აშშ-ის სამთავრობო ლაბორატორიაში მომუშავე ორ ვირუსოლოგს ბრალი წარედგინა აფრიკიდან ქვეყანაში mpox-ის (მაიმუნის ყვავილის) დეაქტივირებული ვირუსის ფლაკონების არალეგალურად შემოტანასა და მიჩიგანის აეროპორტში გამომძიებლებთან ინტერვიუს დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში.
დეტროიტის ფედერალურ სასამართლოში სისხლის სამართლის საჩივარი გაფორმდა ვინსენტ მუნსტერის (Vincent Munster), მონტანას შტატის ქალაქ ჰამილტონში მდებარე “როკი მაუნთინის ლაბორატორიების“ (Rocky Mountain Laboratories) ვირუსების ეკოლოგიის სექციის ხელმძღვანელისა და მისი კოლეგის, კლოდ კვეს (Claude Kwe) წინააღმდეგ.
მუნსტერი და კვე დეტროიტის მეტროპოლიტენის აეროპორტში იანვარში, პარიზიდან რეისით ჩაფრენისას შეაჩერეს, მას შემდეგ, რაც მათ ცხრა დღე გაატარეს კონგოს რესპუბლიკაში. კონგოს რეგიონში mpox-ის ეპიდემიოლოგიური აფეთქება 2 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა, თუმცა ორწლიანი აფეთქება ოფიციალურად დასრულებულად მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მუნსტერმა კატეგორიულად უარყო აშშ-ში ბიოლოგიური მასალების ან ნიმუშების შემოტანა. თუმცა, შემდგომმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ მეცნიერებს თან ჰქონდათ დეაქტივირებული mpox-ის ვირუსის ფლაკონები, რომელთა დეკლარირება ან მათზე იმპორტის სპეციალური ნებართვის მოპოვება მათ არ განუხორციელებიათ.
“ნებისმიერი მიზანმიმართული მცდელობა, სათანადო ავტორიზაციის გარეშე მოხდეს ბიოლოგიური მასალების მალვა და კონტრაბანდული გზით შემოტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საზოგადოებრივი ნდობის დარღვევაა და შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს მოსახლეობა“, – განაცხადა მარკუს საიკსმა, აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისიდან.
ბრალდებულ მეცნიერებს კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს. ისინი მონტანას შტატის ქალაქ მისულას ფედერალურ სასამართლოში წარსდგებიან.
“მოცემული საკითხი ამჟამად გამოძიების პროცესშია და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები (NIH) სრულად თანამშრომლობენ სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის სტრუქტურებთან. ვინაიდან ეს არის მიმდინარე გამოძიება და ეხება პერსონალის საკითხს, დამატებითი ინფორმაციის გაცემის კუთხით ამ ეტაპზე შეზღუდულები ვართ“, – ნათქვამია NIH-ის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო ლაბორატორიას კურირებს.
სამთავრობო სასამართლო დოკუმენტებში არ არის მითითებული კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ სურდათ მუნსტერსა და კვეს დეაქტივირებული ვირუსის შეტანა თავიანთ სამუშაო ლაბორატორიაში, თუმცა FBI-ის განმარტებით, ისინი წარმოადგენენ ვირუსოლოგებს, რომლებიც ინტენსიურად მუშაობდნენ mpox-ის კვლევების მიმართულებით.
აეროპორტში გამოკითხვისას მუნსტერმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია მის ლეპტოპში იყო, თუმცა დაამატა: “მაგრამ ისინი თქვენ არ გჭირდებათ. მე ამას მუდმივად ვაკეთებ“. გამოძიების შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მუნსტერის განცხადებები საჭირო დოკუმენტაციის ფლობის შესახებ მატერიალურად ყალბი იყო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, mpox-ის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს წარმოადგენს კანზე გამონაყარი და ცხელება, თუმცა ინფექციამ ზოგჯერ შესაძლოა მძიმე კლინიკური ფორმებიც მიიღოს. პაციენტების უმრავლესობა სრულად ჯანმრთელდება.
mpox, რომელიც მანამდე “მაიმუნის ყვავილის“ სახელით იყო ცნობილი, მეცნიერებმა პირველად 1958 წელს დააფიქსირეს მაიმუნებში ყვავილის მსგავსი დაავადების აფეთქების დროს. ბოლო წლებამდე, ადამიანებში ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა ვლინდებოდა ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, იმ პირებში, რომელთაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ ცხოველებთან. 2022 წელს პირველად დადასტურდა ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა, რამაც გამოიწვია ეპიდემიოლოგიური აფეთქებები 70-ზე მეტ ისეთ ქვეყანაში, სადაც მანამდე mpox-ის შემთხვევები არასდროს დაფიქსირებულა.




