აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა პრეპარატი, რომელიც აივ-ინფექციის პრევენციისთვის წელიწადში მხოლოდ ორჯერ კეთდება. ეს გახლავთ ლენაკაპავირი (lenacapavir), რომელიც აქამდე აივის სამკურნალოდ გამოიყენებოდა და ახლა პრევენციისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება, რაც აივ-თან ბრძოლაში ახალ, რევოლუციურ შესაძლებლობას ქმნის.
ოთხშაბათს, მედიკამენტის მწარმოებელმა კომპანია Gilead Sciences-მა გამოაცხადა, რომ აშშ-ში აივ-ის პრევენციისთვის ლენაკაპავირის ექვს თვეში ერთხელ გასაკეთებელი ინექცია, სავაჭრო დასახელებით “იეზტუგო” (Yeztugo), ოფიციალურად დამტკიცდა.
რა არის PrEP და როგორ მუშაობს ახალი მედიკამენტი?
პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PrEP) არის მედიკამენტური მეთოდი, რომელსაც აივ-უარყოფითი ადამიანები იღებენ ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკის შესამცირებლად. აქამდე არსებული PrEP თერაპია მოიცავდა:
- ყოველდღიურ აბებს, როგორიცაა “ტრუვადა” (Truvada).
- ორ თვეში ერთხელ გასაკეთებელ ინექციას, როგორიცაა “აპრეტიუდი” (Apretude) (ეს უკანასკნელი საქართველოში არაა ხელმისაწვდომი)
ლენაკაპავირი ამ არსენალს ახალ, უნიკალურ შესაძლებლობას მატებს — ის პირველი და ერთადერთი პრეპარატია, რომელიც აივ-ის პრევენციისთვის წელიწადში მხოლოდ ორჯერად ინექციას საჭიროებს.
“იეზტუგო შეიძლება იქცეს გარდამტეხ PrEP საშუალებად, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. ის გაზრდის PrEP-ის გამოყენების მსურველთა რაოდენობას და დაგვეხმარება აივ-ის ეპიდემიის დასრულების მისიაში,” — განაცხადა დოქტორმა კარლოს დელ რიომ, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების პროფესორმა. “წელიწადში ორი ინექცია გადაჭრის ისეთ მნიშვნელოვან ბარიერებს, როგორიცაა მკურნალობის რეჟიმის დაცვა და სტიგმა, რომელსაც პაციენტები, განსაკუთრებით კი ყოველდღიური აბების მომხმარებლები, აწყდებიან.”
როგორც Gilead Sciences-ის კლინიკური განვითარების ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ჯარედ ბეიტენი განმარტავს, ნებისმიერი PrEP მედიკამენტის მოქმედების პრინციპი ერთია: “როდესაც ეს წამალი თქვენს სისხლში ან სხეულშია, აივ-თან კონტაქტის შემთხვევაში, ის ბლოკავს ვირუსის ორგანიზმში დამკვიდრების / დარჩენის უნარს და აჩერებს ინფექციის განვითარებას.”
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), რომელიც ძირითადად დაუცველი სქესობრივი კავშირით ან ინფიცირებული ნემსის გაზიარებით ვრცელდება, აზიანებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. მკურნალობის გარეშე, ის იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსს). მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად ახალი ინფექციების რიცხვი შემცირდა, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს აივ-ით, რომელთაგან 14%-მა (დაახლ. 5.6 მლნ ადამიანმა), სავარაუდოდ, არც კი იცის, რომ ინფიცირებულია.
კვლევებით დადასტურებული თითქმის 100%-იანი ეფექტიანობა
კვლევამ, სახელწოდებით PURPOSE 2, აჩვენა, რომ ლენაკაპავირის წელიწადში ორი ინექცია აივ-ინფექციის რისკს 96%-ით ამცირებს. სხვა კვლევამ, PURPOSE 1, რომელიც ქალებში ჩატარდა, პრეპარატის 100%-იანი ეფექტიანობა დაადასტურა.
“ლენაკაპავირი უნიკალური არჩევანია, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია ფარულად, დისკრეტულად. ადამიანი იკეთებს ინექციას და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამაზე ფიქრი აღარ უწევს,” — ამბობს დოქტორი ბეიტენი.
სამწუხაროდ, აივ-თან დაკავშირებული სტიგმა, შიში და დეზინფორმაცია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. “მიუხედავად იმისა, რომ PrEP 2012 წლიდან არსებობს, ბევრმა დღემდე არ იცის, რა არის ეს და ხშირად მას პირდაპირ აივ-ინფექციასთან ან მოუწესრიგებელ სქესობრივ ცხოვრებასთან აიგივებს,” — ამბობს კვლევაში მონაწილე იანს ჰედოკი. “ლენაკაპავირი კი სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის.”
PURPOSE 2 კვლევის შედეგები იმდენად შთამბეჭდავი იყო (2,180 მონაწილიდან მხოლოდ 2 დაინფიცირდა), რომ ის ვადაზე ადრე შეწყდა და ყველა მონაწილეს შესთავაზეს ლენაკაპავირის მიღება. პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა ინექციის ადგილას განვითარებული რეაქციებია, როგორიცაა გამონაყარი ან დისკომფორტი.
ფასი და ხელმისაწვდომობა
Gilead Sciences-ის განცხადებით, პრეპარატი პაციენტებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ხელმისაწვდომი. პრევენციისთვის განკუთვნილი ლენაკაპავირის ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის განსხვავებული იქნება იმ ფასისგან, რომელიც მულტირეზისტენტული აივ-ის სამკურნალოდ არის დაწესებული (როდესაც სხვა მედიკამენტები უშედეგოა). სამკურნალო დოზის ფასი, დაზღვევის გარეშე, წელიწადში თითქმის $45,000-ს აღწევს. თუმცა, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატის მასობრივად წარმოება შესაძლებელია წელიწადში 100$-ზე ნაკლებ ფასად ერთ ადამიანზე.
ლენაკაპავირის დამტკიცება იმედს იძლევა, რომ მომავალ თაობებში შესაძლებელი გახდება აივ-ის ახალი შემთხვევების სრულად აღმოფხვრა. “ჩვენ ყველას გვსურს ამ ეპიდემიის დასრულება. მყარი პრევენცია, ტესტირებასა და მკურნალობასთან ერთად, ამის შესაძლებლობას გვაძლევს,” — აცხადებს დოქტორი ბეიტენი. “ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ სამყაროში აივ-ის გარეშე.”
შეგახსენებთ, რომ ეს არ გახლავთ ვაქცინა. სამწუხაროდ, აივ ინფექციის ვაქცინის შემუშავება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. თუ რატომ, ამაზე მალე მოგიყვებით.
მანამდე კი, საქართველოში მოქმედებს უფასო და კონფიდენციალური ორალური პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP-ის) პროგრამა. პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე: https://equality.ge/1104




