ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ტუალეტში მობილური ტელეფონის (სმარტფონის) გამოყენება შეიძლება ჰემოროიდების განვითარების რისკს ზრდიდეს. ეს მავნე ჩვევა, რომელიც ბევრისთვის ყოველდღიურობის ნაწილია, შესაძლოა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების გამომწვევი გახდეს.
აშშ-ში, 2025 წლის მომნელებელი დაავადებების კვირეულზე (DDW) წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, სმარტფონის მომხმარებლებს ჰემოროიდების განვითარების 46%-ით მეტი რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ტუალეტში სმარტფონს არ იყენებდა, ასაკის, სქესის, სხეულის მასის ინდექსის, ფიზიკური აქტივობისა და ბოჭკოვანი საკვების მიღების გათვალისწინებითაც კი. კვლევაში მონაწილე 125 პაციენტიდან 66% ტუალეტში სმარტფონს იყენებდა. კვლევის მიხედვით, სმარტფონის მომხმარებლების 37.3% ტუალეტში საშუალოდ 6 წუთზე მეტს ჩერდება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება არამომხმარებლების მაჩვენებელს (7.1%).
ჰემოროიდები, ყოფით სამეტყველო ენაში “ბუასილი”, ანთებით ან მის გარეშე მიმდინარე სისხლძარღვოვანი წარმონაქმნებია სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში ან ანალურ არხში. ისინი შეიძლება იყოს შიდა (ანალური არხის შიგნით) ან გარე (ანუსის გარშემო კანზე). ამ უსიამოვნო მდგომარეობის დაძლევა ბევრისთვის არ არის იოლი ამბავი. ჰემოროიდების დროს ადამიანს აღენიშნება ტკივილი ან დისკომფორტი დეფეკაციის დროს, ზოგჯერ ჩივილები მუდმივ ხასიათს ატარებს. ქავილი, სისხლდენა და ანთება განსაკუთრებით ხშირია გარე ჰემოროიდების შემთხვევაში. ცხოვრების წესის ცვლილებები ჰემოროიდების აღმოფხვრის გარანტი არ არის და გართულებულ შემთხვევებში ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ოპერაციაა. სმარტფონების გარდა, ჰემოროიდებს არაერთი გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის ქრონიკული ყაბზობა ან დიარეა, ორსულობა, უმოძრაო ცხოვრების წესი, ბოჭკოვანი საკვებით ღარიბი რაციონი.
კავშირს სმარტფონის გამოყენებასა და ტუალეტში გახანგრძლივებულ დაყოვნებას შორის სხვა კვლევებიც ადასტურებს. თურქეთის კოლორექტული დაავადებების ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ტუალეტში სმარტფონის გამოყენება ჰემოროიდების განვითარების რისკს 1.26-ჯერ ზრდის ყოველი დამატებითი წუთის განმავლობაში. Turkish Journal of Colorectal Disease
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჩვენთვის ნაცნობი, დასავლური ტიპის ტუალეტზე ხანგრძლივი ჯდომა ზრდის სწორი ნაწლავის ვენებზე ზეწოლას, რაც ჰემოროიდების განვითარებას უწყობს ხელს. სმარტფონის გამოყენება ყურადღების გაფანტვასაც იწვევს, რაც დეფეკაციის პროცესს აფერხებს და ახანგრძლივებს ზეწოლას სწორ ნაწლავზე.
გარდა ამისა, ტუალეტში სმარტფონის გამოყენება ჰიგიენურ პრობლემებსაც ქმნის. ბაქტერიები, რომლებიც ტუალეტის ზედაპირებზე გვხვდება, შეიძლება სმარტფონის ზედაპირზე გადავიდეს და შემდეგ ხელიდან ორგანიზმში მოხვდეს, მაგ. ფრჩხილების კვნეტით, რაც არცთუ ისე იშვიათი მავნე ჩვევაა.
ტუალეტში სმარტფონის გამოყენება, რაც შეიძლება უწყინარ ჩვევად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ჩვევის გადახედვა და მისი შეცვლა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, რომ საქმე სმარტფონში არ არის და საპირფარეშოში მაგ. წიგნის კითხვაც გვიზრდის ჰემოროიდის რისკებს. საპირფარეშო ბევრისთვის ე.წ. “კომფორტის ზონაა”, თუმცა ეს კომფორტი რომ დისკომფორტად არ გვექცეს, ჩვენი კომფორტის ზონებიც დაფიქრებით უნდა შევარჩიოთ.




