დაბერების პროცესის შეჩერება ან მისი გადავადება კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი მიზანია. დღეს ანტიასაკობრივი (anti-aging) გლობალური ბაზარი 40 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და პროგნოზების მიხედვით, 2032 წლისთვის მასშტაბი 60 მილიარდს მიაღწევს. ადამიანები იყენებენ სპეციალურ კრემებს, იღებენ საკვებ დანამატებს, ვარჯიშობენ სიმძიმეებით, თუმცა უახლესი სამეცნიერო მონაცემები აჩვენებს, რომ სიბერე იმაზე მეტად მოდიფიცირებადი და სუბიექტური ფენომენია, ვიდრე აქამდე მივიჩნევდით.
კალიფორნიის ბაკის დაბერების კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი, ერიკ ვერდინი განმარტავს, რომ ბიოლოგიურ ჭრილში არ არსებობს კონკრეტული, მკაფიო გარდამტეხი წერტილი, რომელიც შუახნის ასაკიდან ხანდაზმულობაზე გადასვლას განსაზღვრავს. მეცნიერები სულ უფრო ხშირად მიჯნავენ ერთმანეთისგან ქრონოლოგიურ ასაკს (ცხოვრების წლების რაოდენობას) და ბიოლოგიურ ასაკს, რომელიც ასახავს, თუ რეალურად რა მდგომარეობაშია ადამიანის უჯრედები და ქსოვილები. ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა ინდივიდებში რადიკალურად განსხვავებულია.
ჟურნალში Psychology and Aging გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ, რომელიც ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მარკუს ვეტშტაინის ხელმძღვანელობით ჩაატარეს, აჩვენა, რომ ზღვარი, რომლის მიღმაც ადამიანი “მოხუცად“ ითვლება, დროთა განმავლობაში ზემოთ იწევს. დღევანდელი შუახნის და უფროსი ასაკის ადამიანები თავს ბევრად უფრო ახალგაზრდულად გრძნობენ, ვიდრე მათი თანატოლები 10-20 წლის წინ. ეს ტენდენცია ნაწილობრივ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით აიხსნება, თუმცა მკვლევრები მიუთითებენ მეორე ფაქტორზეც: დასავლურ კულტურაში დამკვიდრებული ნეგატიური სტერეოტიპების გამო, ადამიანები ქვეცნობიერად ცდილობენ რაც შეიძლება გვიან მიაკუთვნონ თავი ხანდაზმულთა კატეგორიას.
ისტორიულად, სიბერე განისაზღვრებოდა ადამიანის შრომისუნარიანობითა და ოჯახში თუ თემში შეტანილი წვლილით. მე-19 საუკუნის ბოლოს კი, საპენსიო სისტემების ჩამოყალიბებასთან ერთად, აქცენტი მკაცრად ქრონოლოგიურ ციფრებზე გადავიდა. დღეს მთავრობების უმრავლესობა ხანდაზმულობის ზღვარად 60-65 წელს მიიჩნევს, რაც მთავარი რისკ-ფაქტორია ისეთი არაგადამდები დაავადებებისთვის, როგორებიცაა კარდიომიოპათიები, დიაბეტი, ონკოლოგიური პათოლოგიები და ალცჰაიმერი. აშშ-ში 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის თითქმის 95%-ს მინიმუმ ერთი ქრონიკული დაავადება აქვს, ხოლო 80%-ს – ორი ან მეტი.
მიუხედავად ფიზიკური გამოწვევებისა, გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის უდიდეს პრობლემად რჩება ასაკობრივი დისკრიმინაცია (ეიჯიზმი). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ეიჯიზმი იწვევს სოციალურ იზოლაციას, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას და ნაადრევ სიკვდილიანობასაც კი.
იელის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და ფსიქოლოგიის პროფესორი, ბეკა ლევი, თავის წიგნში Breaking the Age Code, დეტალურად აღწერს, თუ როგორ მოქმედებს დაბერების შესახებ არსებული სტერეოტიპები ბიოლოგიაზე:
-
ნეგატიური განწყობები აუარესებს ფიზიკურ, მენტალურ და კოგნიტურ მაჩვენებლებს.
-
პოზიტიური აღქმა (რომელიც ხშირად ახასიათებს აღმოსავლურ კულტურებს, მაგალითად, ჩინეთსა და კორეას, სადაც ასაკი სიბრძნესთან და სათნოებასთან ასოცირდება) აუმჯობესებს ჯანმრთელობის პროგნოზს.
პროფესორ ლევის ანალიზის მიხედვით, ასაკობრივი სტერეოტიპებით გამოწვეული სამედიცინო ხარჯები მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად 63 მილიარდ დოლარს აღწევს.
ბოლო ათწლეულებში სიცოცხლის ხანგრძლივობის კვლევებში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მეცნიერებმა ისწავლეს უჯრედების რეპროგრამირება ახალგაზრდული ფუნქციის აღსადგენად, შეიქმნა მედიკამენტები, რომლებიც შლიან ანთებითი პროცესების გამომწვევ დაბერებულ (სინესცენტურ) უჯრედებს, ხოლო კალორიების შეზღუდვამ და წყვეტილმა შიმშილმა სიცოცხლის გახანგრძლივების პოტენციალი აჩვენა.
თუმცა, დაბერება მაინც რჩება კომპლექსურ, უწყვეტ პროცესად, რომელსაც არ გააჩნია ერთი კონკრეტული ბიოლოგიური მარკერი. ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა სტრესორისა თუ ქრონიკული დაავადების ფონზე შეიძლება ბევრად უფრო სწრაფად დაბერდეს, ვიდრე ამას ქრონოლოგიური ასაკი აჩვენებს.
განსაკუთრებული სამეცნიერო ინტერესის საგანს წარმოადგენენ ე.წ. “სუპერ-ეიჯერები” – ადამიანები, რომლებიც 70-80 წლის შემდეგაც კი ინარჩუნებენ ახალგაზრდულ ფიზიკურ და კოგნიტურ ჯანმრთელობას. მკვლევრები აქტიურად სწავლობენ მათ ფენოტიპს, რათა დაეხმარონ დანარჩენ პოპულაციას არა მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის (lifespan), არამედ ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობის (healthspan) გაზრდაში, რაც გულისხმობს ცხოვრებას ქრონიკული დაავადებების გარეშე.
2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ყოველი მესამე ადამიანი 60 წლის ან უფროსი ასაკის იქნება. ეს დემოგრაფიული ცვლილება მეცნიერებს ავალდებულებს, შეცვალონ საზოგადოებრივი აღქმა და დაბერება ნეგატიური ფაზის ნაცვლად, ცხოვრების ჯანსაღ, აქტიურ და ღირსეულ ეტაპად აქციონ.
სრულად: National Geographic




