ მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ექიმები გვირჩევენ, ნაჩქარევად არ შეწყდეს ის ძველი მედიკამენტები, რომლებიც აცეტილქოლინის დონეს ზრდის, რადგან ისინი ამ შემთხვევაშიც სასარგებლოა.
ზუსტ დიაგნოზს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოჯახებისთვის, რათა მათ სწორად დაგეგმონ მომავალი. იმის ცოდნა, რომ დაავადება ნელა პროგრესირებს, პაციენტს დამოუკიდებლობის ხანგრძლივად შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.
მეცნიერულად კი, დაავადებების გამიჯვნა აუცილებელია ახალი, ეფექტური წამლების შესაქმნელად. როგორც დევიდ ვოლკი აღნიშნავს, LATE საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან ის ასაკთან დაკავშირებული კოგნიტიური დაქვეითების დიდ ნაწილს ხსნის.
LATE გვახსენებს, რომ “დემენცია“ კომპლექსური ცნებაა და ორი ადამიანი ერთსა და იმავე სიმპტომამდე შეიძლება სრულიად განსხვავებული ბიოლოგიური გზით მივიდეს.




