მაიოს კლინიკის (Mayo Clinic) მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა ნაწლავის მიკრობიომის მკაფიო თავისებურებები 50 წლის ან უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, რომლებსაც კოლორექტული და სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებული ნაშრომი ეფუძნება სხვადასხვა ტიპის, სტადიისა და მკურნალობის რეჟიმის მქონე 1 364 ონკოლოგიური პაციენტის განავლის ნიმუშების ანალიზს.
საწყის ეტაპზე მკვლევრებმა ონკოლოგიური პაციენტების მონაცემები 287 ჯანმრთელი პირის მაჩვენებლებს შეადარეს. თანმხლები დაავადებების გათვალისწინების შემდეგ, მეცნიერებმა გამოყვეს 341 ბაქტერიული სახეობა, რომლებიც სიმსივნის ხუთ ჯგუფთან ასოცირდებოდა.
კერძოდ:
-
ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დროს გამოვლინდა ჯანმრთელობასთან ასოცირებული გავრცელებული ნაწლავური ბაქტერიების მკვეთრი შემცირება.
-
ღვიძლისა და ღვიძლშიდა სანაღვლე გზების კიბოს შემთხვევებში დაფიქსირდა რამდენიმე ბაქტერიის, მათ შორის Enterococcus faecalis-ის მომატებული დონე.
-
საყლაპავის კიბოს დროს აღინიშნა ექვსი სახეობის (მათ შორის Streptococcus-ის ჯგუფის ბაქტერიების) მატება.
-
განსხვავებული ასოციაციები გამოვლინდა ასევე ლიმფოიდური ლეიკემიისა და მრავლობითი მიელომის დროს.
კვლევის შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში კოლორექტული და ძუძუს კიბოს შემთხვევები მატულობს. კვლევამ აჩვენა, რომ 50 წლამდე ასაკის კოლორექტული კიბოს მქონე პირებში მომატებულია ლაქტატის დონე და ბაქტერია Veillonella parvula, რომელიც ენერგიის წყაროდ სწორედ ლაქტატს იყენებს. სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ახალგაზრდა პაციენტებში ცვლილებები დაფიქსირდა 64 ბაქტერიულ სახეობაში (მათ შორის იყო Clostridium scindens, რომელიც ნაღვლის მჟავებისა და სტეროიდების მეტაბოლიზმში მონაწილეობს).
ამავე ანალიზში შესწავლილი თავის ტვინის სიმსივნეების მქონე პაციენტებში ასაკობრივი მიკრობიომური სხვაობა არ გამოვლენილა. მკვლევრები ხაზს უსვამენ: მოცემული მონაცემები ადასტურებს სტატისტიკურ ასოციაციას და არ ნიშნავს იმას, რომ მიკრობული ცვლილებები უშუალოდ იწვევს დაავადების განვითარებას. ეს საკითხი შემდგომ სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს.
კვლევამ ასევე გამოავლინა კავშირი ნაწლავის მიკრობიომსა და ქიმიოთერაპიის ტოქსიკურობას შორის. პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ 5-ფტორურაცილს (5-FU) და მკურნალობის პროცესში მძიმე დიარეა განუვითარდათ, თერაპიის დაწყებამდე აღენიშნებოდათ იმ ბაქტერიული გენების დეფიციტი, რომლებიც ამ წამლის დაშლაზეა პასუხისმგებელი (ეს ფუნქცია ძირითადად ბაქტერია Anaerostipes hadrus-ს უკავშირდება). ანალოგიური კავშირი არ დაფიქსირებულა სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატის, კარბოპლატინის მიღებისას.
“მიკრობიომი არ არის სიმსივნის ან მკურნალობის შედეგების ერთადერთი წარმმართველი ფაქტორი, თუმცა ის წარმოადგენს კომპონენტს, რომელსაც თერაპიულ მიდგომებში ტრადიციულად ნაკლები ყურადღება ექცეოდა“, — განაცხადა კვლევის უფროსმა ავტორმა, გასტროენტეროლოგმა პურნა კაშიაპმა (Purna Kashyap).
მისი თქმით, მიღებული შედეგები პირველადი მტკიცებულებაა იმისა, თუ რატომ უვითარდებათ გარკვეულ პაციენტებს კონკრეტული გვერდითი ეფექტები, რაც მომავალში მიზნობრივი დამხმარე ჩარევების შემუშავების საფუძველი შეიძლება გახდეს.




