ორი ახალი კვლევა აფრთხილებს მოსახლეობას საფრანგეთში სითბური ტალღების გავლენის შესახებ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი რისკების ზრდაზე არასათანადოდ ადაპტირებულ საცხოვრებლებში და სოციალურად ყველაზე დაუცველ რეგიონებში.
სანამ ევროპა ივნისის რეკორდული სითბური ტალღისთვის ემზადება, სადაც ტემპერატურამ ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა 40°C-ს მიაღწიოს, ორმა კვლევამ, რომელთა შესახებაც ტელეკომპანია “France Info” იტყობინება, საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის ჯანმრთელობაზე გავლენის შედეგები გამოააშკარავა.
ორგანიზაცია “Oxfam”-ის კვლევის მიხედვით, რომელიც კლიმატის ცვლილების ჯანმრთელობაზე გავლენას სწავლობს, მიიჩნევა, რომ ქვეყანაში სიცხე ყოველწლიურად დაახლოებით 5 400 ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. არასამთავრობო ორგანიზაცია აფრთხილებს საზოგადოებას, რომ სახეზეა რეალური „საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა“, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ არ ექცევა სათანადო ყურადღება.
ხაზგასმით აღინიშნება, რომ სიცხის ეფექტი ბევრად სცილდება უფროსი ასაკის პირებში დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) რისკებს. “Oxfam” მიუთითებს, რომ სითბური ტალღების დროს გულის შეტევით (ინფარქტით) სიკვდილის რისკი 7%-ით იზრდება, ამასთან, ყველაზე ცხელ დღეებში ქალებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორჯერ მაღალია. როდესაც ეს ეპიზოდები ერთ კვირაზე მეტხანს გრძელდება, თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი 70%-ით იმატებს.
“Oxfam” ასევე აჩვენებს, რომ გლობალური დათბობა ამწვავებს სოციალურ უთანასწორობას. ყველაზე ღარიბი რაიონები, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მძიმე დარტყმას იღებენ; 2025 წლის ზაფხულში ჭარბი სიკვდილიანობა ამ უბნებში 31%-ით მაღალი იყო, ვიდრე ყველაზე მდიდარ დასახლებებში. ამის საპირისპიროდ, ყველაზე მდიდარი ურბანული უბნების მცხოვრებლები (ზედა 20%) 10-ჯერ ნაკლებად არიან ექსპონირებულნი (დაქვემდებარებულნი) ექსტრემალური სიცხისგან მომდინარე რისკებზე.
საბინაო ფონდი (The Housing Foundation) ანალოგიურ დასკვნამდე მიდის თავის კვლევაში, რომელიც ზაფხულის ენერგეტიკულ სიღარიბეს ეხება. ანგარიში აჩვენებს, რომ საფრანგეთის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი (66%) აცხადებს, რომ საკუთარ სახლში სიცხეს ებრძვის, ხოლო საცხოვრებლების 40%-ს არ გააჩნია ჟალუზები ან დარაბები, რაც აუცილებელია შენობების გადახურების თავიდან ასაცილებლად. ეს პრობლემა ყველაზე მეტად მუშათა კლასის უბნებს ეხება.
ამ უბნებში მცხოვრებლები ხშირად იმყოფებიან რამდენიმე ისეთი ფაქტორის გავლენის ქვეშ, რომლებიც ზრდის მათ მოწყვლადობას. ისინი ცხოვრობენ მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ გარემოში, სადაც გამოყენებულია “სითბოს აკუმულირების ხელშემწყობი სამშენებლო მასალები“, შეინიშნება “მწვანე სივრცეების ნაკლებობა“ და თავად საცხოვრებლები აღწერილია, როგორც „ჩაიდანები“ (გადახურების გამო). გარდა ამისა, ამ უბნების მცხოვრებლები საშუალოდ „უფრო სუსტი ჯანმრთელობის“ მქონენი არიან და აქვთ ისეთი “სამუშაოები, რომლებიც მეტად არის დაკავშირებული სიცხეში ყოფნასთან“.
ხელისუფლებისადმი მოწოდება მოსახლეობის უკეთ დასაცავად ამ მიგნებების გათვალისწინებით, ორივე ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დააჩქაროს საცხოვრებელი სახლების ენერგოეფექტური რენოვაცია. საბინაო ფონდი ითხოვს, რომ პარლამენტის დღის წესრიგში დაუყოვნებლივ დადგეს კანონპროექტი “ნულოვანი ჩაიდანი სახლი“ (Zero kettle homes), რომელსაც მხარს 150-ზე მეტი დეპუტატი უჭერს, და გამოდის ინიციატივით, 2040 წლისთვის ამოქმედდეს ჟალუზებისა და ვენტილატორების დამონტაჟების ეროვნული პროგრამა.
ორგანიზაცია ასევე მოითხოვს “მწვანე ფონდის“ (Green Fund) გაზრდას, რომელიც საჯარო სივრცეების კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას ხმარდება, და საგანგებო გეგმების შექმნას უკიდურესი სიცხის პერიოდისთვის (მსგავსად ზამთრის კრიზისული გეგმებისა), რათა უკეთ იქნან დაცული ყველაზე მოწყვლადი პირები, განსაკუთრებით კი უსახლკაროები.




