ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მკერდის იმპლანტებთან ასოცირებული იშვიათი ონკოლოგიური დაავადების ასზე მეტი შემთხვევა ოფიციალურად დაადასტურა. პათოლოგია ძირითადად გამოვლინდა იმ ქალებში, რომლებსაც ტექსტურირებული (ხოროშიანი) პროთეზები აქვთ სამედიცინო თუ ესთეტიკური მიზნით გადანერგილი.
ესპანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტომ (AEMPS) დაადასტურა მკერდის იმპლანტებთან ასოცირებული ანაპლასტიკური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომის (BIA-ALCL) სულ 111 შემთხვევა. სამეთვალყურეო უწყებამ, აღნიშნული პათოლოგიის მონიტორინგის დაწყებიდან (2012 წლიდან) დღემდე, სულ 146 საეჭვო შეტყობინება მიიღო.
მონაცემები ასახულია ეროვნული პროტოკოლის მეექვსე შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების ზედამხედველობის სისტემაში (Medical Devices Surveillance System) რეგისტრირებული შეტყობინებების საფუძველზე მომზადდა. წლების განმავლობაში, AEMPS აღნიშნული დაავადების სპეციფიკურ მონიტორინგს წამყვან სამედიცინო ასოციაციებთან და ევროპულ ჯანდაცვის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ავტონომიური გაერთიანებებიდან შეტყობინებების ყველაზე მაღალი რაოდენობა მადრიდში დაფიქსირდა, რასაც მოჰყვება ანდალუსია, კატალონია და ვალენსია.
მკერდის იმპლანტებთან ასოცირებული ანაპლასტიკური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა, რომელიც საერთაშორისო დონეზე ცნობილია როგორც BIA-ALCL, წარმოადგენს არაჰოჯკინის ლიმფომის იშვიათ ტიპს. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ავთვისებიანი პროცესი არ წარმოიშობა უშუალოდ სარძევე ჯირკვლის (მკერდის) ქსოვილში. პათოლოგია ვითარდება იმუნური სისტემის უჯრედებში, რომლებიც დროთა განმავლობაში ფორმირდებიან იმპლანტის გარშემო არსებულ ქსოვილის ფიბროზულ კაფსულაში.
AEMPS ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არის იშვიათი დაავადება და მისი ინციდენტობის (გავრცელების) მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია მკერდის იმპლანტების მქონე ქალების საერთო, ძალზედ დიდ რაოდენობასთან შედარებით. მიუხედავად ამისა, მარეგულირებელი სააგენტო მიუთითებს მუდმივი ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის შენარჩუნებისა და ადრეული დიაგნოსტიკის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.
დღეისათვის ჩატარებული სამედიცინო კვლევები აჩვენებს, რომ დაავადებას აქვს მულტიფაქტორული წარმოშობა. სპეციალისტების მიერ შესწავლილ რისკ-ფაქტორებს შორის სახელდება:
-
გამოყენებული იმპლანტის სპეციფიკური ტიპი (კერძოდ, ტექსტურირებული ზედაპირი);
-
პაციენტის ინდივიდუალური გენეტიკური განწყობა;
-
პროთეზის მიმდებარედ განვითარებული შესაძლო ქრონიკული ანთებითი პროცესები ან მიკრობული კონტამინაცია.
მიუხედავად აქტიური კვლევებისა, ონკოლოგები და სამედიცინო ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ზუსტი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ეტაპზე საბოლოოდ დადგენილი არ არის და მოლეკულური მექანიზმი, რომელიც ლიმფომის განვითარების ტრიგერი ხდება, კვლავ შესწავლის პროცესშია.
შენიშვნა: მოცემული სტატია ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს სამედიცინო რეკომენდაციას.




