წარმოიდგინეთ, რომ ხარ ექიმი 1920-იან წლებში კოლხეთის დაბლობის სოფელში. ყოველი მეორე პაციენტი სიცხიანია, ხშირად გათიშული. ხალხს ძვლები სტკივა, ოფლიანდებიან, გონებას კარგავენ. წამლები — ცოტაა. კოღოები — ყველგან. მაშინ მალარია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს სჭირდა.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა — ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე — დაავადებების გავრცელების მხრივ ყოველთვის სენსიტიური იყო. დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიანი კლიმატი და ჭაობიანი გარემო ქმნიდა იდეალურ პირობებს მდედრობითი სქესის Anopheles კოღოებისთვის, რომლებსაც მალარიის პარაზიტი — Plasmodium — გადააქვთ. მალარია ვირუსული ინფექცია არ არის — ეს არის პარაზიტული ინფექცია, რთული ბიოლოგიური ციკლით, რომელიც კოღოსა და ადამიანის ორგანიზმში განუწყვეტლად ვითარდება.
სიტუაციას აუარესებდა გასაბჭოების შემდეგ მასობრივი გადაადგილებები და სამხედრო მობილიზაცია. ინფექცია ვრცელდებოდა როგორც მტკვრისა და ალაზნის ველზე, ასევე კოლხეთის ჭაობებში.
ქინაქინადან გენურ ინჟინერიამდე
შეიძლება გაგონილი გქონდეთ “ქინაქინა” — მალარიის სამკურნალო პირველი პრეპარატი, რომელიც ხინჩონის ხის ქერქისგან მიიღებოდა. მე-17 საუკუნიდან ევროპელებმა დაიწყეს მისი გამოყენება, ხოლო მოგვიანებით გამოჩნდა სინთეზური ფორმა — ქლოროქინი. მეორე მსოფლიო ომში მალარიამ ჯარისკაცების დიდი ნაწილი დაავადა, რის შემდეგაც მალარია გადაიქცა გლობალურ მტრად. მაშინ გამოჩნდა მეორე იარაღიც — DDT — პესტიციდი, რომელმაც კოღოების წინააღმდეგ მთელი ეპოქა შეცვალა.
DDT-ის აღმასვლა: მეორე მსოფლიო ომის იარაღი
DDT (დიქლოროდიფენილტრიქლორეთანი) პირველად შეიქმნა 1874 წელს, თუმცა მისი პესტიციდული თვისებები შემთხვევით აღმოაჩინა შვეიცარიელმა ქიმიკოსმა პოლ მიულერმა 1939 წელს. ეს აღმოჩენა მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს დაუდო დასაბამი.
მეორე მსოფლიო ომის დროს მალარია იყო უდიდესი საფრთხე ჯარისკაცებისთვის. კოღოების მიერ გადაცემული დაავადება იწვევდა არმიების დასუსტებას, რაც პირდაპირ ზემოქმედებდა ომის შედეგებზე. სწორედ აქ დაიწყო DDT-ის გამოყენება, როგორც „საიდუმლო იარაღი“. მისი დახმარებით მილიონობით ჯარისკაცი გადაურჩა მალარიას, ხოლო კოღოების კონტროლი გახდა პრიორიტეტი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საზოგადოებრივ ჯანდაცვაშიც.
1950-იან და 1960-იან წლებში DDT ფართოდ გამოიყენებოდა მსოფლიოს მასშტაბით. მას წარმატებით იყენებდნენ კოღოების მოსასპობად და მალარიის შემთხვევების შესამცირებლად. განსაკუთრებით აფრიკაში და აზიაში მისი გამოყენება მალარიის კონტროლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მეთოდად იქცა. მალარიის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, ზოგიერთ რეგიონში კი დაავადება თითქმის სრულად გაქრა.
DDT-ის დაცემა: “მდუმარე გაზაფხულის“ ეფექტი
1962 წელს რაქელ კარსონის წიგნმა “მდუმარე გაზაფხული“ (Silent Spring) მსოფლიო შეძრა. წიგნმა ყურადღება გაამახვილა DDT-ის გარემოზე ზეგავლენაზე და ეკოსისტემების ნგრევის საფრთხეებზე. განსაკუთრებით აღინიშნა ფრინველების პოპულაციის შემცირება, რაც გამოწვეული იყო DDT-ის ქიმიური ზემოქმედებით კვების ჯაჭვზე. ეს გახდა ეკოლოგიური მოძრაობის დასაწყისი, რომელმაც საფუძველი დაუდო გარემოსდაცვით კანონმდებლობას.
ამავე დროს, DDT-ის გამოყენების შედეგები ადამიანებზეც აშკარა გახდა. ქიმიური ნივთიერების მაღალი კონცენტრაციები გროვდებოდა წყალში, მიწაში და საბოლოოდ ადამიანების ორგანიზმში. 1972 წელს აშშ-ში DDT აიკრძალა, ხოლო შემდგომში სხვა ქვეყნებმაც მიიღეს მსგავსი ზომები. თუმცა, DDT კვლავ გამოიყენება მალარიის მაღალი რისკის მქონე რეგიონებში, განსაკუთრებით აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ალტერნატიული მეთოდები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ხელმისაწვდომი.
საქართველოში მალარიის წინააღმდეგ ბრძოლა სისტემურ დონეზე სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. საბჭოთა პროგრამა “კოლხიდმშენი“ — კოლხეთის დაბლობის ამოშრობის მასშტაბური პროექტი — ნაწილობრივ სწორედ მალარიის კონტროლს ემსახურებოდა. სკოლის სახელმძღვანელოებში ისწავლებოდა კოღოების ბიოლოგია. მალარიის ადგილობრივი გადაცემა ტროპიკული ფორმით საქართველოში 1954 წელს შეწყდა, ე.წ. სამდღიური მალარია კი — 1970 წლისთვის.
DDT-ის გამოყენების შეზღუდვამ მალარიის კონტროლის ახალი ინოვაციების განვითარება გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი გახდა ინსექტიციდებით გაჟღენთილი საწოლის ბადეების (LLINs) გამოყენება.
ეს საწოლის ბადეები, რომლებიც გაჟღენთილია პერმეთრინით ან სხვა ინსექტიციდებით, კოღოებთან ღამის კონტაქტს მინიმუმამდე ამცირებს. ისინი ფართოდ გამოიყენება აფრიკასა და აზიაში, განსაკუთრებით ბავშვებსა და ორსულებში მალარიის პრევენციისთვის.
დაბრუნება და საბოლოო გამარჯვება
1990-იანი წლების დასაწყისში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისების ფონზე, მალარია კვლავ გამოჩნდა. 2002 წელს საქართველოში დაფიქსირდა 474 შემთხვევა, ძირითადად აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რეგიონებში. თუმცა მალარიის სახელმწიფო პროგრამამ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ინფექცია კვლავ შეაკავა. მოხდა სისტემური მონიტორინგი, კოღოების რაოდენობის კონტროლი და შემოტანილი შემთხვევების მკურნალობა სახელმწიფო დაფინანსებით.
2024 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად ოფიციალურად აღიარა — შეუერთდა იმ 45 ქვეყანასა და 1 ტერიტორიას (მაკაოს), რომლებმაც მალარია წარმატებით აღმოფხვრეს. საქართველოს ეს სტატუსი ჯანმოს ევროპის რეგიონს ერთი ნაბიჯით დააახლოვა სრულ სერტიფიცირებამდე — რაც ისტორიაში პირველად გააჩენს მალარიისგან თავისუფალ რეგიონს.
რატომ არ მუშაობს სრულად ვაქცინა და წამლები?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2024 წელს გამოაქვეყნა ახალი კვლევა ჟურნალ eBioMedicine-ში, სადაც განსაზღვრა 17 პათოგენი, რომელთა საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაც პრიორიტეტულია. მათ შორისაა მალარიის ვაქცინაც.
თუმცა მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინები 2021 და 23 წლებში უკვე გამოვიდა. რასთან გვაქვს საქმე? ახლავე აგიხსნით:
მიუხედავად იმისა, რომ 2021 და 2023 წლებში მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინები (RTS,S/Mosquirix და R21/Matrix-M) უკვე გამოვიდა, ისინი მხოლოდ ნაწილობრივ ეფექტურია. მიზეზი მარტივია: მალარია— პარაზიტია, რომელსაც რთული ციკლი აქვს როგორც ადამიანის, ისე კოღოს სხეულში. ვაქცინას სჭირდება პარაზიტის ყველა სტადიის წინააღმდეგ მოქმედება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
RTS,S ვაქცინა ძირითადად ბავშვებში გამოიყენება და 30–50%-მდე ეფექტიანობას აჩვენებს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში. R21/Matrix-M შედარებით უკეთესია, მაგრამ არც ის იძლევა ხანგრძლივ დაცვას. ორივე მათგანი ითხოვს მრავალდოზიან სქემას და გამეორებით აცრებს.
სირთულეს ამძაფრებს პარაზიტის მუდმივი მუტაციები. Plasmodium falciparum-მა დროთა განმავლობაში განივითარა მრავალდონიანი დაცვის მექანიზმები, რის გამოც არა მხოლოდ ვაქცინების, არამედ წამლების ეფექტიანობაც იკლებს.
მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეზისტენტობა — განსაკუთრებით არტემიზინინის ჯგუფის წამლების მიმართ. ეს წამლები დღესაც მალარიის მკურნალობის „ოქროს სტანდარტად“ ითვლება (ACT — artemisinin-based combination therapies), თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უკვე დაფიქსირდა მათ მიმართ მდგრადი შტამები. ზოგიერთი მათგანი აფრიკაშიც გავრცელდა.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ვაქცინაც და წამალიც — როგორც იარაღები — დროთა განმავლობაში ეფექტიანობას კარგავენ და მუდმივ კვლევას და ინოვაციებს საჭიროებენ.
კლიმატური საფრთხე: მალარია შეიძლება დაბრუნდეს
გლობალურად მალარია ჯერაც მძვინვარებს. 2022 წელს დაფიქსირდა 240 მილიონზე მეტი შემთხვევა და დაახლოებით 600,000 სიკვდილი, ძირითადად ბავშვებში.
კლიმატის ცვლილება ახალ საფრთხეს ქმნის — 1-2 გრადუსიანი მატება საკმარისია, რომ Anopheles კოღოები გავრცელდნენ მაღალმთიან და ცივ რეგიონებშიც. ნალექების ზრდა, ტენიანობა და სეზონური ციკლების გახანგრძლივება ზრდის ინფექციის გავრცელების ფანჯარას. დღეს მალარია ისევ ჩნდება სამხრეთ ევროპაში, ფლორიდასა და ტეხასშიც კი.
მომავლის იარაღი: გენმოდიფიცირებული კოღოები
დღეს მეცნიერები ქმნიან გენეტიკურად მოდიფიცირებულ კოღოებს:
- ისეთებს, რომლებიც ვერ “დაიმგზავრებენ” პარაზიტს,
- ან ისეთებს, რომლებსაც არ ჰყავთ შთამომავლობა.
“Target Malaria” და “Oxitec”-ის პროექტები უკვე ტესტირდება აფრიკის ქვეყნებში. იდეა მარტივია — კოღო, რომელიც ვერ ავრცელებს მალარიას, ვერ გაავრცელებს დაავადებას.
ბოლო ეპიზოდი?
მალარია საქართველოსთვის გამარჯვებული ისტორიაა. მაგრამ გლობალურად ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. კლიმატის ცვლილება, რეზისტენტობა და ვაქცინების არასრული ეფექტიანობა ნიშნავს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
და როცა ვკითხულობთ, რომ მალარია კიდევ 600,000 ბავშვს კლავს წელიწადში — გვესმის: ისტორია არ მთავრდება იქ, სადაც ჩვენ დავასრულეთ. ან დავასრულეთ კი?
25 აპრილი მალარიის მსოფლიო დღეა!
ამავე თემაზე:




