დოქტორი სილვიუ დომენტე პროფესიით ექიმია. მას ლონდონის უნივერსიტეტის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული.
კარიერის დასაწყისში იგი გადაუდებელი დახმარების ქირურგად მუშაობდა, მოგვიანებით კი მოლდოვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. დოქტორი დომენტე გაეროს გუნდს 2004 წელს შეუერთდა – მოლდოვის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფისში აივ-ინფექციის საკითხებზე მუშაობდა და რისკის ჯგუფში მყოფ ახალგაზრდებში პრევენციულ ღონისძიებებს კოორდინირებდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) მისი საქმიანობა 2008 წლიდან იწყება: თავდაპირველად მოლდოვის რესპუბლიკის წარმომადგენლობაში კატასტროფებისადმი მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებში ტექნიკური ოფიცერი იყო, შემდგომ კი მუშაობა იმავე ოფისში ჯანდაცვის სისტემების ოფიცრად განაგრძო.
2013 წლიდან დოქტორი დომენტე WHO საბერძნეთის (ათენი) გუნდს შეუერთდა, თავდაპირველად ჯანდაცვის სისტემების ანალიტიკოსის, ხოლო 2016 წლიდან ჯანდაცვის პოლიტიკის უფროსი მრჩევლისა და გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე. WHO მხარდაჭერის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ქვეყანაში დაწყებული პირველადი ჯანდაცვის ფართომასშტაბიანი რეფორმა და ადგილობრივი სამედიცინო პუნქტების (TOMY) ქსელის შექმნა იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული გადაუდებელი მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების, ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების, ფინანსური დაცულობისა და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით. დოქტორმა დომენტემ დიდი წვლილი შეიტანა საბერძნეთში ჯანმოს წარმომადგენლობის გახსნასა და საწყის ეტაპზე მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფაში.
2019 წლის აპრილიდან დოქტორი სილვიუ დომენტე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ოფისის ხელმძღვანელია. ამ პერიოდში საქართველოში დაარსდა WHO თანამშრომლობის ცენტრი ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხებში, ქვეყანამ კი მალარიისგან თავისუფალი სტატუსის სერტიფიკატი მიიღო. დოქტორ დომენტეს ხელმძღვანელობით ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა ჯანდაცვის ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმა: საავადმყოფოებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემა და ესენციურ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება, რამაც მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გააუმჯობესა. 2025 წლის დასაწყისში დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არაგადამდებ დაავადებებთან და რისკფაქტორებთან ბრძოლის, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელემედიცინის მიმართულებით.
სილვიუ დომენტეს უფლებამოსილების ვადა საქართველოში WHO-ს წარმომადგენლისა და ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2026 წლის აგვისტოში სრულდება. ამ ინტერვიუთი შევეცადეთ ის მნიშვნელოვანი პერიოდები და საკითხები გაგვეხსენებინა და შეგვეჯამებინა, რომლებიც ბატონი დომენტეს საქართველოში საქმიანობას უკავშირდება.
თქვენ შვიდ წელზე მეტი გაატარეთ საქართველოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე და ჯანდაცვის სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებების პერიოდში. წარსულის გადასახედიდან, რომელი მიღწევებით ამაყობთ ყველაზე მეტად და რა მომენტები დაგამახსოვრდათ ყველაზე მკაფიოდ ამ ქვეყანაში მუშაობისას?
ამ შვიდ წელიწადში არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორი, არამედ მთელი მსოფლიო დრამატულად შეიცვალა და აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 2019 წელს, ჩემი საქართველოში ჩამოსვლისას იყო.
ამ პერიოდში ჩვენ გავხდით მომსწრენი ამ საუკუნის უდიდესი პანდემიისა, რამდენიმე ისეთი ომისა და შეიარაღებული კონფლიქტისა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა და სერიოზული გავლენა მოახდინა მთელ რეგიონზე. ასევე, გამოვიარეთ უპრეცედენტო კრიზისი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ზოგადად გაეროში, რასაც დაფინანსებისა და შტატების მნიშვნელოვანი შემცირება მოჰყვა.
მართალია, პანდემია დიდი ხანია დასრულდა და ბევრს უკვე მიავიწყდა კიდეც, ჩემს მეხსიერებაში ეს მოგონებები ისევ ისე ცხადია, რადგან ვირუსის გავრცელება საქართველოში ჩემი მუშაობის პირველსავე წელს დაიწყო და უამრავ გაურკვევლობასთან იყო დაკავშირებული.
პანდემიის პირველ ეტაპზე ქვეყნის საპასუხო რეაგირება, რომელსაც ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ, სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის.
ჩვენ, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვამაყობთ რომ ამ პროცესის ნაწილი ვიყავით და ჩვენი წვლილი შევიტანეთ უახლესი მტკიცებულებების მიწოდებაში, ტექნიკურ მხარდაჭერასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობის უზრუნველყოფაში. ეს იყო განსაკუთრებით ნაყოფიერი თანამშრომლობის პერიოდი სახელმწიფო უწყებებს, დონორებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, თემსა და რელიგიურ ლიდერებს, ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს შორის.
პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის ძლიერი, მდგრადი ჯანდაცვის სისტემების არსებობა და ბიძგი მისცა ჯანდაცვის სექტორის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას მთელ მსოფლიოში. სწორედ პანდემიის დროს შეიმუშავა საქართველომ ძალიან მყარი ეროვნული ჯანდაცვის სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. პანდემიამ ასევე სტიმული მისცა ტელემედიცინის სერვისების განვითარებას, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და თემზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების გაძლიერებას, საავადმყოფოებისა და რეანიმაციული მოვლის გაუმჯობესებას და აამაღლა ცნობიერება ჯანდაცვის პერსონალის უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ. ეს ყველაფერი აისახა კიდეც შემდგომ პერიოდში ინიცირებულ ფართომასშტაბიან რეფორმებში.
სანამ უშუალოდ ჯანდაცვის რეფორმებზე ვისაუბრებდეთ, მსურს გამოვყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული კიდევ სამი დასამახსოვრებელი წარმატება:
პირველი, ეს არის 2022 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) აღიარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობის ცენტრად ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის დარგში. ამ ნაბიჯით საქართველო გახდა იმ საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს ორგანიზაციის ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.
მეორე, 2025 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის მალარიის ელიმინაციის სერტიფიკატის გადაცემა, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველა ჩართული სპეციალისტის დაუღალავი შრომის აღიარება და უმნიშვნელოვანესი ეტაპია მალარიის აღმოფხვრის საქმეში როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.
და მესამე, თამბაქოს კონტროლის თანამედროვე და ყოვლისმომცველი კანონმდებლობის წარმატებული განხორციელება (რომელიც 2017 წელს იქნა მიღებული). ამან ხელი შეუწყო მოსახლეობაში მწეველთა რაოდენობის საგრძნობ შემცირებას – 2016 წლის მონაცემებით არსებული დაახლოებით ერთი მესამედიდან 2025 წლისთვის დაახლოებით ერთ მეოთხედამდე, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
თქვენი ხელმძღვანელობით საქართველომ წინ წაწია რამდენიმე უმსხვილესი ჯანდაცვის რეფორმა, მათ შორის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსების სისტემა, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება და პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს მიღწევები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მომავლისთვის?
ეს რეფორმები მართლაც უმნიშვნელოვანესია და მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა სფეროს მოიცავს, ყველა მათგანი ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის მთავარ მიზნებს: გააუმჯობესოს თანაბარი ხელმისაწვდომობა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე და გახადოს ის ადამიანზე ორიენტირებული; გაზარდოს ფინანსური დაცულობა, რათა სამედიცინო მომსახურების მიღებისას მოქალაქეები არ გაღარიბდნენ; და აამაღლოს მომსახურების ხარისხი. ეს არის ის, რის მიღწევასაც მსოფლიოში ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემა ისწრაფვის.
ყველაზე გამორჩეული პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) რეფორმაა, რადგან ის საუკეთესო ინვესტიციაა მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებების დაახლოებით 80%-ის დასაკმაყოფილებლად. ეს რეფორმა საფუძვლიანად მომზადდა და ყოვლისმომცველია, თუმცა მის სრულყოფილად განხორციელებას დრო დასჭირდება. ის ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის დონეზე მოსახლეობისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტის გადახედვას, დიაგნოსტიკასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსების ახალი სისტემის დანერგვას, პირველადი ჯანდაცვის კადრების განვითარების გეგმის შემუშავებას, მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად საქმიანობის მონიტორინგის სისტემის შექმნას და ა.შ. წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ასევე შეამცირებს ქალაქსა და სოფლად მომსახურების მოცულობასა და ხარისხს შორის არსებულ უთანასწორობას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დანარჩენი ორი რეფორმაც. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში მათი განხორციელების ტემპმა. ჩვენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დროული მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ამ პროცესს, თუმცა გადამწყვეტი როლი მაინც პოლიტიკურმა ნებამ ითამაშა. ეს ნება ძალიან ძლიერი იყო, რადგან, სხვა მიზნებთან ერთად, ეს ორი რეფორმა ეხებოდა მოსახლეობისთვის მტკივნეულ საკითხს – ჯანდაცვის მომსახურებაზე ჯიბიდან გადახდებს. საქართველოში ეს ხარჯები კვლავაც ძალიან მაღალია. 2023 წელს მედიკამენტებზე მოდიოდა კერძო ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით 60%, ხოლო სტაციონარულ მკურნალობაზე – 11%.
მსურს აღვნიშნო ბოლო წლების კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, როგორიცაა ტელემედიცინის სერვისების განვითარება მაღალმთიან და შორეულ სოფლებში ქრონიკული დაავადებების მართვისთვის, ასევე რეაბილიტაციისა და დამხმარე ტექნოლოგიების სერვისების ტრანსფორმაცია მათი დეცენტრალიზაციისა და პირველადი ჯანდაცვის/თემის დონეზე ინტეგრაციის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივებს ზემოხსენებული რეფორმების მასშტაბისთვის არ მიუღწევია, ისინი უაღრესად მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შორეულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების, შშმ პირებისა და ხანდაზმულების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ჯანდაცვის რეფორმები, საბოლოო ჯამში, ადამიანებს – პაციენტებს, სამედიცინო პერსონალსა და თემებს ეხება. რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება საქართველოს ჯანდაცვის პროფესიონალებსა და პარტნიორებთან მუშაობისას და რა ძლიერი მხარეები დაეხმარება ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის შემდგომ გაუმჯობესებაში?
მართლაც, ყველა რეფორმა ადამიანებს ეხება და ყველა რეფორმა ადამიანებთან ერთად ხორციელდება. საქართველოში ჩემი ყოფნის პირველივე დღეებიდან შევამჩნიე კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე ყველა რგოლში. აქ ბევრია ისეთი სპეციალისტი, რომელსაც აქვს საფუძვლიანი განათლება, მიღებული აქვს აკადემიური ხარისხი და სპეციალიზაცია (მათ შორის საზღვარგარეთ), თავისუფლად ფლობს უცხო ენებს, რეგულარულად ეცნობა უახლეს მიღწევებსა და ინოვაციებს, ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ა.შ.
ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტებისთვის ყოველთვის ადვილი იყო ქართველ პარტნიორებთან მუშაობა, სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმება და დაწყებული რეფორმების პროგრესის მონიტორინგი. გამოწვევას მხოლოდ ის წარმოადგენდა, რომ საქართველოში ჩამოგვეყვანა უმაღლესი დონის ექსპერტები, რომელთაგან ადგილობრივ სპეციალისტებს კიდევ შეეძლებოდათ რამის სწავლა და შთაგონების მიღება. მეორეს მხრივ, თავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ფართოდ იყენებს ქართულ გამოცდილებას რეგიონის სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად.
ზემოთ უკვე ვახსენე ჰეპატიტების ელიმინაციის დარგში ჩვენი თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც სასწავლო პლატფორმაა მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, ქართველი ექსპერტები საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ სხვა ქვეყნებს თამბაქოს კონტროლის, აივ თუ ტუბერკულოზის კონტროლის, ჯანდაცვის დაფინანსების, პირველადი ჯანდაცვის, კადრების განვითარებისა და სხვა მიმართულებებით.
ყველაზე შთამბეჭდავი კი სამედიცინო პერსონალის თავდადებაა. მართალია, ბევრი მედიკოსი ტოვებს ქვეყანას უკეთესი სამუშაო პირობებისა და შემოსავლის ძიებაში, მაგრამ ჩვენ შევხვდით ბევრ ისეთ პროფესიონალსაც, რომელმაც საქართველოში დარჩენა ამჯობინა, ან ვინც რამდენიმეწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. საოცარია, როგორ ერთიანდება საზღვარგარეთ არსებული ქართული სამედიცინო დიასპორა აქაური ჯანდაცვის სექტორის მხარდასაჭერად – ამ მიმართულებით უამრავი ინიციატივა არსებობს, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური დიდი კონფერენციები, სასწავლო პროგრამები, ონლაინ პლატფორმების შექმნა და სხვა.
ქართული საზოგადოება ძალიან აფასებს ჯანმრთელობასა და სამედიცინო მომსახურებას. თუ ეწვევით რომელიმე შორეულ სოფელს და მოსახლეობას ჰკითხავთ ძირითადი საჭიროებებისა თუ პრიორიტეტების შესახებ, პასუხების 70% ჯანმრთელობასთან დაკავშირებული იქნება. ჩვენ ვხვდებით ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც მზად არიან 24 საათის განმავლობაში მოემსახურონ პაციენტებს და საკუთარი ტრანსპორტითაც კი მიდიან მათთან, ვისაც დახმარება სჭირდება. ვიცნობთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ლიდერებს, მათ შორის სასულიერო პირებს, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ ჯანდაცვის საკითხების პოპულარიზაციაში. ასევე ბევრია ძალიან აქტიური ახალგაზრდა, რომლებიც კარდაკარ კამპანიებში ერთვებიან, რათა თავიანთ თემში ახალი სამედიცინო სერვისების შესახებ გაავრცელონ ინფორმაცია და გაზარდონ მოთხოვნა.
ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჯანდაცვის სექტორში კარგი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს დატოვებისას, რას ეტყოდით ჯანდაცვის ლიდერების მომავალ თაობას, პოლიტიკის შემქმნელებსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლეგებს, რომლებიც გააგრძელებენ ამ საქმიანობას? თქვენი აზრით, რომელი პრიორიტეტები უნდა დარჩეს საქართველოს ჯანდაცვის დღის წესრიგის ცენტრში?
ჯანდაცვის დღის წესრიგის წინ წასაწევად მყარი საფუძველი უკვე ჩაყრილია. მნიშვნელოვანია ყველა რეფორმისა და ინიციატივის ტემპისა და თანმიმდევრულობის შენარჩუნება. მაგალითად:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საქართველო ძალიან ახლოსაა C ჰეპატიტისა და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის აღმოფხვრასთან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ პროცესის ვერიფიკაცია უკვე დაწყებულია და შესაძლოა 2027 წელს დასრულდეს.
- თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ვხედავთ რომ ეს ზომები ეფექტურია. ასევე, დაუყოვნებლივ უნდა ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია მოზარდების მიერ ელექტრონული სიგარეტების მოხმარების ზრდასთან.
- არსებობს უზარმაზარი პოტენციალი არაგადამდები დაავადებების სხვა ძირითად რისკფაქტორებთან საბრძოლველად, რასაც შეუძლია სწრაფი და ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს მოიცავს ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას, მარილის მოხმარების შემცირების პოლიტიკის გატარებას, შაქრიანი და უშაქრო ტკბილი სასმელების დაბეგვრას, ინდუსტრიულად წარმოებული ტრანსცხიმების აღმოფხვრას, ბავშვებისთვის არაჯანსაღი საკვები პროდუქტების რეკლამირების აკრძალვას, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას და ა.შ.
მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმა უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს 2028 წლისთვის. სამედიცინო მომსახურების ხარისხი და პაციენტის უსაფრთხოება ამჟამად დღის წესრიგის სათავეშია და ამ საკითხის მოგვარება მოუწევთ როგორც პირველადი ჯანდაცვის, ისე სპეციალიზებული მომსახურების დონეზე. ეს უნდა მოხდეს საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების, მკურნალობის სტანდარტების, კლინიკური აუდიტის დანერგვით, ასევე სამედიცინო განათლებაში (მათ შორის უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში) ინვესტირებით, კადრების დაგეგმვითა და შენარჩუნებით.
საქართველომ ასევე უნდა ისარგებლოს თანამედროვე მედიკამენტებითა და ახალი ტექნოლოგიებით, მათ შორის ციფრული ჯანდაცვითა და ხელოვნური ინტელექტით. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ ჯანდაცვის ტექნოლოგიების შეფასების ეროვნული შესაძლებლობების პარალელური განვითარებით, რაც საფუძვლად დაედება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას.
განსაკუთრებით გამოვყოფდი ონკოლოგიურ მოვლას, რადგან ბოლოდროინდელი გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობის შედეგები უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში და ბევრი პაციენტი მკურნალობას საზღვარგარეთ ამჯობინებს. სიტუაციის საგრძნობლად გაუმჯობესება შესაძლებელია ბაზარზე ყველაზე ეფექტური ონკოლოგიური მედიკამენტების ხელმისაწვდომობითა და პაციენტებისთვის მათი ფასის შემცირებით, მკურნალობის პროტოკოლების განახლებით მკურნალობის მულტიდისციპლინური გუნდების მიერ მიწოდებით, დიაგნოსტიკურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებითა და მკურნალობის დროული დაწყებით.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ კიბოს შემთხვევების დაახლოებით 40%-ის პრევენცია შესაძლებელია ზემოაღნიშნული ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკფაქტორების აღმოფხვრით, ვაქცინაციით (HPV), ასევე კიბოსწინარე მდგომარეობის დროული გამოვლენითა და მკურნალობით.
და ბოლოს, საქართველოში სახეზეა ეკონომიკური ზრდა და ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური ზრდა და ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია. ჯანსაღი მოსახლეობის გარეშე მდგრადი ეკონომიკური ზრდა შეუძლებელია. და პირიქით, ჩვენ ველით, რომ ეს ეკონომიკური ზრდა აისახება ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდაში, სამედიცინო პერსონალის უფრო მაღალ ხელფასებში, ყველასთვის უფრო ხელმისაწვდომ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაში.
ქართველ კოლეგებთან და საზოგადოებასთან ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოში და რას წაიღებთ თან ამ გამოცდილებიდან?
რაც ყველაზე მეტად მომენატრება საქართველოში, უდავოდ, ადამიანებია. შვიდი წლის განმავლობაში აქ ჩამოყალიბებული მრავალი პროფესიული ურთიერთობა გულწრფელ მეგობრობაში გადაიზარდა, რასაც უზომოდ ვაფასებ. ხოლო რაც შეეხება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის გუნდს, აქ თავს მართლაც ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში.
მომენატრება ქართველი ხალხის სითბო, გულღიაობა, გულუხვობა, სტუმართმოყვარეობა და იუმორი.
ასევე მომენატრება თავად ქვეყანა და მისი ბუნება. შვიდ წელიწადში მოვახერხე საქართველოს ყველა კუთხის მონახულება და ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა საოცარმა მრავალფეროვნებამ, მთებიდან დაწყებული შავი ზღვით დამთავრებული, მისი ტრადიციებით, სამზარეულოთი, მუსიკითა და თვითმყოფადობის ძლიერი განცდით, რაც ქართული კულტურის ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისი კი აბსოლუტურად უნიკალური ქალაქია – ძველიც და თანამედროვეც, მრავალფეროვანი, სიცოცხლით სავსე, დინამიური და დაუვიწყარი.
თან მიმაქვს უნიკალური პროფესიული გამოცდილება, უამრავი მოგონება, ემოცია და მეგობრობა. საქართველოს დიდი მადლიერებითა და სიყვარულით ვტოვებ. ეს ქვეყანა ჩემი პირადი და პროფესიული ცხოვრებისეული გზის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაცია“ და „ჯანმრთელობის დღიურების“ გუნდი მადლობას უხდის დოქტორ სილვიუ დომენტეს – საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის
