გასულ წელს ბილ გეითსმა სამეცნიერო ჟურნალ Nature Medicine-ში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალცჰაიმერის კვლევის რევოლუციურ მიღწევებსა და დაფინანსების შეწყვეტით გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრა.
ბილ გეითსის პოზიცია ამ საკითხში განსაკუთრებულ წონას ატარებს. ის აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვატორი – დღეს გეითსი გლობალური ჯანდაცვის უმსხვილესი ინვესტორია, რომელმაც “გეითსების ფონდის“ მეშვეობით მილიარდები ჩადო სამედიცინო კვლევებში.
წერილში გეითში აღნიშავს: მე ვმუშაობ მრავალ განსხვავებულ დაავადებაზე “გეითსების ფონდის” და ჩემი სხვა წამოწყებების ფარგლებში, თუმცა თითქმის ყველა მათგანი ძირითადად მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობას აწუხებს. ერთადერთი გამონაკლისი ალცჰაიმერის დაავადებაა.
მამაჩემი ალცჰაიმერის დაავადებით 2020 წელს გარდაიცვალა, ამიტომ ამ საქმეში ჩემი პირადი ინტერესიც დევს. თუმცა, ჩემი მოტივაცია პრაგმატულიცაა: დაავადების ფასი – როგორც ემოციური, ისე ეკონომიკური – ოჯახებისა და ჯანდაცვის სისტემებისთვის ზედმეტად დიდია იმისთვის, რომ მისი იგნორირება მოვახდინოთ.
დღეს 55 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ალცჰაიმერის დაავადება ან დემენციის სხვა ფორმა. მათი უმრავლესობა მდიდარ ქვეყნებში ცხოვრობს, მაგრამ ეს მალე შეიცვლება, რადგან მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება.
ტერმინის განმარტება: დემენცია – სინდრომი, რომლის დროსაც უარესდება მეხსიერება, აზროვნება, ქცევა და ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნარი
საბედნიეროდ, დიდი გარღვევები, როგორიცაა სისხლზე დაფუძნებული დიაგნოსტიკური ტესტები და დამტკიცებული ანტისხეულების თერაპია, სიტუაციას ცვლის. ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმ დღესთან, როცა ალცჰაიმერის დიაგნოზი აღარ იქნება განაჩენი – მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარს დავუჭერთ მკვლევრებს და მივცემთ მათ ერთმანეთთან მუშაობის საშუალებას.
მონაცემთა ძალა: GNPC-ის ფენომენი
ნეიროდეგენერაციის პროტეომიკის გლობალური კონსორციუმი (GNPC) არის სრულყოფილი მაგალითი იმისა, თუ რა არის შესაძლებელი, როცა მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან. როდესაც 2023 წელს მე დავუკავშირდი Johnson & Johnson-ს GNPC-ის შესაქმნელად, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მსოფლიოში უდიდესი მონაცემთა ბაზა ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებებისთვის, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონი და ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი (ALS).
დღეს GNPC ინახავს 40,000-ზე მეტ კლინიკურ ნიმუშს. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა: პირველ წელს წევრებმა შეისწავლეს 250 მილიონი ცილის გაზომვა სისხლიდან და ზურგის ტვინის სითხიდან.
ამ მონაცემებში კანონზომიერებების ძიებით, მეცნიერებმა ბევრი რამ გაიგეს ტვინის დაბერების პროცესზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა ეხება ალცჰაიმერის კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვან გენს: APOE-ს. ჩვენ ათწლეულებია ვიცით, რომ გენის APOE4 ვერსიის ორი ასლის მატარებლებში ალცჰაიმერის რისკი ათჯერ იზრდება, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდით რატომ.
GNPC-ის მკვლევრებმა გამოავლინეს სისხლის სპეციფიკური ხელმოწერები (signatures), რომლებიც 99%-იანი სიზუსტით გვეუბნება, აქვს თუ არა ვინმეს მაღალი რისკის APOE4 გენი. მათ ასევე დაგვანახეს გენის როლი ანთებასა და ინფექციაზე პასუხში – ორ ბიოლოგიურ მექანიზმში, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ დაავადებას.
ანთება და ინფექცია: ახალი ეჭვმიტანილები
წლების განმავლობაში ალცჰაიმერის დაავადებას უკავშირებდნენ ტვინში ამილოიდისა და ტაუ ცილების დაგროვებას. მეცნიერებს სულ უფრო მეტად სჯერათ, რომ ეს “ფოლაქები და ხლართები” მარტო არ მოქმედებენ.
ტერმინის განმარტება: ამილოიდი და ტაუ – ცილები, რომლებიც ალცჰაიმერის დროს ტვინში გროვდება და ნეირონების დაზიანებას იწვევს
დადასტურებულია, რომ ტვინში ქრონიკული ანთება დიდ როლს თამაშობს დაავადების გამოწვევასა და დაჩქარებაში. GNPC-ის ახალი კვლევა არა მხოლოდ მხარს უჭერს ამ მოსაზრებას, არამედ მიუთითებს, რომ ინფექციაზე პასუხი ასევე შეიძლება იყოს ხელშემწყობი ფაქტორი.
პოლიტიკური საფრთხეები
ჩვენ დემენციის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდატეხის ზღვარზე ვართ – რაც განსაკუთრებით ცუდ დროდ აქცევს კვლევების შეფერხებას.
აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) და სხვა სამთავრობო უწყებების ბიუჯეტის ბოლოდროინდელი შემცირება საფრთხეს უქმნის იმ პროექტებს, რომლებიც GNPC-ის მსგავსი მონაცემთა ბაზების მთავარი კომპონენტებია.
“ეს არის მომენტი, როცა მეტი ფული უნდა დავხარჯოთ კვლევებზე და არა ნაკლები. ნაციონალიზმისა და იზოლაციონიზმის მზარდი ტალღები საფრთხეს უქმნის სამეცნიერო პროგრესს.”
წარსულის უდიდესი აღმოჩენები – ადამიანის გენომის პროექტიდან დაწყებული, COVID-19-ის ვაქცინებით დამთავრებული – გლობალური პარტნიორობის შედეგი იყო.
მამაჩემის დაკარგვა ალცჰაიმერის გამო ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ იყო, რაც ოდესმე განმიცდია. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ალცჰაიმერი ქრონიკულ, მართვად დაავადებად ვაქციოთ, ისევე როგორც ეს აივ-ინფექციის შემთხვევაში მოხდა. მთავარი კითხვა ისაა, გააგრძელებს თუ არა მსოფლიო იმ მეცნიერების მხარდაჭერას, რომლებსაც შეუძლიათ ეს მომავალი რეალობად აქციონ – წერს გეითსი.




