გაჭედილი ცხვირი, დასიებული თვალები, მუდმივი ცემინება… სეზონური ალერგია ბევრისთვის ნაცნობი და შემაწუხებელი პრობლემაა. როდესაც ანტიჰისტამინური პრეპარატები სიმპტომებს ვეღარ უმკლავდებიან, არსებობს უფრო ხანგრძლივი და ეფექტიანი გამოსავალი – ალერგიის იმუნოთერაპია, იგივე “ალერგიის აცრები”.
რა არის ალერგიის იმუნოთერაპია და როგორ მუშაობს ის?
იმუნოთერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც საუკუნეზე მეტია გამოიყენება. მისი მიზანია, შეამციროს თქვენი იმუნური სისტემის მგრძნობელობა კონკრეტული ალერგენების მიმართ. აბებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სიმპტომებს ბლოკავს, იმუნოთერაპია პრობლემის მიზეზს ებრძვის.
პრინციპი ვაქცინის მსგავსია: ექიმი-ალერგოლოგი რეგულარულად, მცირე და თანდათან მზარდი დოზებით შეჰყავს თქვენს ორგანიზმში იმ ალერგენს, რომელიც რეაქციას იწვევს. დროთა განმავლობაში, თქვენი იმუნური სისტემა “ეჩვევა” ამ ალერგენს და მასზე აგრესიულ რეაგირებას წყვეტს. შედეგად, ალერგიული სიმპტომები მნიშვნელოვნად მსუბუქდება ან სრულად ქრება.
ვისთვის არის განკუთვნილი ეს მკურნალობა?
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ იმუნოთერაპია ყველა ტიპის ალერგიაზე არ მუშაობს. ის დამტკიცებულია და ეფექტიანია შემდეგი ალერგენების მიმართ:
- რესპირატორული (ჰაერში არსებული) ალერგენები: მცენარეების მტვერი, ცხოველის ბეწვი, ობის სოკო, მტვრის ტკიპები.
- მწერების ნაკბენის ალერგენები: ფუტკრის, კრაზანის, ბზიკის შხამი.
ამ ეტაპზე, იმუნოთერაპია არ გამოიყენება საკვებისა და მედიკამენტების მიმართ ალერგიების სამკურნალოდ.
როგორია მკურნალობის პროცესი?
იმუნოთერაპია მოთმინებასა და დიდ დროით რესურსს მოითხოვს. ის ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება:
- “დატვირთვის” ეტაპი: გრძელდება 3-დან 6 თვემდე. ამ პერიოდში ინექციები კეთდება კვირაში ერთხელ ან ორჯერ და ალერგენის დოზა თანდათან იზრდება.
- “შემანარჩუნებელი” ეტაპი: გრძელდება 3-დან 5 წლამდე. ამ დროს ინექციები თვეში ერთხელ ან ორჯერ კეთდება და დოზა სტაბილურია.
რა რისკებს შეიცავს და რამდენად ეფექტიანია?
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი ადგილობრივი რეაქციაა – სიწითლე, შეშუპება და ქავილი ინექციის ადგილას. იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი ალერგიული სიმპტომები, როგორიცაა ცემინება.
ყველაზე სერიოზული, მაგრამ ძალიან იშვიათი რისკია ანაფილაქსიური შოკი. სწორედ ამიტომ, ყოველი ინექციის შემდეგ პაციენტი ვალდებულია, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში დარჩეს.
რაც შეეხება ეფექტიანობას, შედეგები შთამბეჭდავია:
- რესპირატორული ალერგიების მქონე ადამიანების 80%-მდე სიმპტომების მნიშვნელოვან შემსუბუქებას აღნიშნავს.
- მწერების ალერგიების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 90%-ს აღწევს.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეს არ არის სწრაფი გამოსავალი. შედეგის შემჩნევას შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყებიდან 12 თვემდე დასჭირდეს. თუმცა, მიღწეული ეფექტი ხშირად ხანგრძლივია და მკურნალობის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში ნარჩუნდება.
წყაროები:
- Allergy, Asthma, and Immunology Research. Allergen Immunotherapy: Past, Present, and Future
- American Academy of Allergy, Asthma, and Immunology (AAAAI). Allergy Shots
- American Academy of Allergy, Asthma, and Immunology (AAAAI). Allergy Shot Tips
- Immunology and Allergy Clinics of North America. Systemic Allergic Reactions and Anaphylaxis Associated with Allergen Immunotherapy
- Clevland Clinic. Allergy Shots
- U.S. Food & Drug Administration. FDA Approves First Medication to Help Reduce Allergic Reactions to Multiple Foods After Accidental Exposure
- Frontiers in Allergy. Venom Immunotherapy and Aeroallergen Immunotherapy: How Do Their Outcomes Differ?




