გაეროს შიდსის პროგრამამ (UNAIDS) დაადასტურა ორი ახალი შეთანხმების გაფორმება, რომელიც აივ-ინფექციის პრევენციის უახლეს მედიკამენტს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომს გახდის. ეს ნაბიჯი ისტორიულია, რადგან პრეპარატის ფასი ერთ ადამიანზე წელიწადში 28,000 აშშ დოლარიდან 40 დოლარამდე შემცირდება.
მედიკამენტი, სახელწოდებით ლენაკაპავირი, იგივე Yeztugo, ხოლო ევროპაში Yeytuo, რომელსაც ამერიკული კომპანია “Gilead” აწარმოებს, წარმოადგენს რევოლუციურ, ხანგრძლივი მოქმედების ინექციას, რომელიც აიიეზტუგოვ-ინფექციის თავიდან ასაცილებლად წელიწადში მხოლოდ ორჯერ კეთდება. კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც ჟურნალ “New England Journal of Medicine”-ში გამოქვეყნდა, მისი თითქმის 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.
ახალი ეტაპი აივ-პრევენციაში: წელიწადში ორი ინექცია ინფექციისგან თითქმის სრულ დაცვას უზრუნველყოფს
ეს შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს გამოცხადდა, რადგან UNAIDS-ის მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა აივ-ით, რაც ბევრად აღემატება 2025 წლისთვის დასახულ 370,000-იან მიზანს.
“ეს გარდამტეხი მომენტია. ფასი 40 დოლარი წელიწადში არის ნახტომი, რომელიც დაგვეხმარება, ხანგრძლივი მოქმედების აივ-მედიკამენტების რევოლუციური პოტენციალი გავხსნათ”, – განაცხადა UNAIDS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვინი ბიანიიმამ.
შეთანხმებები, რომლებიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდა, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია. ორგანიზაციები UNITAID, კლინტონის ჯანმრთელობაზე წვდომის ინიციატივა (CHAI) და Wits RHI, ინდურ ჯენერიკების მწარმოებელ “Dr. Reddy’s Laboratories”-ს დაეხმარებიან, რომ პრეპარატის წლიური ღირებულება 40 დოლარი გახდეს. პარალელურად, გეითსის ფონდი მხარს დაუჭერს სხვა ინდურ მწარმოებელს, “Hetero Drugs”-ს, რათა იგივე ფასი იყოს უზრუნველყოფილი.
UNAIDS-ის შეფასებით, თუ ეს მედიკამენტი 20 მილიონამდე ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლისთვის (მათ შორის კაცები, რომლებსაც სექსი აქვთ კაცებთან, სექს-მუშაკები, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და ახალგაზრდა ქალები სუბსაჰარულ აფრიკაში) გახდება ხელმისაწვდომი, შესაძლებელია ახალი ინფექციების დრამატული შემცირება და 2030 წლისთვის შიდსის ეპიდემიის დასრულებისკენ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.
აქამდე CVS Health-ი (CVS.N), რომელიც აშშ-ის უმსხვილეს სააფთიაქო ბენეფიტების მენეჯერს (PBM) მართავს, უარს ამბობდა Gilead Sciences-ის (GILD.O) აივ-პრევენციის ახალი მედიკამენტის კომერციული სადაზღვევო გეგმებით დაფარვაზე.
აგვისტოს ბოლოს მედიკამენტი ევროკომისიამაც დაამტკიცა.
ასევე დაგაინტერესებთ:




