ლორინ ვილენბერგი 71 წლის ლანდშაფტის დიზაინერია კალიფორნიიდან, მაგრამ მეცნიერებისთვის ის ათწლეულებია, სამედიცინო ფენომენს წარმოადგენს. მას აივ-ინფექციის დიაგნოზი 1992 წელს დაუსვეს, თუმცა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტები არასდროს მიუღია. მისი იმუნური სისტემა ინფექციას დამოუკიდებლად, გასაოცარი ეფექტურობით აკონტროლებდა.
ახლა კი ლორინის ისტორიაში ახალი, დრამატული თავი დაიწერა. მას შემდეგ, რაც თავისა და ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მან მკურნალობის კურსი დაიწყო, რომელიც იმუნური სისტემის დამთრგუნველ მედიკამენტებს მოიცავდა. ეს იყო კრიტიკული მომენტი – დასუსტდებოდა თუ არა მისი იმუნიტეტი იმდენად, რომ მიძინებული ვირუსი ისევ გააქტიურებულიყო?
მაგრამ მოხდა ის, რასაც ბევრი არ ელოდა. იმუნოსუპრესიული მკურნალობის მიუხედავად, აივ-ი არ დაბრუნებულა. ეს ფაქტი აძლიერებს მტკიცებულებებს, რომ ლორინის ორგანიზმმა ვირუსი არა უბრალოდ დაამარცხა, არამედ, სავარაუდოდ, სრულად განდევნა.
რას ნიშნავს “ბუნებრივი განკურნება”?
აივ-თან ბრძოლისას მთავარი სირთულე ვირუსის უნარია, საკუთარი გენეტიკური მასალა ადამიანის ქრომოსომებში ჩანერგოს. ასე იქმნება “რეზერვუარები” – ინფიცირებული უჯრედების მარაგი, რომელიც მუდმივად მზადაა, ვირუსის ახალი ასლები აწარმოოს, როგორც კი იმუნური სისტემა მოდუნდება.
ლორინი მიეკუთვნება პაციენტების უიშვიათეს ჯგუფს, რომელთაც “ელიტურ მაკონტროლებლებს” უწოდებენ. მათი იმუნური სისტემა იმდენად ძლიერია, რომ ამ რეზერვუარებს ათწლეულების განმავლობაში არააქტიურ მდგომარეობაში ამყოფებს. ლორინის სისხლში ვირუსის მნიშვნელოვანი რაოდენობა ბოლო 25 წელია, არ დაფიქსირებულა.
დღემდე აივ-ისგან განკურნების მხოლოდ 10-11 შემთხვევა იყო ცნობილი, ყველა მათგანი – სისხლის კიბოს სამკურნალოდ ჩატარებული ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შედეგად. ლორინის შემთხვევა კი უნიკალურია, რადგან ის, არგენტინელ “ესპერანსას პაციენტთან” ერთად, შესაძლოა, იყოს ადამიანი, რომელმაც აივ-ისგან ბუნებრივად, ყოველგვარი რადიკალური ჩარევის გარეშე განიკურნა.
როგორც რაგონის ინსტიტუტის მკვლევარი, სუ იუი ამბობს, რომელიც ლორინის ორგანიზმში ვირუსის კვალს წლებია, ეძებს: “ჩვენ ახლა უფრო მეტად ვართ დარწმუნებულები, რომ მან აივ-ისგან ბუნებრივ განკურნებას მიაღწია”. მისი თქმით, იმუნიტეტის დათრგუნვა ერთგვარად საუკეთესო ტესტი აღმოჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ ვირუსის აქტიური რეზერვუარები ორგანიზმში უბრალოდ აღარ არსებობს.
“იმედის შუქურა”
თავად ლორინი ამ ფაქტს დიდი თავმდაბლობით ხვდება. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მისმა ონკოლოგებმა კიბოს მკურნალობისას აივ-ის გააქტიურების რისკებზე არასდროს ისაუბრეს. “ჩვენ ორი სხვადასხვა სამყარო, ორი სხვადასხვა დაავადება გვქონდა”, – ამბობს ის.
მხოლოდ მოგვიანებით, აივ-ის სპეციალისტ სტივ დიქსთან საუბრისას გააცნობიერა მომხდარის მნიშვნელობა. “მან ამიხსნა, რომ თუ ვირუსმა თავი არ გამოავლინა ამ მკურნალობისას, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ წასულია”, – იხსენებს ლორინი.
ეს აღმოჩენა ცვლის მის წარმოდგენას საკუთარი მდგომარეობის შესახებ. “ვერ უარვყოფ, რომ ჩემს იმუნურ სისტემას რაღაც საოცარი დაემართა, როცა საქმე აივ-ს ეხება. ყველა მონაცემით, დარწმუნებული ვარ, რომ ის უბრალოდ იქ აღარ არის”, – ამბობს ის.
მიუხედავად მძიმე განსაცდელისა, ლორინი მომავალს იმედით უყურებს და მზადაა, სხვებისთვის იმედის მაგალითი იყოს. “თუ ჩემი მიზანია, ვიყო იმედის შუქურა, მაშინ, ღვთის გულისათვის, ბედნიერი ვარ ამით… ჩემი საქმე დედამიწაზე ჯერ არ დასრულებულა”.
მომზადებულია science.org – ის მიხედვით.
ასევე დაგაინტერესებთ:




