ადამიანის ყურადღების მიმართულებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს არა მხოლოდ იმაზე, როგორ აღვიქვამთ ტკივილს ან ქავილს, არამედ ორგანიზმის მოკლევადიან ანთებით რეაქციაზეც. ასეთ შედეგს აჩვენებს Nature Human Behaviour-ში 17 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევა.
მეცნიერებმა ჯანმრთელი ზრდასრულების წინამხარზე ჰისტამინის სტანდარტული კანის ტესტით მსუბუქი და დროებითი ანთება გამოიწვიეს. ჰისტამინი კანის შეშუპებასა და სიწითლეს იწვევს და რეაქცია ჩვეულებრივ 15-20 წუთში აღწევს მაქსიმუმს. მკვლევრები სწორედ ამ ორი მაჩვენებლის ზომას აკვირდებოდნენ.
პირველ ექსპერიმენტში 37 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ შემთხვევაში მათ ყურადღება უნდა გაემახვილებინათ ანთების ადგილზე წარმოქმნილ შეგრძნებებზე, მაგალითად ქავილსა და წვაზე. მეორე შემთხვევაში კი ყურადღებას ვიდეოებით უფანტავდნენ.
როდესაც მონაწილეები სხეულის შეგრძნებებს აკვირდებოდნენ, კანის შეშუპება და სიწითლე საშუალოდ ნაკლები იყო და შეშუპება უფრო სწრაფად იწყებდა შემცირებას. დაახლოებით 90%-ს ყურადღების გაფანტვის დროს უფრო ძლიერი ანთებითი რეაქცია ჰქონდა. შეშუპების ზომა ამ პირობებში საშუალოდ დაახლოებით 1.5-ჯერ მეტი იყო.
მეორე, დამოუკიდებელ ექსპერიმენტში 20 ადამიანი მონაწილეობდა. ამჯერად მონაწილეები ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე გამოსახულებებს უყურებდნენ, განსხვავდებოდა მხოლოდ დავალება. შედეგი კვლავ განმეორდა – სხეულის შეგრძნებებზე ყურადღების გამახვილებისას ანთებითი რეაქცია უფრო მცირე იყო.
მესამე ექსპერიმენტში მკვლევრებმა 17 მონაწილეს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, ლიდოკაინი, გამოიყენეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ეფექტში შესაძლოა ერთდროულად მონაწილეობდეს როგორც კანსა და ტვინს შორის სენსორული სიგნალები, ისე პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა პროცესის რეგულირებაში მონაწილეობს.
თუმცა კვლევის მნიშვნელობა გადაჭარბებით არ უნდა შეფასდეს. მთლიანობაში კვლევაში მცირე რაოდენობის, ძირითადად ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანები მონაწილეობდნენ. შესწავლილი იყო მხოლოდ ჰისტამინით გამოწვეული ძალიან მოკლევადიანი ადგილობრივი რეაქცია და არა ქრონიკული ანთებითი ან ინფექციური დაავადებები.
ამიტომ შედეგები არ ნიშნავს, რომ მედიტაციით, ყურადღების მართვით ან “პოზიტიური ფიქრით“ შესაძლებელია ალერგიის, აუტოიმუნური დაავადების ან ინფექციის მკურნალობა.
კვლევის მთავარი მნიშვნელობა უფრო ფუნდამენტურია: ის აჩვენებს, რომ ცნობიერად მიმართული ყურადღება შესაძლოა ორგანიზმის ზოგიერთ იმუნურ პროცესზე იმაზე უფრო სწრაფად მოქმედებდეს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამ კავშირის კლინიკური გამოყენებისთვის კი გაცილებით უფრო დიდი და მრავალფეროვანი კვლევებია საჭირო.




