კლინიკური კვლევის პირველადი მონაცემები მიუთითებს, რომ პერსონალიზებულმა mRNA ვაქცინამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მელანომის – კანის კიბოს ყველაზე საშიში ფორმის – დაბრუნებას ან სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებას.
“Merck”-ისა და “Moderna”-ს მეცნიერებმა გამოსცადეს ვაქცინისა და იმუნოთერაპიული პრეპარატის, “Keytruda”-ს კომბინაცია მელანომის მქონე ასობით პაციენტში, რომლებსაც სიმსივნე ქირურგიულად ჰქონდათ ამოკვეთილი. პაციენტებს, რომლებმაც ორივე მკურნალობა მიიღეს, კიბოს დაბრუნების ან მეტასტაზირების ნაკლები ალბათობა აღენიშნებოდათ მათთან შედარებით, ვინც მხოლოდ “Keytruda”-ს იღებდა, განაცხადეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა. კვლევის სრული მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ აპირებენ შედეგების მარეგულირებლებისთვის გაზიარებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) ვაქცინის დამტკიცებას ელიან.
mRNA ვაქცინები შეისწავლება კიბოს მრავალი ფორმის სამკურნალოდ, მათ შორის ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი, პანკრეასის, თირკმლის, კუჭისა და შარდის ბუშტის კიბოს დროს. მიმდინარეობს ადრეული კვლევები ძუძუს, პროსტატის, სისხლისა და თავის ტვინის სიმსივნეების საწინააღმდეგო ვაქცინებზეც. თუმცა ამ ეტაპამდე აქამდე არცერთ მათგანს არ მიუღწევია.
ეს სიახლე კანის კიბოს საზღვრებს სცდება. ვაქცინა კონკრეტულად მელანომისთვის განკუთვნილი არ არის – ის მზადდება ინდივიდუალურად თითოეული ადამიანის სიმსივნისთვის. თეორიულად, ეს ნიშნავს, რომ იგივე მიდგომამ შესაძლოა ნებისმიერ სიმსივნეზე იმუშაოს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? Yahoo-მ სლოან ქეტერინგის კიბოს ცენტრის ონკოლოგს, დოქტორ მაიკლ პოსტოუს, რომელიც ვაქცინის კვლევაში მონაწილეობდა, ხუთი მთავარი კითხვა დაუსვა.
1. როგორ მუშაობს ვაქცინა?
“ეს ვაქცინა არის ის, რასაც პერსონალიზებულ კიბოს თერაპიას უწოდებენ”, – ეუბნება პოსტოუ Yahoo-ს. “არსებითად, მკურნალობა იქმნება ინდივიდუალური პაციენტისთვის მისი სიმსივნის საფუძველზე, და ის აძლიერებს პაციენტის იმუნურ პასუხს ისე, რომ სიმსივნე ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ აღარ დაბრუნდეს”.
თითოეულ სიმსივნეს აქვს საკუთარი უნიკალური დნმ, რომელიც განსხვავდება პაციენტის დნმ-ისგან. კიბოს სამკურნალო საშუალებები – განსაკუთრებით თანამედროვე იმუნოთერაპიები – სიმსივნის დნმ-ს სამიზნედ იყენებენ, რათა იმოქმედონ მხოლოდ კიბოზე და არა ჯანსაღ უჯრედებზე. წარმოიდგინეთ, რომ თითოეული ჯანსაღი უჯრედის დნმ ლურჯია, ხოლო კიბოს დნმ – წითელი. იდეალურ შემთხვევაში გსურთ, რომ წამალმა დაინახოს განსხვავება და პირდაპირ წითელ სიმსივნურ უჯრედებს შეუტიოს. თუმცა მედიცინაში ამის გაკეთება უფრო რთულია. თითოეული პაციენტის სიმსივნეს უნიკალური გენეტიკური ხელწერა აქვს. სიმსივნის ზოგიერთ ტიპს მკაფიოდ განსხვავებული დნმ გააჩნია, ზოგის გარჩევა კი ჯანსაღი გენეტიკური მასალისგან უფრო რთულია.
mRNA კიბოს ვაქცინის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ “თუ ამოკვეთთ სიმსივნეს ან მის ნაწილს, ლაბორატორიაში შეგიძლიათ შეისწავლოთ, რა ხდის ამ სიმსივნეს პაციენტის სხვა უჯრედებისგან განსხვავებულს”, – ამბობს პოსტოუ. “თუ იცით, რით განსხვავდება ის, შეგიძლიათ იმუნურ სისტემას უთხრათ: ამ ტიპის უჯრედებში რაღაც განსხვავებულია და უნდა მიხვიდე, შეუტიო და გაანადგურო. იმუნური სისტემა მუდმივად პატრულირებს სხეულში ისეთი რამეების აღმოსაჩენად, რაც იქ არ უნდა იყოს – მაგალითად, ვირუსებისა და ბაქტერიების. ამიტომ, თუ ის დაინახავს, რომ რაღაც უცხოა, თავს დაესხმება კიბოს და გაანადგურებს მას”.
ვაქცინა ამას აკეთებს mRNA-ის (ინფორმაციული რნმ) მეშვეობით – იგივე ტექნოლოგიით, რომლითაც COVID-19-ის პირველი ვაქცინები შეიქმნა. როგორც სახელი მიგვანიშნებს, mRNA გადასცემს შეტყობინებებს მთელ სხეულში. როგორც კიბოს, ისე COVID-ის ვაქცინების შემთხვევაში, ეს შეტყობინებები არის ინსტრუქციები, რომლებიც იმუნურ სისტემას სიმსივნის ან ვირუსის ამოცნობასა და მიზანში ამოღებას ასწავლის.
2. რას ნიშნავს ეს სხვა სიმსივნეებისთვის?
“თეორიულად, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მსგავსი მიდგომა ნებისმიერი ტიპის სიმსივნისგან, რომელსაც ლაბორატორიაში პაციენტისგან მიიღებთ”, – ამბობს პოსტოუ.
პრაქტიკაში მეცნიერება ჯერ კიდევ შორს არის ამ რეალობისგან, თუმცა ამავდროულად მასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.
პირველი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, რამდენად კარგად მუშაობს ახალი ვაქცინა დამოუკიდებლად, და არა მელანომის იმუნოთერაპიულ პრეპარატ “Keytruda”-სთან კომბინაციაში ოპერაციის შემდეგ. კომპანიების განცხადება მიუთითებს, რომ მედიკამენტი ვაქცინას უკეთ მუშაობაში ეხმარება იმუნური სისტემის დამატებითი სტიმულირებით.
შემდეგ მეცნიერებმა უნდა შეამოწმონ ვაქცინის უნარი, მიზანში ამოიღოს კიბოს სხვა ტიპები.
პერსონალიზებული ვაქცინები შექმნილია არა ზოგადად კიბოს ტიპის, არამედ კონკრეტული ინდივიდის კიბოს წინააღმდეგ. რადგან ყოველი მელანომა განსხვავებულია, თითოეული ვაქცინა უნიკალურია პაციენტისთვის. კარგი ამბავი ისაა, რომ ვაქცინა შესაძლოა ისევე დამზადდეს ერთი ადამიანის ძუძუს კიბოსთვის, როგორც მეორის კანის კიბოსთვის. თუმცა ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ისინი თანაბრად ეფექტური იქნება.
ზოგიერთ სიმსივნეს ზედაპირზე ბევრად უფრო მკაფიო ნიშნები აქვს, რაც იმუნურ სისტემას მათ შემჩნევას უადვილებს. სხვებს უფრო შეუმჩნეველი მარკერები ახასიათებთ. დოქტორმა ჯენის მენერტმა, მელანომის ვაქცინის კვლევის ადრეული ფაზის წამყვანმა მკვლევარმა, NBC News-ს განუცხადა, რომ კანის კიბო “განსაკუთრებულად მოწყვლადია იმუნური სისტემის მიმართ, ბევრად მეტად, ვიდრე სხვა სიმსივნეები”. ამიტომ მეცნიერები მხოლოდ კლინიკური კვლევების გზით გაიგებენ, რამდენად კარგად შეძლებს ახალი ვაქცინის ტექნოლოგია სხვა სიმსივნეების განადგურებას.
3. ახდენს თუ არა ვაქცინა კიბოს პრევენციას?
ამ შემთხვევაში ვაქცინები მზადდება ადამიანის სიმსივნის დნმ-ის გამოყენებით, ამიტომ მათ არ შეუძლიათ კიბოს თავიდან აცილება მის განვითარებამდე. თუმცა უახლესი კვლევა მიუთითებს, რომ მათ შეუძლიათ შეამცირონ – ან თავიდან აიცილონ კიდეც – დაავადების გავრცელება ან დაბრუნება სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ. “მიზანი ის არის, რომ ამ მიდგომით კიბო აღარასდროს დაბრუნდეს, მაგრამ მიზანი არ არის კიბოს პირველადი პრევენცია – ყოველ შემთხვევაში, არა იმ ცოდნით, რაც დღეს გვაქვს”, – აღნიშნავს პოსტოუ.
4. არის თუ არა mRNA უსაფრთხო? ცვლის თუ არა ის ადამიანის დნმ-ს?
პოსტოუ აცხადებს, რომ mRNA ტექნოლოგია უსაფრთხოა და ის არ ცვლის ადამიანის დნმ-ს. ადამიანის სხეულში დნმ, რომელიც ინახება ჩვენი უჯრედების ცენტრში (ბირთვში), შეიცავს ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ უჯრედებმა. ეს ინსტრუქციები mRNA-ს გადააქვს უჯრედის სხვა ნაწილებში. როგორც კი შეტყობინება მიწოდებულია, უჯრედი მას ანადგურებს. mRNA ვერ შედის ბირთვში, სადაც დნმ მდებარეობს, ამიტომ მას არ შეუძლია ადამიანის გენების შეცვლა.
ფართო კვლევით მონაცემებთან ერთად, სწორედ ამიტომ არიან მეცნიერები დარწმუნებულნი, რომ mRNA ვაქცინები არ იწვევს დნმ-ის მავნე ცვლილებებს. მელანომის ვაქცინის კვლევებში “სარგებლისა და რისკის თანაფარდობა მკაფიოდ სარგებლის სასარგებლოდ იხრება”, – ამბობს პოსტოუ. COVID-ის ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდა და კვლევები მიუთითებს, რომ კიბოს ვაქცინაც ასეთივე იქნება, თუმცა აქ მსგავსება მთავრდება, განმარტავს პოსტოუ: “მიუხედავად იმისა, რომ ის mRNA პლატფორმითაა შექმნილი, მელანომის ვაქცინა სრულიად განსხვავდება COVID-ის ვაქცინისგან. COVID-ის ვაქცინა უნივერსალურია და ყველას ერთი და იგივე პროდუქტი უკეთდება. ეს კი არის პროდუქტი, რომელიც თითოეული კონკრეტული ადამიანისთვის მზადდება”.
5. როდის იქნება ის ხელმისაწვდომი და ვინ მიიღებს მას?
რთულია იმის თქმა, როდის გახდება მელანომის ვაქცინა საჯაროდ ხელმისაწვდომი. “Merck”-მა და “Moderna”-მ განაცხადეს, რომ მესამე ფაზის კვლევის შედეგებს სამედიცინო კონფერენციაზე წარადგენენ და მარეგულირებლებთან განაცხადის შეტანის პროცედურებს დაიწყებენ. მესამე ფაზის კვლევები, როგორც წესი, ბოლო ეტაპია მანამ, სანამ FDA მონაცემებს განიხილავს და გადაწყვეტს პრეპარატის დამტკიცებას. ამ პროცესს შესაძლოა 6 თვიდან 2 წლამდე დასჭირდეს.
დამტკიცების შემთხვევაში, ვაქცინა სავარაუდოდ განკუთვნილი იქნება იმავე პაციენტთა ჯგუფისთვის, რომელზეც ის გამოიცადა: IIB ან უფრო შორსწასული სტადიის მელანომის მქონე პირებისთვის, რომლებსაც სიმსივნე ქირურგიულად ამოკვეთილი აქვთ და პარალელურად იმუნოთერაპიულ მკურნალობას “Keytruda”-თი გადიან.
“ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს მყისიერად ხელმისაწვდომი გახდება დაბალი რისკის კანის მელანომის მქონე პაციენტებისთვის”, – ამბობს პოსტოუ. თუმცა იგი იმედოვნებს, რომ კვლევების გაგრძელება ხელს შეუწყობს ვაქცინის გამოყენების გაფართოებას როგორც მელანომის მქონე სხვა პაციენტებისთვის, ისე კიბოს სხვა ფორმების მქონე ადამიანებისთვის.
ამავე თემაზე:
მელანომის პერსონალიზებული mRNA ვაქცინა: კლინიკური კვლევის შედეგები და სამედიცინო პერსპექტივები




