2025 წლის 28 აგვისტოს, ატლანტაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კამპუსიდან სამი უმაღლესი რანგის თანამშრომელი ტოვებდა სამსახურს. მათ ასობით კოლეგა და მხარდამჭერი აპლოდისმენტებით, ყვავილებით, ცრემლებითა და მწვანე ლენტებით (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერთა მხარდაჭერის სიმბოლო) აცილებდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი გამომშვიდობება. ეს იყო პროტესტის, დაუმორჩილებლობისა და იმ ღრმა კრიზისის მანიფესტაცია, რომელიც ამერიკის უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ინსტიტუტს დაატყდა თავს. ერთი დღით ადრე, სააგენტოს დირექტორი, სიუზან მონარესი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
“CDC, რომელსაც თქვენ იცნობდით, დასრულდა”, — განაცხადა ერთ-ერთმა გადამდგარმა ლიდერმა, ინფექციურ დაავადებათა ექიმმა დიმიტრი დასკალაკისმა. “თუ ვინმე რადიკალურ ზომებს არ მიიღებს, იქ გადასარჩენი არაფერია… შესაძლოა, ჩვენ უკვე გავიარეთ წერტილი, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია”.
დიმიტრი დასკალაკისი. ფოტო: Kevin Dietsch | Credit: Getty Images Copyright: 2022 Getty Images
ეს მოვლენები არ არის უბრალო პოლიტიკური გადაადგილება. ეს არის ბევრად უფრო ფუნდამენტური და საშიში პროცესის კულმინაცია – ღია დაპირისპირება მეცნიერულ მტკიცებულებებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიას შორის, რომლის ეპიცენტრშიც ვაქცინაციის პოლიტიკა აღმოჩნდა.
კონფლიქტის არსი: მტკიცებულება VS მოსაზრება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ვაქცინაციის კალენდარი და რეკომენდაციები, ათწლეულების განმავლობაში ემყარებოდა ერთ პრინციპს: მეცნიერულ მტკიცებულებას. CDC, თავისი ისტორიის მანძილზე (რომელიც ყვავილის აღმოფხვრას, პოლიომიელიტის შემცირებასა და შიდსთან ბრძოლას ითვლის), ყოველთვის ეყრდნობოდა მონაცემებს და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი კომიტეტის რეკომენდაციებს. ეს პროცესი მიზანმიმართულად ნელი და პოლიტიკისგან იზოლირებულია, რათა მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად ობიექტური იყოს.
ჯანდაცვის ახალი მდივნის, რობერტ კენედი უმცროსის ხელმძღვანელობით, ეს მოდელი რადიკალურად იცვლება. კენედიმ, რომელიც ცნობილია ვაქცინების შესახებ ანტიმეცნიერული მოსაზრებებით, დაითხოვა ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი (ACIP) და ის “თანამოაზრე აქტივისტებითა და ხელით შერჩეული მრჩევლებით” ჩაანაცვლა.
კენედი უმცროსმა ვაქცინების მთავარი საკონსულტაციო საბჭო სრულად დაითხოვა
როგორც გათავისუფლებული დირექტორის, სიუზან მონარესის, თანამოაზრე აცხადებს, მონარესს მოსთხოვეს ისეთი ცვლილებების გატარება, რომლებიც “ეწინააღმდეგებოდა როგორც მეცნიერებას, ასევე კანონს”.
ეს სტრუქტურული ნგრევაა. დასკალაკისის თქმით, ახალმა ადმინისტრაციამ კრიტიკულ ვაქცინების სამუშაო ჯგუფში ხელმძღვანელად დანიშნა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ოპერაციების მენეჯმენტის პროფესორი, რეცეფ ლევი, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება და რომელიც ღიად აცხადებს, რომ mRNA ვაქცინები საშიშია. “ამ ადამიანის “დაპინული” ტვიტი ამბობს, რომ არავინ არ უნდა აიცრას კოვიდზე, რადგან ეს ცუდი ვაქცინაა… ეს ტყუილია. და მიუხედავად ამისა, ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ეს ის ადამიანია, ვისაც მე ვექვემდებარებოდი”, — განმარტავს დასკალაკისი.
მდგომარეობას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ შვიდი თვის განმავლობაში ჯანდაცვის მდივან კენედის არც ერთხელ არ მოუწყვია შეხვედრა იმუნიზაციის ცენტრის ექსპერტებთან, არც წითელას, არც კოვიდის და არც სხვა რესპირატორული ვირუსების შესახებ.

დენ ჯერნიგანი, დებ ჰაური და დასკალაკისი გადადგომის შემდეგ, ატლანტაში (ჯორჯიის შტატი), CDC-ის გლობალური სათავო ოფისის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს ესალმებიან. Elijah Nouvelage/Getty Images
რა დევს სასწორზე? სისტემური ნგრევის ფასი
ეს დაპირისპირება აკადემიურ კამათს სცდება. მას რეალური და პოტენციურად კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს, რაც უკვე თვალსაჩინოა.
სისტემური კოლაფსი: დასკალაკისის თქმით, 600-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გათავისუფლებული ან სხვა პოზიციაზეა გადაყვანილი. ქრება აივ-პრევენციის, ნარკოტიკების ზედოზირების პრევენციისა და თამბაქოს შეწყვეტის პროგრამები. შემცირდა საკვებით გადამდები დაავადებების (ლისტერია, კამპილობაქტერი) ზედამხედველობის ქსელი, რაც ქვეყანას კვებითი საფრთხეების დროული აღმოჩენის უნარს უკარგავს. “ვიღაცას 40 წლის ასაკში ფილტვის კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ, რადგან ვეღარ იპოვის პროგრამას, რომელიც ერთ დროს არსებობდა”, — აფრთხილებს ის.
დეზინფორმაციის ადამიანური ფასი: 8 აგვისტოს, ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციით რადიკალიზებულმა შეიარაღებულმა პირმა CDC-ის შენობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც პოლიციის ოფიცერი დაიღუპა. “ეს არის მეცნიერების პოლიტიზების ადამიანური ფასი”, — ამბობს დასკალაკისი.
დავიწყებული დაავადებების დაბრუნება: თუ ვაქცინაციის რეკომენდაციები დასუსტდება, ვაქცინაციის დონე დაეცემა, რაც გამოიწვევს ისეთი დაავადებების დაბრუნებას, რომლებიც პრაქტიკულად დამარცხებულად ითვლებოდა. “ბავშვები დღესასწაულებზე სახლის ნაცვლად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდებიან”, – აცხადებს ექიმი, რადგან ახალშობილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი RSV-ის მკურნალობა შესაძლოა დღის წესრიგიდან ამოიღონ.
მოწყვლადი ჯგუფების წაშლა: ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა ბრძანება, რომელიც სახელმწიფო უწყებებს სქესის ბინარული გაგების (მხოლოდ კაცი და ქალი) დანერგვას ავალდებულებს, რის გამოც შეწყდა გენდერული იდენტობის შესახებ მონაცემების შეგროვება. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, აივ-ინფექციის უეცარი აფეთქება ტრანსგენდერ ქალებში შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ ის კრიზისში არ გადაიზრდება. “თუ მონაცემებიდან შლი იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან, შენ შლი გადაწყვეტასაც”, – ამბობს დასკალაკისი.
მეცნიერების “უხილავი ფარი” იმსხვრევა
დასკალაკისის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის იდეალი ისაა, რომ ის უხილავ ფარად მუშაობდეს. “ამერიკელი ხალხი მოელის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა იმდენად კარგად ფუნქციონირებს, რომ მის არსებობას ვერც კი ამჩნევდეს. თქვენ არ გინდათ იცოდეთ ლეგიონელას შესახებ ნიუ-იორკის გამაგრილებელ კოშკში, ან ცოფიანი ღამურის შესახებ, რომელმაც შეიძლება ხალხი დააინფიციროს. მიზანი ამ ყველაფრის შეჩერებაა, სანამ თქვენ მას შეამჩნევთ”.
ახლა ეს უხილავი ფარი იმსხვრევა. სააგენტოს სანდოობა იმდენად დაეცა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა ბილ კესიდიმაც კი, რომელმაც კენედის ნომინაციას მხარი დაუჭირა, განაცხადა, რომ CDC-ის ვაქცინაციის რეკომენდაციებს “გააუქმებდა”.

2025 წლის 28 აგვისტოს, CDC-ის სათავო ოფისის წინ, მხარდამჭერებს ტრანსპარანტები უკავიათ და შეძახილებით ამხნევებენ ჯერნიგანს, ჰაურისა და დასკალაკისს. Elijah Nouvelage/Getty Images
დასკვნა: ხანძარი ხუთი განგაშის დონეზე
მოვლენები, რომლებიც CDC-ში ვითარდება, სცდება ერთი სააგენტოს ფარგლებს. ეს არის ბრძოლა საზოგადოების მომავლისთვის, სადაც ფუნდამენტური კითხვა ისმება: რას ვეყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებისას – ობიექტურ, მრავალგზის შემოწმებულ ფაქტებს, თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობასა და პირად რწმენას, რომელსაც ჯანდაცვის მდივანი აეროპორტში ბავშვების “შეხედვით დიაგნოსტირების” უნარით ამყარებს?
როდესაც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა დასკალაკისის გადადგომის კომენტირებისას მასზე ირონიულად ისაუბრა იმის გამო, რომ მან თავის წერილში ტერმინი “ორსული ადამიანები” გამოიყენა, ეს გახდა იმის სიმბოლო, თუ რამდენად დაშორდა ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები მეცნიერებას.
“მე ჩემი სამსახური დავთმე, როგორც წითელი დროშა”, – აცხადებს დასკალაკისი. “ეს არის ხანძარი ხუთი განგაშის დონეზე. თუ ხალხი ახლა არ იმოქმედებს, იდეოლოგია სრულად შთანთქავს მეცნიერებას”.




