მსხვილი ნაწლავის კიბო სულ უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს: დღეს დიაგნოსტირებული ყოველი მეხუთე შემთხვევა 54 წლამდე ასაკის ადამიანებზე მოდის, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში 11%-იან მატებას ნიშნავს. რა იწვევს ამ ზრდას ახალგაზრდა პაციენტებში, აქამდე მეცნიერებისთვის გამოცანად რჩებოდა.
National Geographic-ი აანალიზებს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევას, რომელიც პოტენციურ პასუხს გვთავაზობს. წლების განმავლობაში ექსპერტები ეჭვობდნენ, რომ პროცესში შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო კოლიბაქტინი – ტოქსინი, რომელსაც E. coli და სხვა ბაქტერიები გამოიმუშავებენ და რომელსაც დნმ-ის დაზიანება შეუძლია. ახალმა კვლევამ დაადგინა ძლიერი კავშირი ბავშვობაში კოლიბაქტინის ზემოქმედებასა და 40 წლამდე ასაკის პაციენტებში მსხვილი ნაწლავის კიბოს შორის.
რა აღმოაჩინეს მკვლევრებმა?
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ლუდმილ ალექსანდროვის, ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა 11 ქვეყნიდან თითქმის 1000 პაციენტის სიმსივნური ქსოვილის ნიმუშები გააანალიზეს. მათ გამოიყენეს დნმ-ის სექვენირება იმ უჯრედული მუტაციების დასადგენად, რომლებიც კიბოს ჩამოყალიბებასა და გავრცელებას უწყობს ხელს.
“სხვადასხვა კანცეროგენი მუტაციების დამახასიათებელ კვალს, ანუ მუტაციურ ხელწერას ტოვებს”, – განმარტავს ალექსანდროვი. “უმარტივესი მაგალითია თამბაქო – თუ ეწევით, ფილტვის უჯრედებში სპეციფიკურ მუტაციურ პატერნს იღებთ”.
ალექსანდროვის გუნდმა აღმოაჩინა, რომ 50 წლამდე ასაკის პაციენტებს ჰქონდათ კოლიბაქტინთან დაკავშირებული მუტაციების “გასაოცარი გამდიდრება”. რაც უფრო ახალგაზრდა იყო პაციენტი, მით უფრო მაღალი იყო ამ “ხელწერის” არსებობის ალბათობა. 40 წლამდე დიაგნოსტირებულ პაციენტებს კოლიბაქტინით გამოწვეული მუტაციები დაახლოებით სამჯერ უფრო ხშირად აღენიშნებოდათ, ვიდრე 70 წლის შემდეგ დიაგნოსტირებულებს.
“როდესაც კიბოს სექვენირებას ვატარებთ, ჩვენ ვხედავთ არქეოლოგიურ ჩანაწერს ყველაფრისა, რაც ამ ადამიანის ცხოვრებაში მოხდა”, – ამბობს ალექსანდროვი. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს შეუძლიათ, დაახლოებით განსაზღვრონ, როდის მოხდა ესა თუ ის დაზიანება.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მონაწილეების ნაწლავებზე კოლიბაქტინის ზემოქმედება, სავარაუდოდ, 10 წლამდე ასაკში მოხდა. როგორც ჩანს, ნაწლავის მიკრობიომზე ეს ადრეული “დარტყმა” პაციენტებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების გრაფიკში 20-30 წლით წინ სწევს. იმის ნაცვლად, რომ დიაგნოზი 60-70 წლის ასაკში დაესვათ, ისინი დაავადებას 30-40 წლის ასაკში შეეჯახნენ.
როგორ იწვევს კოლიბაქტინი კიბოს?
კოლიბაქტინი არის გენოტოქსინი – იარაღი, რომელსაც გარკვეული ბაქტერიები სხვა მიკრობებისგან თავის დასაცავად იყენებენ. ექსპერტების თეორიით, ზოგიერთ ადამიანში ეს ბაქტერიები დომინანტური ხდება და შემდეგ საკუთარი “მასპინძლის” დაზიანებას იწყებს. როგორც კი ისინი მსხვილ ნაწლავში კოლონიზდებიან, შეუძლიათ მიეწებონ ჯანმრთელ ქსოვილებს, შეუტიონ უჯრედებს და გამოიწვიონ დნმ-ის მუტაციები.
თუმცა, ყველა, ვისაც კოლიბაქტინის მწარმოებელი ბაქტერია ჰყავს, კიბოთი არ ავადდება – ასეთი ბაქტერიები ადამიანების 20-30%-ს აღენიშნება. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც ხდება, რაც მათ სხვა ბაქტერიებზე უპირატესობას ანიჭებს”, – ამბობს ალექსანდროვი.
ეს კვლევა, მართალია, არ ამტკიცებს, რომ კოლიბაქტინი პირდაპირ იწვევს კიბოს, მაგრამ აჩვენებს “ძლიერ ასოციაციას” და გზას ხსნის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის ახალი სტრატეგიებისთვის.




