ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ორსულობის დროს პარაცეტამოლის გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულება “არათანმიმდევრული” რჩება. ამასთან, ორგანიზაციამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ვაქცინების სიცოცხლის გადამრჩენი მნიშვნელობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს.
ეს განცხადება მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ორშაბათს გაკეთებულ მტკიცებულებებს, რომლითაც მან აუტიზმი ბავშვთა ვაქცინაციასა და ორსულობის დროს ტაილენოლის (პარაცეტამოლის) მიღებას დაუკავშირა, რითაც აშშ-ის ჯანდაცვის პოლიტიკის წინა პლანზე წამოსწია მეცნიერულად დაუსაბუთებელი მოსაზრებები.
ტრამპი ორსულებს პარაცეტამოლის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს და მას აუტიზმს უკავშირებს
“მტკიცებულებები კვლავ არათანმიმდევრული რჩება”, – განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა, ტარიკ იაშარევიჩმა, ჟენევაში გამართულ პრეს-ბრიფინგზე, როდესაც მას პარაცეტამოლსა და აუტიზმს შორის შესაძლო კავშირზე ჰკითხეს.
მან ბევრად უფრო მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა ვაქცინებთან დაკავშირებით: “ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინები არ იწვევს აუტიზმს. ვაქცინები, როგორც ვთქვი, უამრავ სიცოცხლეს იხსნის. ეს მეცნიერებამ დაამტკიცა და ეს საკითხები ეჭვქვეშ ნამდვილად არ უნდა დადგეს”.
ჯანმო-ს ეს განცხადება უერთდება საერთაშორისო კრიტიკის ტალღას, რომელიც მოჰყვა თეთრი სახლის ანონსს. მანამდე, ტრამპის მტკიცებულებები უარყვეს ისეთმა წამყვანმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეგია (ACOG) და ევროპის წამლების სააგენტო (EMA). ამით, აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია სრულად გაემიჯნა როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ სამეცნიერო კონსენსუსს.




