ჩინეთის მასშტაბით ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ იკვეთება ურთიერთმიმართება ძილის ხანგრძლივობას, ფიზიკური აქტივობის დონესა და კოგნიტურ ფუნქციას შორის. თუმცა შედეგები არ ნიშნავს, რომ 6-8 საათი ყველასთვის “იდეალური“ ძილია ან რომ ფიზიკური აქტივობის მეტი რაოდენობა ტვინისთვის საზიანოა.
Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა China Health and Retirement Longitudinal Study-ის მონაცემები გამოიყენეს. ანალიზში მოხვდა 45 წლისა და უფროსი ასაკის 11 828 ადამიანი და მათი ჯამურად 34 714 განმეორებითი შეფასება, რომელიც 2011-2018 წლებში ჩატარდა. მონაწილეები ჩინეთის 125 ქალაქსა და 28 პროვინციას წარმოადგენდნენ.
ძილის ხანგრძლივობა სამ ჯგუფად დაყვეს: 6 საათზე ნაკლები, 6-8 საათი და 8 საათზე მეტი. 6-8 საათიანი ძილის მქონე ადამიანებთან შედარებით, როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი ძილის ჯგუფებში საერთო კოგნიტიური ქულები საშუალოდ დაბალი იყო. განსხვავება განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა იმ ადამიანებში, რომლებსაც 8 საათზე მეტი ეძინათ.
ფიზიკური აქტივობაც სამ ჯგუფად დაყვეს მონაწილეთა მიერ აღწერილი აქტივობის ინტენსივობისა და სიხშირის საფუძველზე. აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: კვლევაში “საშუალო“ ფიზიკური აქტივობა არ ნიშნავს უბრალოდ ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშს. ის მონაწილეთა საერთო აქტივობის განაწილების შუა კატეგორია იყო. როგორც ყველაზე დაბალი, ისე ყველაზე მაღალი კატეგორია საშუალო ჯგუფთან შედარებით ოდნავ დაბალ კოგნიტიურ შედეგებთან აღმოჩნდა დაკავშირებული.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მკვლევრებმა 8 საათზე მეტი ძილისა და დაბალი ფიზიკური აქტივობის კომბინაციისას ნახეს. ამავდროულად, საშუალო ფიზიკური აქტივობა თითქოს ნაწილობრივ ამცირებდა ხანმოკლე ძილთან დაკავშირებულ განსხვავებას, თუმცა ეს კონკრეტული შედეგი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო.
თუმცა სურათი ასეთი მარტივი არ არის.
კვლევა დაკვირვებითია. ძილის ხანგრძლივობაც და ფიზიკური აქტივობაც თვითშეფასებას ეფუძნებოდა, ამიტომ შედეგებით ვერ ვიტყვით, რომ 8 საათზე მეტი ძილი თავისთავად აუარესებს კოგნიტიურ ფუნქციას, ან რომ აქტივობის ძალიან მაღალი დონე ამის მიზეზია. შესაძლოა კავშირი საპირისპირო მიმართულებითაც მოქმედებდეს – მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები ერთდროულად ზრდიდეს ძილის ხანგრძლივობას და უკავშირდებოდეს კოგნიტიური ფუნქციის გაუარესებას.
ამ სიფრთხილეს სხვა კვლევებიც ამყარებს. 2025 წელს გამოქვეყნებულმა მენდელური რანდომიზაციის კვლევამ ხანმოკლე ძილი უარეს კოგნიტურ შედეგებთან მიზეზშედეგობრივად დააკავშირა, მაგრამ ხანგრძლივი ძილისა და კოგნიტიური დაქვეითების მიზეზშედეგობრივი კავშირის დამადასტურებელი ძლიერი მტკიცებულება ვერ მიიღო. ავტორების შეფასებით, ამ საკითხზე დამატებითი კვლევაა საჭირო.
ფიზიკური აქტივობის შემთხვევაშიც სურათი უფრო რთულია, ვიდრე “საშუალო უკეთესია, ბევრი უარესია“. 2024 წლის სისტემურმა მიმოხილვამ და მეტა-ანალიზმა, რომელმაც 104 კვლევა და 341 471 მონაწილე მოიცვა, ფიზიკურ აქტივობას უკეთეს კოგნიტურ შედეგებთან მხოლოდ ძალიან მცირე კავშირი დაუდგინა და მკაფიო დოზა-პასუხის დამოკიდებულება ვერ აღმოაჩინა. ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ მაღალი ხარისხის გრძელვადიანი კვლევები ჯერ კიდევ ცოტაა.
უფრო ძველი, თითქმის 396 ათასი ადამიანის გენეტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევაც მიუთითებდა, რომ ძილის ხანგრძლივობასა და კოგნიტიურ ფუნქციას შორის კავშირი შეიძლება არაწრფივი იყოს, თუმცა ავტორებმა კოგნიტური დაქვეითების, დემენციის ან ალცჰაიმერის დაავადების რისკზე მკაფიო მიზეზობრივი ეფექტი ვერ დაადასტურეს.
ამიტომ ახალი კვლევის მთავარი გზავნილი უფრო ფრთხილად უნდა წავიკითხოთ: ძილი და ფიზიკური აქტივობა კოგნიტიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფაქტორებია, მაგრამ ამ მონაცემებით ვერ განვსაზღვრავთ ყველასთვის ერთ ოპტიმალურ საათობრივ ან ფიზიკური აქტივობის ზღვარს. განსაკუთრებით 8 საათზე მეტი ძილის შემთხვევაში ჯერ გაურკვეველია, თავად ხანგრძლივი ძილია რისკის მიზეზი თუ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის მაჩვენებელი.




