აშშ-ში პესტიციდების მწარმოებელმა უმსხვილესმა აგროქიმიურმა კომპანიებმა ბოლო თვეებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამართლებრივი და რეგულატორული გამარჯვება მოიპოვეს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვას ან სრულ აკრძალვას.
გერმანულმა ქიმიურმა და ფარმაცევტულმა გიგანტმა Bayer-მა, რომელმაც 2018 წელს ამერიკული კომპანია Monsanto შეიძინა, სამართლებრივი წარმატება მოიპოვა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ ხმების უმრავლესობით (7-2) დაადგინა, რომ მოსარჩლეებს არ აქვთ უფლება უჩივლონ კომპანიას შტატის კანონების დარღვევისთვის იმ მიზეზით, რომ პროდუქტის ეტიკეტზე არ იყო მითითებული კიბოს განვითარების რისკი.
ეს გადაწყვეტილება ზღუდავს ათასობით მიმდინარე სასამართლო დავას, სადაც მომხმარებლები კომპანიას სარეველების საწინააღმდეგო ჰერბიციდ Roundup-ის აქტიური ნივთიერების, გლიფოსატის, კანცეროგენულობაში ადანაშაულებდნენ. სასამართლო გადაწყვეტილების ფონზე, Bayer-ის აქციების ფასმა ბოლო 23 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა. ამჟამად კომპანია ცდილობს ფედერალური მოსამართლის წინაშე სამართლებრივად გააუქმოს დაახლოებით 4000 კონსოლიდირებული სარჩელი, რათა თავიდან აიცილოს ფინანსური ტვირთი, რომელმაც შესაძლოა ჰერბიციდის წარმოების სრული შეჩერება გამოიწვიოს.
გარემოსდაცვითი ჯგუფების კრიტიკის საგანს წარმოადგენს კიდევ ერთი ჰერბიციდი – დიკამბა (მწარმოებლები Bayer და Syngenta), რომელსაც ფერმერები გენმოდიფიცირებულ სოიოსა და ბამბის ნათესებში იყენებენ. პრეპარატის მთავარი ნაკლი ქარის მიერ მისი ნაწილაკების მეზობელ ნაკვეთებზე გადატანა და სხვა კულტურების დაზიანებაა.
ამ მიზეზით, 2024 წელს სასამართლომ გააუქმა პრეპარატის რეგისტრაცია, რის გამოც ფერმერებმა 2025 წელს მისი გამოყენება ვერ შეძლეს. თუმცა, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) დიკამბას შემცველი პროდუქტების გამოყენება მომდევნო ორი სავეგეტაციო სეზონისთვის კვლავ დაამტკიცა. სააგენტოს განმარტებით, ნებართვა დროებითია და მასზე დაწესდა მკაცრი შეზღუდვები, როგორიცაა გამოყენების მაქსიმალური ნორმების შემცირება და ცხელ ამინდში შესხურების აკრძალვა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრში” (Center for Biological Diversity) მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ზომები არაეფექტური და რთულად აღსასრულებელი იქნება.
გერმანული კომპანია Syngenta-ს მიერ წარმოებული ჰერბიციდი ატრაზინი ძირითადად სიმინდისა და შაქრის ლერწმის ნათესებში გამოიყენება. ზოგიერთი სამეცნიერო კვლევა ატრაზინის მოქმედებას უკავშირებს გარკვეული სახის ონკოლოგიური დაავადებებისა და ნაადრევი მშობიარობის რისკების მატებას. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) აღნიშნული ნივთიერება ადამიანისთვის “სავარაუდო კანცეროგენად“ დაახასიათა.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების დაცვის სამსახურის (FWS) ახალ ბიოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ ატრაზინის გამოყენება საფრთხეს არ უქმნის შესწავლილი დაცული სახეობების გადაშენებას. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება სააგენტოს წინა შეფასებისგან, რომლის მიხედვითაც ქიმიკატს უარყოფითი გავლენა უნდა მოეხდინა 1000-ზე მეტ დაცულ სახეობაზე. გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უწყებები გადაწყვეტილებების მიღებისას მეცნიერული დასკვნების ნაცვლად მსხვილი აგროქიმიური ინდუსტრიის ინტერესებით ხელმძღვანელობენ.
წყარო: Reuters / The Lancet / IARC




