შიმპანზეებს შეუძლიათ საკუთარი აზრის შეცვლა, როდესაც ფაქტები მათ თავდაპირველ რწმუნებულებებს აღარ ამყარებს. ეს რაციონალური აზროვნების დონეა, რომელიც ერთ დროს ექსკლუზიურად ადამიანურ თვისებად ითვლებოდა.
ექსპერიმენტების სერიაში, რომელიც ამ პრიმატების მეტაკოგნიციის შესამოწმებლად ჩატარდა, უტრეხტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ჰანა შლაიჰაუფმა და მისმა კოლეგებმა პირველად დააფიქსირეს, თუ როგორ შეუძლიათ შიმპანზეებს სხვადასხვა სახის მტკიცებულების აწონ-დაწონვა და უფრო ძლიერი არგუმენტის საპასუხოდ საკუთარი რწმუნებულებების შეცვლა.
მეტაკოგნიცია (Metacognition) არის უმაღლესი დონის კოგნიტური პროცესი, რომელსაც ხშირად „აზროვნებას აზროვნების შესახებ“ უწოდებენ. ის გულისხმობს საკუთარი ცოდნის, რწმუნებულებების და აზროვნების პროცესების გაცნობიერების, შეფასებისა და კონტროლის უნარს.
„ეს არის ნამდვილად ყველაზე ძლიერი და რთული ტესტი ეგრეთ წოდებული მეორე რიგის მტკიცებულებების გაგებისთვის“, — განუცხადა შლაიჰაუფმა ScienceAlert-ს. „ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ — არა, რაციონალობა მისი ფუნდამენტური ფორმით არ არის ექსკლუზიურად ადამიანური, ჩვენ ამ საბაზისო პროცესებს შიმპანზეებთან ვიზიარებთ“.
არისტოტელეს ფილოსოფიური სკოლა ადამიანს „რაციონალურ ცხოველად“ მიიჩნევს – ერთადერთ სახეობად დედამიწაზე, რომელსაც დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი შესწევს. თუმცა, ბოლო წლებში ვსწავლობთ, რომ ეს დაშვება შესაძლოა, გადაჭარბებული წარმოდგენა იყოს, რადგან მრავალი ცხოველი ავლენს ინტელექტის ისეთ დონეებს, რომლებიც შესაძლოა, არისტოტელეს მათ შესაძლებლობებს მიღმა არსებულად მიეჩნია.
ადამიანის აზროვნების ერთ-ერთი სავარაუდო განმსაზღვრელი მახასიათებელი რაციონალობაა. ამ კვლევის მიზნებისთვის, ის განისაზღვრება, როგორც უნარი, ჩამოაყალიბო რწმუნებულებები სამყაროს შესახებ მტკიცებულებებზე დაყრდნობით; თუმცა, როდესაც ახალი მტკიცებულება ჩნდება, რაციონალურ არსებას შეუძლია აწონ-დაწონოს მტკიცებულებათა ორივე ნაკრები და, რაც მთავარია, გადახედოს თავის რწმუნებულებებს, როდესაც მეორე რიგის მტკიცებულება (ანუ, მტკიცებულება თავად მტკიცებულების შესახებ) უფრო ძლიერია.
როგორც სავარაუდოდ წარმოგიდგენიათ, ამის შემოწმება არაადამიანურ ცხოველებში მარტივი არ არის. შლაიჰაუფმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს ხუთი ექსპერიმენტის სერია, რომელიც უგანდაში, ნგამბას კუნძულის შიმპანზეების თავშესაფარში (Ngamba Island Chimpanzee Sanctuary) შიმპანზეებზე (Pan troglodytes) ჩაატარეს. თითოეული ექსპერიმენტი გულისხმობდა ვაშლის ნაჭრის ყუთში დამალვას და მოლოდინს, თუ როდის აირჩევდა შიმპანზე ყუთს წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
არსებობდა რამდენიმე სახის მტკიცებულება. ძლიერი მტკიცებულება იყო ვიზუალური: შიმპანზე ხედავდა, როგორ დებდა ადამიანი ვაშლს ყუთში, ან ხედავდა ვაშლს ყუთში გამჭვირვალე პლექსიგლასის მხრიდან. მხოლოდ ხმაურის გაგონება ყუთში ან რამდენიმე ნამცეცის დანახვა სუსტ მტკიცებულებად კლასიფიცირდა.
პირველი ორი ექსპერიმენტი ყველაზე მარტივი იყო. შიმპანზეებს წარუდგინეს ორი ყუთი და შემდეგ თითოეულ მათგანზე მტკიცებულება მისცეს. როდესაც ძლიერი მტკიცებულება სუსტზე ადრე იყო წარმოდგენილი, შიმპანზეები თავდაპირველ არჩევანს არ ცვლიდნენ. როდესაც ჯერ სუსტი მტკიცებულება იყო წარმოდგენილი, ისინი აზრს იცვლიდნენ (და ძლიერ მტკიცებულებას ირჩევდნენ). ჯერჯერობით, ყველაფერი ლოგიკურია.

პირველი და მეორე ექსპერიმენტები. www.science.org/
მომდევნო ექსპერიმენტისთვის მკვლევრებმა დაამატეს მესამე ყუთი, რომლისთვისაც არანაირი მტკიცებულება არ მიუციათ, შემდეგ კი ძლიერი მტკიცებულების ყუთი გაიტანეს. ამ შემთხვევაში, შიმპანზეები უმეტესად სუსტი მტკიცებულების ყუთს ირჩევდნენ და არა უმტკიცებულებო ყუთს.
მეოთხე ექსპერიმენტში მკვლევრებმა წარმოადგინეს გამეორებითი (ჭარბი) სუსტი მტკიცებულება ან ახალი სუსტი მტკიცებულება. პირველ სცენარში მკვლევრებმა ყუთი ორჯერ შეარხიეს, ასე რომ შიმპანზეებმა მოისმინეს საკვების ერთი და იმავე ნაჭრის ხმაური; მეორე შემთხვევაში კი შიმპანზეებს მოასმენინეს ყუთში ჩავარდნილი მეორე ნაჭერი საკვების ხმა.
აქ ყველაფერი უფრო საინტერესო ხდება. შიმპანზეები არჩევდნენ ყუთს ახალი, დამატებითი მტკიცებულებით, ვიდრე გამეორებითი მტკიცებულებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ შეუძლიათ ახალი და ძველი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა.

მესამე ექსპერიმენტი, Science.org
დაბოლოს, მეხუთე ექსპერიმენტი გადამწყვეტი იყო. შიმპანზეებს აჩვენეს, რომ ადრინდელი მტკიცებულება შესაძლოა, მცდარი ყოფილიყო: ვაშლის ნაჭერი აღმოჩნდა მხოლოდ სურათი პლექსიგლასზე, ან ყუთში ხმაურს კენჭი იწვევდა. ამ შემთხვევაში, შიმპანზეები ბევრად უფრო ხშირად იცვლიდნენ აზრს, უარყოფდნენ შეცდომაში შემყვან მტკიცებულებას და ირჩევდნენ უფრო სანდო მინიშნებებს.
“მე ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი, [რომ ეს იმუშავებდა], რადგან ეს აქამდე არავის გაუკეთებია“, — თქვა შლაიჰაუფმა.
“ცხოველები არ მოქმედებენ წმინდა ინსტინქტებით, მათ ქცევას გარკვეული პატერნი აქვს და ისინი ნამდვილად მიჰყვებიან მტკიცებულებებს. მიზეზზე რეფლექსური რეაგირება ნიშნავს, რომ შენ ნამდვილად აცნობიერებ, რატომ გაქვს გარკვეული რწმუნებულებები. იმის ჩვენება, რომ მათ აზრი შეიცვალეს, როდესაც მიზეზი გაბათილდა, არის მტკიცებულება იმისა, რომ მათ ეს უნარი აქვთ“.
შედეგები მიუთითებს, რომ შიმპანზეების ინტელექტი შესაძლოა, იმაზე ოდნავ ახლოს იყოს ადამიანის ინტელექტის ჩვენეულ განმარტებასთან, ვიდრე ვფიქრობდით. მათ შეუძლიათ მტკიცებულებების აწონ-დაწონვა და შედარება, და არა მხოლოდ მათზე რეაგირება; თვალყურის დევნება, რა იციან და როგორ იციან ეს; არასანდო მტკიცებულებების ამოცნობა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების გადახედვა.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ამ უნარს შესაძლოა, სათავე მილიონობით წლის წინ, პრიმატების საერთო წინაპარში ჰქონდეს; თუ ეს ასეა, შესაძლოა, მისი შემოწმება სხვა პრიმატებშიც გახდეს შესაძლებელი, როგორიცაა კაპუცინები, მაკაკები და ბაბუინები.
ჩარლზ დარვინი “სახეობათა წარმოშობაში“ წერდა:
“შორეულ მომავალში მე ვხედავ გაშლილ ველებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კვლევებისთვის. ფსიქოლოგია დაეფუძნება ახალ საძირკველს, თითოეული გონებრივი ძალისა და შესაძლებლობის აუცილებელ შეძენას გრადაციის გზით. ნათელი მოეფინება ადამიანის წარმოშობასა და მის ისტორიას“.
შესაძლოა, შიმპანზეების ამჟამინდელი ფსიქოლოგია ასახავდეს განვითარების მსგავს კოგნიტურ სტადიას, რომელიც ადრეულმა ადამიანებმა გაიარეს. არსებობს ასევე მოსაზრება, რომელიც ვარაუდობს, რომ ის, რაც ადამიანებს სხვა ცხოველებისგან განგვასხვავებს, ჩვენი თანამშრომლობის უნარია და არა მხოლოდ რაციონალურად აზროვნების უნარი.
როგორც ჩანს, ახალი მტკიცებულება მხარს უჭერს ამ იდეას, რომ მხოლოდ ინტელექტი არ არის ის, რაც ჩვენ ადამიანებად გვაქცევს.
“ვფიქრობ, ჩვენ შორის ჯერ კიდევ დიდი განსხვავებებია, მაგრამ ასევე უფრო მეტი მსგავსება, ვიდრე გვეგონა“, – დაასკვნა შლაიჰაუფმა.




